დეზინფორმაცია, თითქოს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაცია უქმდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

33
VIEWS

2021 წლის 27 სექტემბერს თერაპევტმა გელა მალუძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ოქტომბრიდან ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინაციაც და ე.წ. “კოვიდ-პასპორტებიც” უქმდება. გელა მალუძის პოსტს თან ახლავს რუსულენოვანი ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ევროპის მარეგულირებელმა კორონავირუსის სამკურნალო 5 თერაპიული მედიკამენტი, მათ შორის ივერმექტინიც, დაამტიკიცა, რის გამოც კორონავირუსის ვაქცინების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს და ევროსაბჭო ვაქცინების, როგორც “დროებით და ექსპერიმენტულ” პრეპარატებს, უარყოფს. გელა მალუაძის პოსტში ახალი ამბის წყაროდ მითითებულია ორი ფრანგულენოვანი ბმული. ერთ-ერთს ევროპული კომისიის 2021 წლის 29 ივნისის პრესრელიზზე გადავყავართ, ხოლო მეორეს – ფრანგი ექიმის დომინიკ რუეფის ბიოგრაფიაზე.

1

29 სექტემბრის მდგომარეობით გელა მალუძის პროფილზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდება რამდენიმე ონლაინ მედიის მიერ პოსტზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია. ონლაინ გამოცემებმა Digest PiaTia.geNetsports.geSportsvideos.getvpirveli.rudays.ge და footbal9.com გელა მალუაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იდენტური სტატიები მოამზადეს, რომელთა სათაურშიც ხაზგასმულია, რომ ევროსაბჭო 20 ოქტომბრიდან კორონავირუსის ვაქცინაციას აუქმებს. ფეისბუქის ანალიტიკური ხელსაწყოს, Crowdtangle-ის მონაცემებით, აღნიშნული მედიების სტატიებს ასობით გაზიარება აქვს. ამასთანავე, დასახელებული ონლაინ გამოცემებიდან სტატიაში მხოლოდ Sportsvideos.ge-მ მიუთითა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

2

20 ოქტომბრიდან ევროსაბჭოს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაუქმების შესახებ 27 სექტემბერს პოსტები ფეისბუქ მომხმარებლებმა “ერთი უბრალო მელექსე” და ზურაბ შუბითიძემაც  გამოაქვეყნეს. 28 სექტემბერს კი ვასილ კედელაძემ გელა მალუძის მიერ გამოქვეყნებული ქართულ-რუსული ტექსტი ფეისბუქ ჯგუფში “МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა” უცვლელად გააზიარა.

მტკიცება, თითქოს 2021 წლის 20 ოქტომბრიდან ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინაცია და კოვიდ-პასპორტების გამოყენება შეწყდება, დეზინფორმაციაა. მსგავსი გადაწყვეტილება არც ევროპის საბჭოს, არც ევროპულ მარეგულირებელ ორგანოს და არც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას არ მიუღია. ევროკომისიის პრესრელიზი, რომელსაც გელა მალუძის პოსტში ვხვდებით, რეალურად კორონავირუსის მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდების დამტკიცებას ეხება, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი არც ვაქცინაციის შეწყვეტაზე და არც პრეპარატ ივერმექტინის დამტკიცებაზე. 

ინფორმაცია 20 ოქტომბრიდან ევროკავშირში ვაქცინაციის შეწყვეტის შესახებ პირველად რუსული სოციალური ქსელის ВКонтакте-ს მომხმარებლებმა 26 სექტემბერს გაავრცელეს. გელა მალუძის პოსტში გამოყენებული რუსული ტექსტი რუსი მომხმარებლის პროფილიდან უცვლელადაა გადმოტანილი. რეალურად, როგორც ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების, ისე ВКонтакте-ს ანგარიშის მიერ დასახელებულ წყაროში  ვაქციაციის შესახებ არაფერია ნათქვამი. ევროკომისიის ვებ-გვერდზე 2021 წლის 29 ივნისის პრესრელიზი შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “COVID-19-ის თერაპიის სტრატეგია: კომისიამ იმედისმომცემი თერაპიული საშუალების ხუთი კანდიდატი გამოავლინა”. როგორც ევროკამისიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, “COVID-19-ის თერაპიის ევროპული სტრატეგიის” ფარგლებში 29 ივნისს კომისიამ დაავადების სამკურნალო საშუალებების პირველადი პორტფოლიო შეადგინა, რომლის მიზანიც მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის კორონავირუსის სამკურნალო სულ მცირე სამი ავტორიზებული პრეპარატის განვითარებაა. პორტფოლიოში შესული ხუთი პრეპარატიდან ოთხი მონოკლონურ ანტისხეულებზეა დაფუძნებული, ხოლო ერთი – იმუნოდეპრესანტი მედიკამენტია, რომელსაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ავტორიზაცია უკვე აქვს, თუმცა არა COVID-19-ის მკურნალობისთვის. პორტფოლიოში შესული მედიკამენტებით კორონავირუსის მკურნალობაზე მონაცემების შესწავლა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 2021 წლის ივნისიდან დაიწყო და მათთვის ავტორიზების მინიჭების საკითხი 2021 წლის ოქტომბერში საბოლოოდ გადაწყდება.

პრესრელიზში არაფერია ნათქვამი კორონავირუსის ვაქცინაციის შეწყვეტაზე. მსგავსი შინაარსის ინფორმაციო ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ არცერთ პრესრელიზში და ინფორმაციაში არ გვხვდება. ევროპული კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულია ევროკავშირის ვაქცინაციის ერთიანი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის სრულად ასაცრელად საჭირო ვაქცინების დოზების აკუმულირების, ვაქცინების წარმოების ხელშეწყობის და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ცენტრალიზებულ სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. 29 სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 79.3% ევროპაში ავტორიზებული 4 ვაქცინის ( Pfizer, Moderna, Jonson&Jonson, AstraZeneca) სულ მცირე ერთი დოზითაა აცრილი. მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები ექსპერიმენტული პრეპარატებია და ისინი მხოლოდ დროებითი გამოყენებისთვისაა, დეზინფორმაციაა, რომელიც “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ სტატიები:

მცდარია მტკიცება, თითქოს ევროკავშირში ივერმექტინი კორონავირუსის მკურნალობის საშუალებად დაამტკიცეს. ევროკომისიის მიერ კორონავირუსის თერაპიისათვის 2021 წლის ოქტომბერში დამტკიცების ხუთ კანდიდატს შორის ივერმექტინი არ ყოფილა. ევროპის მედიკამენტების სააგენტო ისევე, როგორ ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო და  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ივერმექტინი კორონავირუსის მკურნალობისა და პრევენცირებისთვის რეკომენდაციას არ უწევენ, რადგან ამჟამად არ არსებობოს ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ ივერმექტინი დაავადების განკურნება ან პრევენცია შეუძლია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist