სხვადასხვა

დეზინფორმაცია, თითქოს მუსლიმებმა ახალ ზელანდიაში ქრისტიანული ეკლესია მეჩეთად აქციეს

24 აპრილი, 2019

გაზეთ “ასავალ დასავალის“ 22-28 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ დეკანოზ დავით ისაკაძესთან. ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ახალი ზელანდიის მეჩეთი, რომელშიც ტერორისტული აქტი განხორციელდა, თავდაპირველად ეკლესია იყო, რომელიც მუსლიმებს მიჰყიდეს, მათ კი ის მეჩეთად გადააკეთეს.

დავით ისაკაძე, დეკანოზი: „მაგალითად, ახალ ზელანდიაში ქრისტიანული ეკლესია მუსლიმანებს მიჰყიდეს, რომლებმაც ის მეჩეთად გადააკეთეს. სწორედ ამ მეჩეთში დატრიალდა ტრაგედია, როცა 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა ერთი სულიერად ავადმყოფი ადამიანის ავტომატის ჯერს. ეს ტრაგედია სინამდვილეში ცოდვით დაცემით და ქრისტეს ღალატით იყო განპირობებული“.

დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადება, თითქოს ახალ ზელანდიაში მუსლიმებს ქრისტიანული ეკლესია მიჰყიდეს, მათ კი ის მეჩეთად გადააკეთეს, ტყუილია, ვინაიდან დეკანოზის მიერ დასახელებული ალ-ნურის მეჩეთი  (Masjid al-Noor) ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში 1985 წელს მუსლიმებმა ააშანეს.

2019 წლის 15 მარტს შეიარაღებული ტერორისტი ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერში მდებარე  ალ-ნურის მეჩეთს დაესხა თავს და 50-მდე ადამიანი მოკლა.  

ერიკ კოლიგის წიგნში “ახალი ზელანდიის მუსლიმები და მულტიკულტურალიზმი“ აღნიშნულია, რომ 1977 წელს ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში დაფუძნდა კენტერბერის მუსლიმების ასოციაცია, რომელმაც 1985 წელს ქალაქში ალ-ნურის მეჩეთი ააშენა.

ახალი ზელანდიის გაზეთის Christchurch Star-ის არქივში ინახება ფოტო, რომელიც 1985 წლის 22 იანვარს არის გადაღებული და მასზე მშენებარე ალ-ნურის მეჩეთის გარე ფასადია გამოსახული.  

"

"

შესაბამისად, მეჩეთი ახალ ზელანდიაში, რომელშიც 15 მარტს  ტერორისტული აქტი განხორციელდა, ქრისტიანული ეკლესია არასოდეს ყოფილა.

ქრაისთჩერჩი

ქალაქს, რომელშიც დეკანოზ ისაკაძის მიერ დასახელებული მეჩეთი მდებარეობს, ქრაისთჩერჩი (Christchurh) ჰქვია, რაც სიტყვასიტყვით ქრისტეს ეკლესიას ნიშნავს.


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი