სხვადასხვა

Facebook-მა და Twitter-მა ტაილანდში კრემლის მხარდაჭერილი საინფორმაციო ოპერაციები დაბლოკა

30 ივლისი, 2019

Coconuts.co -ს მასალის მიხედვით

25 ივლისს Facebook-მა პოლიტიკური კონსპირაციების გამო ტაილანდში მოსკოვის მიერ დაფინანსებული გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები დაბლოკა. გაუქმდა ასევე იმავე აქტორების მართული Twitter ანგარიშებიც.

"
წყარო: Medium.com

ამას გარდა, Facebook-ის ცნობით, მათ პრო-რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებელი რამდენიმე გვერდი უკრაინასა და რუსეთშიც დაბლოკეს.

აღნიშნული გვერდები ხშირად ავრცელებდნენ განხეთქილების შემომტან ნარატივებს ტაილანდის პოლიტიკაზე, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გეოპოლიტიკურ საკითხებზე, ჰონ-კონგის აქციებსა და ტაილანდში დემოკრატიის აქტივისტებზე.

ტაილანდში  Facebook-ის მიერ დაბლოკილი 12 ანგარიში და 10 გვერდი უკავშირდებოდა ტაილანდში მცხოვრებ პირს, ე.წ. Anthony Cartalucci-ს, რომელიც, თავის მხრივ, ასოცირებული იყო რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ჟურნალთან, New Eastern Outlook-თან. ჟურნალის კონტენტი სხვადასხვა ქვეყნებში სოციალური გვერდების საშუალებით ზიარდება და ადგილობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი. ტაილანდში ასეთი გვერდები იყო “Land Destroyer” და “AltThaiNews.” მათთან ერთად Facebook-მა New Eastern Outlook-ის ტაილანდში მოღვაწე რედაქტორის Anthony Cartalucci-ს გვერდიც გააუქმა.

New Eastern Outlook (NEO) ინგლისურენოვანი ონლაინ ჟურნალია, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (Russian Academy of Science’s Institute for Oriental Studies) მართავს. ამის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ყალბი და მანიპულაციური სტატიების გარდა ისეთი მასალებიცაა განთავსებული, რომლის ავტორებიც NEO-ს გარდა არსად იძებნებიან და დიდი ალბათობით საერთოდ არ არსებობენ.