პოლიტიკა

დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთის ხელისუფლება აჭარელ მუსლიმებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება

16 ივნისი, 2019

2019 წლის 14 ივნისს ვებ-გვერდზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “ქართველი მუსლიმები მზად არიან, იარაღით მოიპოვონ თავისუფლება”. სტატიაში მითითებულია, თითქოს აჭარელი მუსლიმების შევიწროების საპასუხოდ თურქეთმა განაცხადა, რომ  აჭარას საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება.

tvalsazrisi.ge: “აჭარას აქვს ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ გაიზიაროს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ბედი და გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვართ მზად, ჩვენს თანამოაზრე აჭარელ მუსლიმებთან ერთად, იარაღით ხელში ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის,” _ აღნიშნულია განცხადებაში.”

ინფორმაციის პირველწყაროდ რუსული გამოცემა Экспресс газета-ა მითითებული. ამჟამად  tvalsazrisi.ge-ზე მასალა აღარ იძებნება, თუმცა სწორედ tvalsazrisi.ge-ზე დაყრდნობით მასალა ქართულმა ულტრაციონალისტურმა გვერდებმა აიტაცეს და ფეისბუკში ვირუსულად გაავრცელეს.

Tvalsazrisi.ge-ს მიერ გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა, ვინაიდან პუბლიკაციაში არ არის მითითებული კონკრეტულად თურქეთის ხელისუფლების რომელმა წარმომადგენელმა და როდის გააკეთა განცხადება ქართველი მუსლიმების საქართველოდან გამოყოფის მხარდაჭერის შესახებ. პირველწყაროდ მითითებული Экспресс газета-ს სტატიაში კი მსგავსი განცხადება საერთოდ არ გვხვდება.   მანიპულაციურია სტატიის საიულსტრაციო ფოტოც, რომელიც 2013 წელს საბაჟო სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟის  გამო ბათუმში გამართულ მშვიდობიან აქციაზეა გადაღებული და გავრცელებულ ყალბ ცნობებს მხოლოდ ვიზუალური მტკიცებულების სიმულაციას უქმნის. ულტრანაციონალისტურ, სიძულვილის ჯგუფების გვერდებზე მასალის ვირუსულად გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პლატფორმები, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ისახავენ მიზნად, ორგანიზებულად იმართებიან, ხოლო Tvalsazrisi.ge-ს სარედაქციო პოლიტიკა რუსეთის როლის პოზიტიურად წარმოჩენას ახდენს.

რუსულ გამოცემა  Экспресс газета-ში სტატია, სათაურით “თურქები საქართველოსთვის მთელი რეგიონის წარმთევას აპირებენ” (“Турки собрались забрать у Грузии целый регион”) 2019 წლის 6 ივნისს გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მასალა საქართველოში აჭარელი მუსლიმების შევიწროებას ეხება და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების კონტექსტს ქმნის, თურქეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში სეპარატიზმის მხარდამჭერ განცხადებას, როგორც ამას tvalsazrisi.ge აქვეყნებს აქ არ ვხვდებით.

მანიპულაციური ფოტო

როგორც ქართულ ისე, რუსულ გამოცემას სტატიის საიულსტრაციოდ ერთი და იგივე მანიპულაციური ფოტო აქვს გამოყენებული. ფოტო  ipn.ge-მ 2013 წელს ბათუმში გადაიღო აქციაზე, რომელიც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში საბაჟოს მიერ მინარეთის დემონტაჟის გამო გაიმართა.

IPN

Tvalsazrisi.ge-ს შესახებ

Registrator.ge-ს მონაცემებით, tvalsazrisi.ge 2019 წლის 30 აპრილსაა რეგისტრირებული, ხოლო მათი Facebook გვერდი ამავე წლის 2 მაისს შეიქმნა.

web

მედიასაშუალება ორივე პლატფორმაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ამბებს აშუქებს. განსაკუთრებული სიხშირით შუქდება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული სიახლეები: “რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა 500 მლრდ დოლარს გადააჭარბა”, “დონეცკისა და ლუგანსკის მაცხოვრებლებმა რუსული პასპორტები გამარტივებული წესით მიიღეს”, “რუსეთმა და საქართველომ მტრობის ჩიხიდან გამოსვლა შეძლეს” და სხვ.

CLOACK 1 cloack 2

Karasin PUTIN

ვინ გააზიარა tvalsazrisi.ge-ს მასალა?

Tvalsazrisi.ge-ს სტატია გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში Facebook-ზე ულტრანციონალისტურმა გვერდებმა: “კარდჰუმ”,  “სპეცრაზმმა” და “ქართულმა ძალამ” გააზიარეს, რაც მათი შესაძლო კავშირების შესახებ ქმნის წარმოდგენას. ნიშანდობლივია ისიც, რომ Tvalsazrisi.ge-ზე აღნიშნული მასალა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო სიძულვილის ჯგუფების ვებ-გვერდებზე ბმულის გარეშეც ხელმისაწვდომია და სოციალურ ქსელში მულტიპლიკაციისთვის გამოყენება.

  FB 1 FB2 FB3

“კარდჰუ” და “სპეცრაზმი” Facebook პოსტის ქვეშ იდენტურ კომენტარებს ტოვებენ.

Nana

“სპეცრაზმის”  Facebook გვერდზე მითითებულია, რომ მას მომხმარებელი სახელად გიორგი ტაბატაძე მართავს.

Tabaadze

“ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებულია ბმული , რომელსაც“სპეცრაზმის” Youtube არხზე გადავყავართ.  სამხედრო თემატიკის სხვა ვიდეოებთან ერთად აქ სირიაში რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნისადმი მიძღვნილი ვიდეოა განთავსებული. ვიდეოს 1:04 წუთიდან ნაჩვენებია სამხედრო მანქანა, რომელსაც რუსული დროშა და წარწერა: “დახმარება სირიას რუსეთისაგან” ამშვენებს.  ჯარისკაცები შეკრებილებს პოლიეთილენის პაკეტებს ურიგებენ. 

Syria

მოამზადა ნანა რაფავამ