1 სექტემბერს tvalsazirisi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლიტიკური მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი და მედია ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ასევე დამფუძნებელი გიორგი ქარდავა მოსკოვში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა. როგორც tvalsazirisi.ge წერს, ქარდავა მოსკოვში “ალტერნატივა საქართველოსთვის” ლიდერებისა და რუსეთის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებს შორის შეხვედრის მოსამზადებლად იმყოფება.
“ალტ-ინფო” ლევან ვასაძის პოლიტიკურ პარტია “ერთობა, რაობა, იმედთან” (ერი) დაკავშირებული მედია პლატფორმაა, რომლის წამყვანები და დამფუძნებლები 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციის ორგანიზებაში და ძალადობის წახალისებაში იყვნენ ჩართულნი. “ალტ-ინფოს” ანტიდასავლური, ანტილიბერალური რიტორიკა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა. როგორც ვასაძის პარტია “ერის” მხარდამჭერები, ასევე “ალტ-ინფოს” წამყვანები, რომლებიც აცხადებენ, რომ აგრესია პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის აუცილებელი იარაღი უნდა გახდეს, მოქალაქეებს ევროკავშირის დროშების დაწვისკენ მოუწოდებდნენ. “ალტ-ინფოს” მჭიდრო კავშირი აქვს ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ და ულტრანაციონალისტ ფილოსოფოს ალექსანდრე დუგინთან, რომელიც თბილისი პრაიდთან დაკავშირებით 2021 წლის 5 ივლისს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით გულშემატკივრობდა, სხვადასვა დროს კი ალტ-ინფოს ეთერს კრემლის სხვა იდეოლოგებთან ერთად სტუმრობდა.
“ალტერნატივა საქართველოსთვის” 2019 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის მოქალაქე გიორგი ქარდავასთან ერთად “ალტ-ინფოს” სხვა წამყვანებმა შოთა მარტინენკომ და ირაკლი ყიზილაშვილმა, ასევ კონსტანტინე მორგოშიამ დააფუძნეს.
2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც თბილისი პრაიდის კონტრაქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს და პრაიდის ორგანიზატორებს ოფისებში უვარდებოდნენ, სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას, პირადად მორგოშია ხელმძღვანელობდა.
ადრე კონსტანტინე მორგოშია ჯერ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი იყო და 2016 წელს ის მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, შემდეგ კი ის “ქართული მარშს” შეუერთდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდა.