იდენტობა

გადაუდებელი აუცილებლობა თუ “კუთხეში დაყენება”? - რა შემთხვევაში შეუძლია სახელმწიფოს ბავშვი ოჯახს განარიდოს

28 სექტემბერი, 2020

27 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “ალტ-ინფომ” გამოაქვეყნა Alpha Dominant-ის სახელით ცნობილი ემრე ქუჩუქის ვიდეო, რომელშიც ის “ბავშვის უფლებათა კოდექსზე” ლაპარაკობს. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კოდექსის პრეზენტაცია დადებითი მხარეებით ხდება, თუმცა სინამდვილეში ის ოჯახის წინააღმდეგაა მიმართული. ვიდეოში ემრე ქუჩუქი აღნიშნავს, რომ მშობელს არ აქვს უფლება შვილს, მაგალითად, ყური აუწიოს ან კუთხეში დააყენოს, მისი თქმით, სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი რამ დაასახელოს მიზეზად იმისათვის, რომ მშობელს სოციალურმა მუშაკმა ბავშვი ჩამოართვას. ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ საბავშვო ფილმებზე აზარტული თამაშების რეკლამები არ მოხსნილა, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნების მავნე ზემოქმედებისგან დაცვა “ბავშვის უფლებათა კოდექსით” არის გათვალისწინებული.

ემრე ქუჩუქი: “ამ კოდექსის მთავარი მიზანი არის სახელმწიფოს მიერ ოჯახში ჩარევის განუსაზღვრელი უფლების მოპოვება. მაგალითად, ამ კოდექსის მიხედვით მშობელს არ აქვს უფლება შვილს ყური აუწიოს, რადგან ეს ფიზიკური ძალადობაა. არ აქვს უფლება კუთხეში დააყენოს, რადგან ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა და თუნდაც სადმე მაღაზიაში ბავშვი ისტერიკაში რო ჩავარდება “მიყიდეს” კივილით და მშობელი მას დაუყვირებს ანდა ძალით გამოიყვანს, ეს ერთდროულად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს, ამ კოდექსის ლოგიკა სახელმწიფოს აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს რაც მოესურვება ის დაასახელოს მიზეზად და ამ მიზეზის საფუძველზე მშობელს ბავშვი წაართვას.”

ალტ-ინფოს მიერ გავრცელებული ვიდეო ბავშვთა კოდექსის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ახალი კანონმდებლობის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ახდენს და ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს კოდექსი სახელმწიფოს განუსაზღვრელ უფლებებს და ოჯახისთვის ბავშვის უსაფუძვლოდ ჩამორთმევის დისკრეციას ანიჭებს. “ალტ-ინფოს” მეორე განცხადება იმის შესახებ, რომ კანონის შეზღუდვა აზარტული თამაშების რეკლამების საბავშვო ფილმებში განთავსების შესახებ პრაქტიკაში არ მუშაობს, სიმართლეა.

  • რა იკრძალება კანონით და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ოჯახიდან ბავშვის განცალკევება?

ვიდეოში ინფორმაცია “ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ გაზვიადებულად და უკონტექსტოდ არის მოწოდებული, რაც წლების განმავლობაში მიმდინარე ერთიანი კამპანიის ნაწილია და განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გააქტიურდა. 

ბავშვის უფლებათა კოდექსის კოდექსის” 53.2 მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:

აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების მიწოდებისას, სამედიცინო დაწესებულებაში ან/და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღნიშნული ქმედება იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებას.”

ის მაგალითები, რაც ვიდეოშია მოყვანილი, კოდექსის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. კოდექსში ყურადღება გამახვილებულია ბავშვის არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე. ამ მუხლით სპეკულაცია, თითქოს სახელმწიფო მშობლის მიერ ბავშვის აღზრდის მეთოდებში შეუზღუდავად და დაუსაბუთებლად ერევა და რომ “ბავშვის უფლებათა კოდექსი” ზოგადად ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგაა მიმართული, დაუსაბუთებელი მანიპულაციაა. რეალურად, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება უკიდურეს შემთხვევაში ხდება, როდესაც ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან მიმართებით მყისიერი საფრთხე არსებობს და შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომების გამოყენება ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ვერ უზრუნველყოფს. კოდექსის 26.3 მუხლის თანახმად:

 “იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მიიღოს ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს თანხმობის მისაღებად. სოციალური მუშაკის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ბავშვის მშობლისგან განცალკევების გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებას. აღნიშნული საფრთხის შეფასებაში უნდა მონაწილეობდეს პოლიციის თანამშრომელი. მისი დადებითი ან უარყოფითი დასკვნა შეიტანება შესაბამის ოქმში.”

სოციალური მუშაკმა აუცილებლად უნდა დაასაბუთოს ამ ზომის გაუდებელი აუცილებლობა და შუამდგომლობისთვის სასამართლოს მიმართოს. მას არ აქვს უფლება, შესაბამისი ღონისძიებები კანონიერი საფუძვლის გარეშე გაატაროს. კოდექსის 26 მუხლის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება პერიოდულად გადაიხედება და ბავშვის ოჯახში დაბრუნება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ხდება:

"ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ბავშვის მშობლისგან განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს."

კოდექსის 28-ე მუხლი ეხება ოჯახის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის გაძლიერებას და მათი ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფას. პროგრამა მოიცავს დამხმარე სოციალურ სერვისებს, მშობლისთვის პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობასა და სხვა მიზნობრივი მატერიალური თუ არამატერიალური ღონისძიებების გატარებას. 

  • ამოქმედდა თუ არა საბავშვო ფილმებზე აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვის შესახებ კანონი?

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 561 მუხლი არასრულწლობნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვას ითვალისწინებს, ხოლო იგივე კანონის 562 მუხლი განსაზღვრავს სამაუწყებლო ბადეში განსათავსებელ პროგრამათა კატეგორიებს, რომელთაგანაც ერთ-ერთია „აზარტული თამაშების ამსახველი სცენები და მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობი ინფორმაცია“. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 562 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის პროგრამების განთავსების შეზღუდვა ეხებათ ინტერნეტ გვერდებსაც, მათ შორის ისეთ გვერდებს, რომელთა სამიზნე აუდიტორიასაც უშუალოდ ბავშვები წარმოადგენენ (მაგალითად, საბავშვო ფილმებისა და თამაშების პორტალებს). ასეთ გვერდებზე აკრძალულია ბავშვებისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის (მათ შორის, აზარტული თამაშების პოპულარიზაციის შემცველი ინფორმაციის) ნებისმიერი ფორმით განთავსება. 

ალტ-ინფოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ეს ნაწილი, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებას შეეხება, სიმართლეა. ვიდეოში ნაჩვენებია რამდენიმე ინტერნეტ პორტალი -  srulad.com, iMovies.cc, adjaranet.com, რომელზეც გვხვდება საბავშვო ფილმებისა და ანიმაციური ფილმების სექცია. ამ პორტალებზე მართლაც არის განთავსებული ონლაინ კაზინოების რეკლამა ბანერის და რამდენიმეწამიანი ვიდერგოლის სახით ფილმების, მათ შორის საბავშვო სექციაში განთავსებული ფილმების დაწყებამდე, რაც ეწინააღმდეგება მარეგულირებელი კომისიის დადგენილებას.

მარეგულირებელი კომისიის დადგენილება ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა, შესაბამისად პირველი სექტემბრის შემდეგ აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება საბავშვო ფილმებთან ერთად არღვევს აღნიშნულ დადგენილებებს. 

კამპანია “ბავშვთა უფლებების კოდექსის” წინააღმდეგ

“ბავშვის უფლებათა კოდექსის” წინააღმდეგ კამპანიაში ანტილიბერალური ჯგუფები (ლევან ვასაძე, ოჯახების მსოფლიო კონგრესი, ალტ ინფო, ქართული იდეა), კრემლთან დაახლოებული მედიები (საქართველო და მსოფლიო) და რუსული ორგანიზაციები (პრიმაკოვის სახელობის ცენტრი) დიდი ხანია არიან ჩართული. ეს თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით გააქტიურდა.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაციები: