დეზინფორმაცია: საფრანგეთსა და მონტენეგროში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

294
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 10-16 აპრილის ნომერში “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ს” დირექტორმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა, რადგან იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის მონტენეგროსა და საფრანგეთშიც, უკვე აკრძალულია.

ზვიად ტომარაძე, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI: „რა შუაშია რუსეთი?! რუსეთმა ახლა აკრძალა ეს იეღოველები, თუმცა მანამდე ეს სექტა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაშია აკრძალული! საფრანგეთმაც აკრძალა იეღოველთ სექტა და მოდი, მაშინ „ფრანგული გზით სიარული” დაგვაბრალონ! თუ საფრანგეთის ხელისუფლებაშიც „კრემლის აგენტები” სხედან?! იეღოველთ სექტა აკრძალულია ნატო-ში ახლახან მიღებულ მონტენეგროშიც…”

აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, რადგან როგორც საფრანგეთში, ასევე მონტენეგროში იეჰოვას მოწმეებისთვის ლიბერალური საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს.

1. საფრანგეთი სეკულარული და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ყველა სარწმუნოებას პატივს სცემს.

1958 წლის კონსტიტუციის პირველი მუხლის თანახმად, საფრანგეთი სეკულარული და დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას კანონის წინაშე, მიუხედავად წარმოშობისა, რასისა თუ რელიგიისა. ის პატივს სცემს ყველა სარწმუნოებას .

1905 წლის 9 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, საფრანგეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლებას. ამავე კანონის თანახმად, საკულტო ქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იკრძალება, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს.

1905 წლის 9 დეკემბრის კანონის მიღების შედეგად, საფრანგეთის რესპუბლიკა ყველა სარწმუნოების წინაშე ნეიტრალურია. ის არ განმარტავს არც ერთ კულტს რელიგიურ ჭრილში. ისინი დარეგისტრირებულნი არიან როგორც ასოციაციები და სრული იურიდული უფლებებით სარგებლობენ.

2. საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა ასოციაციის საქმიანობა აღიარა როგორც საჯარო საკულტო საქმიანობა.

საფრანგეთის რესპუბლიკა არ ცნობს კულტს , თუმცა ის იტოვებს უფლებას შეძლოს კულტის იდენტიფიცირება. საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ (Conseil d’État) დააწესა კრიტერიუმები მსგავსი ტიპის ასოციაციებისათვის: 1) მათ უნდა ჰქონდეთ საკულტო საგანი 2) უნდა ემსახურებოდნენ მხოლოდ საკულტო საქმიანობას 3) არ უნდა აყენებდნენ ზიანს სამოქალაქო წესრიგს.

1993 წლის 13 იანვარს საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა ასოციაციების საქმიანობა აღიარა როგორც საჯარო საკულტო საქმიანობა. 2000 წლის 23 ივნისს კი სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა ასოციაციები ქონების გადასახადისაგან გაათავისუფლა , ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ისინი ზიანს არ აყენებდნენ სამოქალაქო წესრიგს.

3. მონტენეგროში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ჯგუფი ოფიციალურად დარეგისტრირებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ ჯგუფს შორის თანასწორობას უზრუნველყოფს.

მონეტენგროში კანონი კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას და რელიგიურ საფუძველზე სიძულვილის ენის გაღვივებას.

კონსტიტუციის მიხედვით, რელიგიური რწმენის გამოხატვა შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების, მშვიდობიანი წესრიგის და კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების დასაცავად არის გარდაუვალი.

2015 წლის მდგომარეობით, მონტენეგროში 19 მოქმედი რელიგიური ჯგუფი არსებობს, მათ შორისაა იეჰოვას მოწმეთა ასოციაციაც. ყველა მათგანი, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, ოფიციალურად დარეგისტრირებულია.

PS: იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია ისეთი ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნებში როგორებიცაა: რუსეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი.

მსგავსი ტიპის განცხადება , თითქოს იეღოველების საქმიანობა საფრანგეთში აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის კორესპონდენტმა გიორგი ფოფხაძემ 2017 წლის მარტში გააკეთა.

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ს შესახებ: საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI საჯარო რეესტრში 2014 წლის 18 მარტს დემოგრაფიული განვითარების ფონდის სახელით დარეგისტრირდა, 2015 წლის ნოემბრიდან კი სახელწოდება შეიცვალა და საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ედ დარეგისტრირდა. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის არიან: ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა, TBC ბანკის აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელია პალიტრა ჰოლდინგის მეწილე და ტრიმედია ინტელიჯენსის დამფუძნებელი გიორგი თევდორაშვილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამჟამად არის ზვიად ტომარაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯუფის წევრი იყო და ხელმოწერების შეგროვებას უწევდა კოორდინირებას. ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა 2015 წელს პარლამენტში საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის მიერ მომზადებული 2 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა: ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების „სექსუალური ორიენტაცია” და „გენდერი” ამოღებას შეეხებოდა, მეორე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” დასჯადად გამოცხადებას.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მონტენეგრო, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist