Фонд стратегической культуры და “საქართველო და მსოფლიო” ევროკავშირზე გამოკითხვის შედეგებით მანიპულირებენ

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

37
VIEWS

16 ივნისს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“-მ fondsk.ru-ზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ევროკავშირი, როგორც შერყეული ნეოლიბერალური ტირანია“. სტატიის თანახმად, ევრობარომეტრის ახალი კვლევების შედეგები დასტურია იმისა, რომ ევროპელები უკმაყოფილოები არიან ევროკავშირის მუშაობით. ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დასადასტურებლად, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იტალიის მოსახლეობის 42% და ნიდერლანდების მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირიდან გასვლას ემხრობა, დანიაში 2015 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში „ხმა მისცეს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის წინააღმდეგ“, ხოლო შვედეთი ასევე შეიძლება გავიდეს ევროკავშირიდან. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ Covid-19-ის პანდემიას ევროკავშირი სათანადოდ ვერ გაუმკლავდა და ამის შედეგად ევროკავშირის მიმართ ნეგატიურ განწყობები გაიზარდა.

;
„საქართველო და მსოფლიო“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის ქვეყნები ორგანიზაციის საქმიანობით უკმაყოფილო არიან და ზოგიერთი ევროკავშირიდან გასვლას ემხრობა, მანიპულაციურია: 1) დანიის 2015 წლის რეფერენდუმი კონკრეტულ სფეროში მეტ ინტეგრაციას ეხებოდა და არა ევროკავშირში დარჩენა/გასვლას; 2) ნიდერლანდები და შვედეთი ევროკავშირიდან გასვლას არ გეგმავენ; 3) სიმართლეა, რომ 2020 წელს იტალიის მოსახლეობის 42% ევროკავშირიდან გასვლას ემხრობოდა, თუმცა გამოკითხვა პანდემიის პირველი ტალღის დროს ჩატარდა და გასვლის მომხრეთა მეოთხედმა განაცხადა, რომ მზად იყო დარჩენილიყო ბლოკში, თუ ევროპა იტალიისთვის კონკრეტულ ზომებს მიიღებდა. ევრობარომეტრი 2021 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი, იტალიაში გამოკითხულთა 57% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყანა უკეთესად გაუმკლავდებოდა მომავალს ევროკავშირის გარეთ; 4) ევრობარომეტრის თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა უმრავლესობა ორგანიზაციის მიმართ დადებითად არის განწყობილი და ევროკავშირის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

2021 წელს გამოქვეყნდა როგორც ევროკომისიის მიერ კოორდინირებული სტანდარტული ევრობარომეტრის შედეგები, ასევე ევროპარლამენტის გაზაფხულის ევრობარომეტრიც, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრს ეხებოდა. გამოკითხვების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ყოველდღიურ ცხოვრებაზე Covid-19-ის პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა, დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ პოზიტიური რჩება. ევროკავშირის მასშტაბით გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად ჯანდაცვის სარგებელი უფრო მეტი იყო, ვიდრე ეკონომიკური ზარალი. 48% ევროკავშირს დადებითად აფასებს, რაც ბოლო ათ წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე დროს, ევროპელები როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე ორ ძირითად პრობლემად ჯანდაცვას და ეკონომიკურ სიტუაციას ასახელებენ. გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპონდენტთა უმრავლესობას ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა აწუხებს. ევროპელთა 61% შიშობს, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის შედეგებისგან „2023 წელს ან უფრო გვიან“ აღდგება.

რაც შეეხება “საქართველო და მსოფლიოს” მტკიცებას, თითქოს იტალიის მოსახლეობის 42% და ნიდერლანდების მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირიდან გასვლას ემხრობა, ადგილი აქვს ერთი მხრივ იტალიის 2020 წლის გამოკითხვით მანიპულირებას, მეორე მხრივ კი ნიდერლანდებზე ინფორმაციის გაყალბებას.  იტალიის შემთხვევაში, Tecné-ს მიერ 2020 წლის აპრილში 1000 გამოკითხული იტალიელიდან 42%-მა აღნიშნა, რომ დატოვებდა ევროკავშირს, თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გასვლის მომხრეთა მეოთხედმა განაცხადა, რომ მზად იყო დარჩენილიყო ბლოკში, თუ ევროპა იტალიისთვის კონკრეტულ ზომებს მიიღებდა. გამოკითხვა 2020 წლის აპრილში ჩატარდა, როდესაც იტალიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან მძიმე იყო, იტალიელების უკმაყოფილება კი სწორედ პანდემიაზე ევროკავშირის რეაგირებას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ევრობარომეტრის 2021 წლის კვლევის შედეგები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ იტალიას ევროკავშირის დატოვება სურს (დეტალურად იხილეთ ქვემოთ).

უცნობია, თუ რომელ წყაროს ეყრდნობა “საქართველო და მსოფლიო”, როდესაც ამბობს, რომ ნიდერლანდების უმრავლესობას ევროკავშირიდან გასვლა სურს, რადგან მსგავსი გამოკითხვის შედეგები არ იძებნება. მეტიც, Statista-ს 2020 წლის მარტის მონაცემების მიხედვით, ნიდერლანდებში გამოკითხულთა 58% (49% არ ეთანხმება სრულად, ხოლო 9% არ ეთანხმება უმეტესად) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნიდერლანდების ევროკავშირიდან გასვლაზე ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

სტატიაში მოყვანილია შვედეთის მაგალითიც, რომელზეც ავტორი წერს, რომ შვედეთი სავარაუდოდ დატოვებს ევროკავშირს. რეალურად, 2018 წელს ევრობარომეტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, “შვედეთის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს”, 83 %-მა აღნიშნა, რომ ხმას ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას მისცემდა, ხოლო 10% – შვედეთის ბლოკიდან გასვლას.

“საქართველო და მსოფლიოს” ასევე მანიპულაციურად მოჰყავს დანიაში 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მაგალითი. რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ დანიის მოსახლეობას არ სურდა მეტად ინტეგრირებულიყო ევროკავშირის მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების პოლიტიკის კუთხით, რაზეც დანიას opt-out აქვს გაკეთებული, რაც ქვეყანას დისკრეციას ანიჭებს, არ გაითვალისწინოს ევროკავშირის დირექტივები კონკრეტულ სფეროში. დანიის მთავრობას სურდა, უარი ეთქვა ამ opt-out-ზე, თუმცა რეფერენდუმში დაახლოებით 53% დანიის მთავრობის ამ ინიციატივას არ დაეთანხმა. რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლას არ ეხებოდა.

2021 წლის ევრობარომეტრის კვლევის შედეგები

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევრობარომეტრის კვლევის შედეგები ევროკავშირის მიმართ წევრი ქვეყნების უკმაყოფილებაზე მიუთითებს, თუმცა ევროკავშირის განწყობასთან დაკავშირებით კვლევაში რამდენიმე კითხვა იყო დასმული და შედეგები საბოლოო ჯამში დადებით სურათს იძლევა.

რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რამდენად ეთანხმებოდნენ ან არ ეთანხმებოდნენ მტკიცებებს. დებულებას „ჩვენი ქვეყანა უკეთესად გაუმკლავდებოდა მომავალს ევროკავშირის გარეთ“, ევროკავშირის მასშტაბით არ დაეთანხმა რესპონდენტთა 66%. რაც შეეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაშია ნახსენები, პასუხები ასეთია:

  • შვედეთი – დებულებას „ჩვენი ქვეყანა უკეთესად გაუმკლავდებოდა მომავალს ევროკავშირის გარეთ“ არ ეთანხმება 70%, ეთანხმება 29%;
  • საფრანგეთში – 59% არ ეთანხმება, 29% ეთანხმება;
  • დანიაში – 79%-ს არ ეთანხმება, 21% ეთანხმება;
  • ნიდერლანდებში – 83% არ ეთანხმება, 16% ეთანხმება;
  • იტალიაში –  57% არ ეთანხმება, 33% ეთანხმება

(იხილეთ ცხრილი)

;
წყარო: europa.eu/eurobarometer 

Covid-19-ის პანდემია და რესპონდენტთა დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ

ევრობარომეტრის მიერ 2021 წლის გაზაფხულში გამოქვეყნებული გამოკითხვების შედეგების თანახმად,  ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანაში რესპონდენტთა უმრავლესობა უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო ევროკავშირის მიერ Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომებით და თვლის, რომ შეზღუდვების შემდეგ მიღებული ჯანდაცვის სარგებელი მეტია, ვიდრე ეკონომიკური ზარალი. დანარჩენ 8 ქვეყანაში რესპონდენტთა უმრავლესობა უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ ეკონოიკურმა ზარალმა ჯანდაცვის სარგებელს გადააჭარბა.

რესპონდენტთა წილი, რომელიც მხარს უჭერს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის იდეას

კითხვაზე, ევროკავშირთან დაკავშირებით რომელი შემდეგი დებულებაა ყველაზე ახლოს მათ აზრთან (დებულებები: 1) მხარს ვუჭერ ევროკავშირს იმ სახით, როგორადაც ის ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა; 2) მეტწილად მხარს ვუჭერ ევროკავშირს, თუმცა არა იმ სახით, როგორადაც ის ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა; 3)მეტწილად სკეპტიკურად ვარ განწყობილი ევროკავშირის მიმართ, თუმცა შესაძლოა აზრი შევიცვალო, თუ რადიკალური რეფორმა გატარდება; 4) ზოგადად ვეწინააღმდეგები ევროკავშირის იდეას; 5) არ ვიცი), როგორც მთელ ევროკავშირში, ასევე „საქართველო და მსოფლიო“-ს მიერ განხილული ქვეყნებში რესპონდენტთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირს, თუმცა არა იმ სახით, როგორადაც ის ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა. ევროკავშირის 27 ქვეყნის რესპონდენტთა 70% (23%-იმ სახით, როგორიც დღესაა; 47%-არა იმ სახით, როგორადაც ის ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა) მხარს უჭერს ევროკავშირს.

ამავე დროს, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის იდეას ეწინააღმდეგება საფრანგეთში გამოკითხულთა მხოლოდ 9%, შვედეთში – 7%; იტალიაში 8%; დანიაში – 7%, ნიდერლანდებში – 2%.
;
წყარო: europarl.europa.eu

ევრობარომეტრის გამოკითხვის შედეგებით “საქართველო და მსოფლიო” ადრეც მანიპულირებდა და საფრანგეთის მხარდაჭერა ევროკავშირის მიმართ არასწორად წარმოაჩენდა. იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ევროკავშირის მომავლის მიმართ დამოკიდებულება

რაც შეეხება ევროკავშირის მომავალთან დაკავშორებით რესპონდენტების დამოკიდებულებას, როგორც ევროკავშირში მთლიანად (64%), ასევე ცალკეულ წევრებში რესპონდენტთა უმრავლესობა ევროკავშირის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. „საქართველოს და მსოფლიო“-ს მიერ განხილულ ქვეყნებში კი, შემდეგი სურათია: საფრანგეთში რესპონდენტთა ჯამში 49% ოპტიმისტურად უყურებს ევროკავშირის მომავალს (47% – საკმაოდ ოპტიმისტურად, 2% – ძალიან ოპტიმისტურად), შვედეთში – 64% (59% – საკმაოდ ოპტიმისტურად, 5%- ძალიან ოპტიმისტურად); დანიაში – 74% (64% – საკმაოდ ოპტიმისტურად, 10% – ძალიან ოპტიმისტურად); ნიდერლანდებში – 74% (71% – საკმაოდ ოპტიმისტურად, 3% – ძალიან ოპტიმისტურად); იტალიაში – 59% (56% – საკმაოდ ოპტიმისტურად, 3% – ძალიან ოპტიმისტურად).

;
წყარო: europarl.europa.eu

როგორია ევროკავშირისადმი დამოკიდებულება წევრ ქვეყნებში? 

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც რესპონდენტებს დაუსვეს ევროკავშირის იმიჯს ეხებოდა. შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 48%-ში ევროკავშირი დადებით ასოციაციას იწვევს, 35% ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 17% – ნეგატიურად. პოზიტიურად განწყობილთა მაჩვენებელი 48% ბოლოს 2009 წელს ფიქსირდებოდა, მას შემდეგ კლება დაიწყო და 2021 წელს კვლავ იმავე ნიშნულს დაუბრუნდა (იხილეთ გრაფიკი). ევრობარომეტრის თანახმად, აღნიშნული ტენდენცია აჩვენებს, რომ მიუხედავად მოკლევადიანი მერყეობებისა და პანდემიის გავლენისა, ევროკავშირის მიმართ პოზიტიური განწყობა იზრდება.

;
წყარო: europarl.europa.eu

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში 61% უარყოფითად აფასებს ევროკავშირს, თუმცა, სინამდვილეში საფრანგეთში გამოკითხულთა ჯამში 40% ამბობს, რომ ევროკავშირი მათში დადებით ასოციაციას იწვევს, ხოლო 21% – ნეგატიურს.

;
წყარო: europarl.europa.eu

Фонд стратегической культуры (fondsk.ru)-ს შესახებ

სტრატეგიული კულტურის ფონდი 2005 წლის 11 იანვრს შეიქმნა და მისი პრეზიდენტი იური პროკოფიევი, ხოლო გენერალური დირექტორი ვლადიმირ მაქსიმენკოა. 1990-1991 წლებში პროკოფიევი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი იყო, ხოლოვლადიმირ მაქსიმენკო კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი და რუსეთის სახელმწიფო რადიომაუწყებლობის “Голос России” ანალიტიკური დამკვირვებელია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, სტრატეგიული კულტურის ფონდს საგარეო დაზვერვის სამსახური ხელმძღვანელობს და მჭიდრო კავშირშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. 2021 წლის აპრილში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა “სტრატეგიული კულტურის ფონდს” სანქციები დააკისრა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist