მიგრანტები

“ეროვნული ძალის” დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში 500 000 მიგრანტის შემოყვანა იგეგმება

3 ოქტომბერი, 2018

3 ოქტომბერს ულტრანაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა “ეროვნულმა ძალამ” გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს 2020 წლის ბოლომდე საქართველოში 500 000 მიგრანტის შემოყვანა იგეგმება, რაზეც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ (ნაც. მოძრაობა და ევროპული საქართველო) თანხმობა ერთხმად განაცხადა.

"

საქართველოს მიგრანტების მასობრივი მიღების  ვალდებულება არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში  ნაკისრი არ აქვს. არც ვიზა-ლიბერალიზაცია, არც ასოცირების შეთანხმება და არც რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოს მიგრანტების მიღებას არ ავალდებულებს. მიგრანტების მიღების შესახებ მსგავსი განცხადება არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულა.

ფეისბუქ გვერდი “ეროვნული ძალა” დეზინფორმაციას მანიპულაციურ ფოტოსთან ერთად აქვეყნებს, რომელზეც გამოსახულია გერმანიის კანცლერი მიგრანტების ნაკადის ფონზე. ანგელა მერკლეთან მიგრანეტბის მიღების ვალდებულების დაკავშირებას, 22 აგვისტოს საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტის შემდეგ სხვადასხვა აქტორები ცდილობდნენ. განცხადებები, თითქოს ეს ვიზიტი მიგრანეტების მიღების ვალდებულებას უკავშირდებოდა, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ  და პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა გააკეთეს ( იხ. მასალა ამ თემაზე).

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს წლებია ვრცელდება. მაგალითისთვის 2016 წელს “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც მაშინ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი იყო და ახლა ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრს ხელმძღვანელობს, ამტკიცებდა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ე.წ. რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოს სირიელი ლტოლვილების ნაკადის მიღებას ავალდებულებს.   

დეზინფორმაცია,  თითქოს საქართველოს მიგრანნტების მიღებას ავალდებულებენ ულტრამემერჯვენე ძალები ანტიმიგრანტული და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად იყენებენ.


პროპაგანდის მეთოდი

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.