ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ერაყში გარდაცვლილი გოგონას გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია არ ყოფილა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

27 მაისი, 2021

25 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფაიზერის ვაქცინით ქობულეთელი რუსო დედოფალიძე გარდაიცვალა. მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და გამოაქვეყნა ლაივი, რომელშიც ამავე თემაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ფაიზერის ვაქცინის გაკეთებიდან მესამე დღეს ქობულეთელ 29 წლის გოგოს გული გაუჩერდა.

ფაიზერის აცრის შედეგად ქობულეთელი რუსო დედოფალიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა ფეისბუქ მომხმარებლებმა ბოლო ჟამის ქრისტიანები. ამ პოსტში ნათქვამია, რომ დედოფალიძეს ფაიზერით აცრა ერაყში ჩაუტარდა.

ფეისბუქ მომხმარებლები დათო სალუქვაძე, ნიკა ლაშარელი და თორნიკე ნონიაშვილი კი წერდნენ, რომ 29 წლის რუსო დედოფალიძე ქობულეთში გარდაიცვალა. თორნიკე ნონიაშვილის პოსტი უცვლელად, განმარტების გარეშე გამოაქვეყნა გამოცემამ “ახალი თაობა”. 29 წლის ქალის ფაიზერის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებაზე 26 მაისს ინფორმაცია გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე TVM.ge.

 

ფეისბუქ მომხმარებლების, ასევე “ახალი თაობის” და TVM.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია 29 წლის რუსო დედოფალიძის Pfizer-ის ვაქცინით აცრის შედეგად გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. “მითების დეტექტორს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გარდაცვალება კორონავირუსით აცრასთან არ არის დაკავშირებული.

“მითების დეტექტორი” 29 წლის ქობულეთელი რუსო დედოფალიძის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის გადასამოწმებლად თავდაპირველად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი სახელით და გვარით ვაქცინირებული ან გარდაცვლილი პირი არ ფიქსირდება. 

ვინაიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ერაყში იმყოფებოდა,  ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ სახელით და გვარით ერაყში საქართველოს მოქალაქე მართლაც გარდაიცვალა, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ გარდაცვალების კავშირს Pfizer-ის ვაქცინით აცრასთან. 


“ახალი თაობა” არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

პროფილები: