ეკონომიკა

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით ზარალდება

30 სექტემბერი, 2019

2019 წლის 19 სექტემბერს „საქართველო და მსოფლიომ"-მ პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის“ ლიდერთან ლევან ჩაჩუასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც  ჩაჩუა აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად ევროპა ზარალდება. ჩაჩუას თქმით, სწორედ ამ ზიანის გამო ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა.

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა: „ევროპა მიხვდა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა არ უღირს რუსეთთან დაპირისპირებად, რადგან ამით მხოლოდ რუსეთი კი არ ზარალდება, თვითონაც არანაკლებ დიდ დარტყმას იღებს. განსაკუთრებით ეს ეხება ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია… აი, ზუსტად ამიტომ გააუქმეს ამასწინათ ყირიმის მოვლენების შემდეგ დაწესებული სანქციები და, ფაქტობრივად, დაივიწყეს ეს თემა. ახლა ჩნდება კითხვა: თუ დასავლეთმა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ყირიმის საკითხი დათმო, ცხინვალისა და სოხუმის დასაცავად წავა რამე კონფრონტაციაზე რუსეთთან? “

ლევან ჩაჩუას მტკიცება, თითქოს ევროპის ქვეყნები რუსეთისათვის დაწესებული სანქციებით ზარალდებიან და ამიტომ გააუქმეს  ისინი, სიმართლეს არ შეესაბამება. New Europe ცენტრის 2018 წლის კვლევის თანახმად, სანქციების დაწესების შემდეგ ევროკავშირის ექსპორტი რუსეთთან საშუალოდ მხოლოდ 2,3%-ით შემცირდა, ხოლო ევროპიდან მესამე ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი სამჯერ აღემატება რუსეთში ექპორტის შემცირების მაჩვენებელს. ამასთან, რუსეთისათვის დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია, ხოლო ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ფინანსურად ყველაზე მეტად დაზარალდნენ სანქციების შემდგომ, მათ გაგრძელებას ემხრობიან. 

  • 2013-2017 წლებში ექსპორტი მხოლოდ 2,3%-ით შემცირდა

2018 წელს New Europe ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  ევროკავშირის რუსეთთან ექსპორტი 2013-2017 წლებში საშუალოდ მხოლოდ 2,3 პროცენტით შემცირდა, რაც ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეზე 10 ევროს უდრის. იმ პროდუქტების ხვედრითი წილი კი, რომელთა ექსპორტი რუსეთში აიკრძალა, მცირეა და მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქტების მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს. 

"
ინფოგრაფიკა: euromaidanpress 

  • მესამე ქვეყნებში ექსპორტმა 18 მილიარდი ევრო შეადგინა 

ამავე კვლევის მიხედვით,  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ ევროკავშირმა  თავისი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის დივერსიფიკაცია წარმატებით მოახდინა. 2014-2017 წლებში ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო ექსპორტმა 18 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც სამჯერ  აღემატება რუსეთში ექსპორტის შემცირების მაჩვენებელს (5.4 მილიარდი ევრო). 

"
ინფოგრაფიკა: euromaidanpress 

  • რუსეთისათვის დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია

სანქციები არ გაუქმებულა და ხდება მისი პერიოდულად გახანგრძლივება. 2019 წლის 20 ივნისს ბრიუსელში გამართულ  შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციები 6 თვით გაახანგრძლივეს და დამატებით რუსეთისთვის ყირიმის რეგიონში ინვესტიციების კიდევ 1 წლით აკრძალვაზე შეთანხმდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ 2014-2017 წლებში რუსეთში ექსპორტის შემცირების შედეგად, კერძოდ, ლიეტუვა (5%-ით), ესტონეთი (4.3%-ით), ფინეთი (4%-ით), სლოვაკეთი (3.7 %-ით) და ლატვია (2,5 %-ით), ემხრობიან სანქციებს. 

სანქციების დაწესების მიზანი პოლიტიკური გზავნილის მიწოდება და რუსული ბანკებისათვის ევროპულ ბაზარზე წვდომის შეზღუდვაა 

 ფინეთის ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების მიზანი არასოდეს ყოფილა რუსეთის ეკონომიკის დასუსტება, არამედ კრემლთან კავშირის მქონე ბიზნეს წრეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილის მიწოდება იყო. 

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2014-2018 წლებში ნავთობზე დაბალი ფასების უარყოფითი გავლენა სამჯერ უფრო დიდი იყო სანქციების გავლენაზე. სანქციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოველწლიურად 0.2 %-ით მცირდებოდა. თავის მხრივ, ნავთობის დაბალი ფასები მშპ-ის ზრდას ყოველწლიურად დაახლოებით 0.7 %-ით ამცირებს. შესაბამისად,  ნავთობზე ფასების გავლენა აღემატება სანქციების გავლენას. 

სანქციების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო სახელმწიფოს კუთვნილი შერჩეული მსხვილი კომპანიებისათვის გრძელვადიანი დაფინანსების აკრძალვა. საბანკო სექტორის კომპანიები მოიცავდა “სბერბანკს”, “ВТБ”-ს, “გაზპრომბანკს”, “როსსელხოზბანკსა” და “ვებს” (“ВЭБ”- სახელმწიფოს კუთვნილი განვითარების ფინანსური ინსტიტუტი). რამდენადაც სბერბანკი და “ВТБ” ერთად აკონტროლებდნენ რუსეთის საბანკო ბაზრის დაახლოებით 60%-ს, სანქციების შედეგად მოხდა რუსეთის ეკონომიკის ნაწილის გლობალური ფინანსური ბაზრებისგან იზოლირება. სანქციები ასევე ეხებოდა ენერგეტიკის სფეროში მოქმედ ისეთ კომპანიებს, რომლებიცაა: “როსნეფტი”, “ტრანსნეფტი” და “გაზპრომნეფტი”. 

სანქციების დაწესების მიზეზი და მისი მიმართულებები 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცებისა და აღმოსავლეთ უკრანიაში, დონეცკსა და ლუგანსკში, სეპარატისტების მხარდაჭერის გამო,  ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე მოკავშირე ქვეყანამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. 

მითების დეტექტორის მასალის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს: “იარაღის ექსპორტ-იმპორტის შეზღუდვას; აქტივების გაყინვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის გამო 152 პირსა და 37 ორგანიზაციას  საბანკო ანგარიშები გაუყინეს და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალეს. რუსეთის 5 სახელმწიფო ბანკის, 3 მსხვილი ენერგოკომპანიისა და 3 წამყვანი თავდაცვითი კომპანიისაგან ობლიგაციებისა და აქციების ყიდვას და ჩამოთლილი ორგანიზაციებისათვის სესხის გაცემას. რუსეთში გარკვეული ენერგო ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვას”. 


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი