მიგრანტები

“ეროვნული ძალის” მანიპულაცია ევროპაში მუსლიმების რაოდენობის შესახებ

19 დეკემბერი, 2018

2018 წლის 12 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა „ეროვნული ძალა“ გამოაქვეყნა პოსტი, გზავნილით „მულტიკულტურალიზმი ანადგურებს ევროპას და გაგვანადგურებს ჩვენც“. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად  მოყვანილია სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ევროპულ ქვეყნებში მულტიკულტურალიზმი დანაშაულის ზრდისა და მოსახლეობაში სატიტულო ერის წილის შემცირების მიზეზია. პოსტში ასევე აღნიშნულია, თითქოს გაეროს დასკვნით, 2050 წლისთვის “ქართველები შესაძლოა, უმცირესობად იქცნენ საკუთარ სამშობლოში,” რადგან ქართველი ეთნოსის შობადობა არის დაბალი საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნოსებთან შედარებით.

"

ეროვნული ძალა: „სუფთა ფრანგები საფრანგეთში 50%-ზე ნაკლები არიან. ჰოლანდიაში ბავშვების გაჩენის 50 % არაბებზე მოდის, მაშინ როცა არაბები 5 პროცენტზე ნაკლები არიან იქ. შვედეთმა ქალთა ძალადობის პროცენტული წილით ბევრ აზიურ ქვეყანას გადაასწრო. გერმანიაში 2015 წლის დასაწყისში აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მიერ ყოველ 24 საათში ერთხელ ხდებოდა ქალის გაუპატიურება 2018 წელს კი ეს დრო 5 საათამდე ჩამოვიდა. მულტიკულტურალიზმმა მოგვიტანა ის, რომ დღეს 2 და 3 ადგილს აზერბაიჯანული გვარები ინაწილებენ ეს გვარებია ალიევი და მამედოვი.”

“ეროვნული ძალას” მის მიერ მოყვანილი სტატისტიკის პირველწყარო მითითებული არ აქვს. გარდა ამისა, ეს სტატისტიკა ყალბია. ეთნიკური ნიშნით საფრანგეთში მოქალაქეების აღრიცხვა არ ხდება, რადგანაც ფრანგია ყველა, ვინც საფრანგეთის მოქალაქეა. ასევე არ არსებობს სტატისტიკა ჰოლანდიაში არაბული წარმოშობის ადამიანებში შობადობის მაჩვენებლის შესახებ. თუმცა, არსებობს სტატისტიკა ევროპაში მუსლიმთა რაოდენობის შესახებ, რასაც ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფები ხშირად აზვიადებენ და რიცხვებით მანიპულირებას ახდენენ. რაც შეეხება საქართველოს, გაეროს დასკვნა იმის შესახებ, რომ ქართველები “უმცირესობად იქცევიან საკუთარ სამშობლოში” არ არსებობს. ეს არის იმ მითის გაგრძელება, თითქოს გაეროს დასკვნით 2050 წლისთვის ქართველები გადაშენების პირას მდგომი ერების სიაში იქნებიან, რაც ასევე ყალბია.

ფაქტი N1: არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც საფრანგეთის მოსახლეობაში ეთნიკურად ფრანგების წილს აჩვენებს

საფრანგეთის სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, საფრანგეთის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რათა მოხდეს რასისა და ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე მოსახლეობის კლასიფიკაცია. კონსტიტუციის თანახმად, საფრანგეთის მოქალაქეები ითვლებიან ფრანგებად. სტატისტიკის შედგენა შესაძლებელია „მიკუთვნებულობის შეგრძნების“ საფუძველზე, რაც საფრანგეთის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მოახდინონ თვითიდენტიფიკაცია, მათი ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად. თუმცა, არსებობს სტატისტიკა, რომელიც საფრანგეთის მოსახლეობაში მუსლიმების წილს აჩვენებს. Pew Research-ის მონაცემების  თანახმად, მუსლიმები საფრანგეთის მოსახლეობის 8,8%-ს შეადგენენ.

ფაქტი N2: მუსლიმები ჰოლანდიის მოსახლეობის 7,1 % შეადგენენ

„ეროვნული ძალა“ ამტკიცებს, რომ ჰოლანდიაში „ბავშვების გაჩენის 50% არაბებზე მოდის“. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად შობადობის მაღალი მაჩვენებლისა, მეტად მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს მუსლიმთა დაბალი წილი ჰოლანდიის მოსახლეობაში. ოფიციალურ სტატისტიკაში არაბები არ არიან გამოყოფილი როგორც ცალკე ჯგუფი, შესაბამისად, მოყვანილია მოსახლეობაში მუსლიმთა პროცენტული მაჩვენებელი. Pew Research-ის 2016 წლის მონაცემების თანახმად, ჰოლანდიის მოსახლეობის მხოლოდ 7,1% არის მუსლიმი.

ფაქტი N3: გერმანიაში აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მიერ ქალების გაუპატიურების სტატისტიკა არ არსებობს

გარდა იმისა, რომ პოსტში არ არის მითითეული მონაცემების წყარო, უნდა ითქვას, რომ სტატისტიკა, რომელიც ასახავს მხოლოდ აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულს გერმანიაში, არ არსებობს. გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის 2017 წლის ანგარიშის  თანახმად, სექსუალური დანაშაულის ჩადენაში 9,414 ეჭვმიტანილთა შორის 5,931 იყო გერმანელი, 3,483 კი - არაგერმანელი. BBC-ის თანახმად, 2017 წელს სექსუალური დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილთა შორის 11, 9% პროცენტი იყო თავშესაფრის მაძიებელი ან ლტოლვილი.

ფაქტი N4: გაეროს ვებ-გვერდზე არ მოიპოვება სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ეთნიკურად ქართველები 2050 წლისთვის უმცირესობად იქცევიან

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის(საქსტატის) მონაცემების თანახმად, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი აღემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელს. 2017 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი იყო 53 293, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა - 47 822.  

გაეროს 2010 წელს მომზადებული დოკუმენტის „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების“ თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2010 წელს იყო 4 329 ათასი, 2050 წლისთვის კი 3 186- მდე  შემცირდება .

ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით მანიპულაციური სტატიები გამოაქვეყნეს რუსულენოვანმა სპუტნიკმა, ჯეო დაიჯესტმა, განათლების სახლმა, agora.ge-მ და სხვემა. გამოცემები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს გაერომ საქართველო გადაშენების პირას მყოფნი ქვეყნების სიაში შეიყვანა.


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი