განმეორებითი დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული საგანძური პირველი რესპუბლიკის მთავრობამ გაიტაცა, სტალინმა კი გადაარჩინა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

stalini
483
VIEWS

2019 წლის 30 აპრილს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” სოციალურ ქსელში ძველი პუბლიკაციები “სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში” გააზიარა. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ქართული საგანძურის ჩამოტანის ისტორია გაყალბებულია, ეროვნული განძის ნაწილი საფრანგეთში საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ გაყიდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის დაბრუნებაში კი ძირითადი წვლილი რეალურად იოსებ სტალინს მიუძღვის.

“საქართველო და მსოფლიო”: “ ექვთიმე თაყაიშვილის “მეთვალყურეობა” და “განძის მცველობა” მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა… მტკნარი სიცრუეა თვალსაზრისი, რომ ექვთიმე თაყაიშვილს, ერთი ნივთიც რომ გაეყიდა, საფრანგეთშიც შეეძლო ბედნიერად ეცხოვრა. ექვთიმეს იმ განძზე, რომელიც მართლაც ძვირად გაიყიდებოდა, ხელი არ მიუწვდებოდა, ხოლო მენშევიკურ მთავრობას რომელზედაც ხელი მიუწვდა, გაყიდა კიდეც… მეცნიერი, ისტორიკოსი (გვარს არ დავასახელებ): “ექვთიმე საფრანგეთიდან არა თუ განძს, თავის ავტოკალამსაც ვერ ჩამოიტანდა, განძის დაბრუნება ერთპიროვნულად სტალინს მიეწერება”.

იდენტური ვერსია, რომელიც სტალინის კულტის განდიდებას ისახავდა მიზნად, 2018 წელს ტვ “ობიექტივის” გადაცემის “ოქროს კვეთა“ ავტორმა ვალერი კვარაცხელიამაც გააჟღერა, რასაც “მითების დეტექტორმა” სპეციალური სტატია მიუღძვნა. გთავაზობთ მნიშვნელოვან ფაქტებს აღნიშნული პუბლიკაციიდან, რომელიც აჩვენებს, რომ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა:

ფაქტი 1.  საფრანგეთში გატანილი 248 ყუთიდან, ეროვნული საგანძური მხოლოდ 39-ში იყო განთავსებული, რაც საქართველოში სრულად დაბრუნდა.

1921 წელს საქართველოდან გატანილი  ეროვნული საგანძური, მართლაც იყო გადანაწილებული 248 ერთეულში, რომლის ნაწილს ყუთები, ნაწილს კი ტომრები წარმოადგენდა. საფრანგეთში ტვირთის ჩატანის შემდეგ საგანძურის ნაწილი ხელახლა გადააწყვეს ყუთებში. არსებული ისტორიული დოკუმენტების თანახმად, 1921 წლის 11 მაისს მარსელის ბანკში ჩაბარებული 167 ყუთიდან ეროვნული საგანძური (ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ნივთები) 39 ყუთში ინახებოდა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების მიერ მარსელის ბანკში შედგენილი აღნიშნული ქონების სია ე.წ. „დოსიე“  ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში არის შემონახული. ასევე, 1930-იან წლებში გაზეთებში ქვეყნდებოდა მუზეუმების მიერ შედგენილი სიები –  მენშევიკური მთავრობის მიერ „გატაცებული“ ქონების ჩამონათვალი (როგორც იმ პერიოდის პრესა მოიხსენიებდა). აღნიშნული სიების და დაბრუნებული ნივთების შედარების საფუძველზე ცალსახაა, რომ ეროვნული საგანძური ხელშეუხებლად დაბრუნდა. ამავეს მოწმობს საბჭოთა კომისიის დასკვნა, რომელიც მათ მიერ “ხალხის მტრებად” გამოცხადებული მენშევიკური მთავრობის მიმართ ლოიალობით არ გამოირჩეოდა. განძის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ, ის საქართველოს მუზეუმს ჩაბარდა. კომისიამ, რომელიც შედგებოდა საბჭოთა აკადემიკოსებისაგან, პროფესორებისაგან და თავმჯდომარეობდა მუზეუმის დირექტორი სიმონ ჯანაშია,  შეამოწმა ყველა ნივთი, შეადარა მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა კატალოგების ჩამონათვალს და დაადგინა, რომ არც ერთი ნივთი არ იყო დაკარგული.

ფაქტი 2. ქონება, რომელიც საფრანგეთში გაიყიდა იყო არა ეროვნული საგანძური, არამედ სახაზინო ქონება და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები.

ეს თანხა ლევილის მამულის შეძენასა და საფრანგეთის ბანკებში საგანძურის შენახვის ხარჯებს მოხმარდა. ეროვნული საგანძური კი არა სტალინის დამსახურებით, არამედ ექვთიმე თაყაიშვილის მონდომებით დაბრუნდა.

ფაქტი 3. საქართველოში ეროვნული განძი არა სტალინის მონდომებით და ბრძოლით, არამედ ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით დაბრუნდა.

1935 წლის 9 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილმა წერილი მიწერა საქართველოს სსრ სამეცნიერო დაწესებულებათა მმარველობის გამგეს, ვუკოლ ბერიძეს: „ვერ დავმშვიდდები მანამ, სანამ ნივთები საქართველოს არ დაუბრნდება და მუზეუმებს არ ჩაბარდება“.

1935 წელს ექვთიმემ წერილით ასევე მიმართა საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, იერ ეტიენ ფლანდენს: „ქართული განძეულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მენშევიკური მთავრობის კუთვნილება და, მაშასადამე, ამ მთავრობის არცნობასთან დაკავშირებით არ შეიძლება მისი უპატრონოდ გამოცხადება…განძეულობა შეადგენს კუთვნილებას ქართული მუზეუმებისას, რომელთაც იგი მხოლოდ დროებით, ევაკუაციასა და დაცვისათვის მიაბარეს ყოფილ მენშევიკურ მთავრობას, ცნობილს თავის დროზე საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ“

ექვთიმეს სურდა საბჭოთა კავშირს შუამდგომლობა გაეწია საფრანგეთთან საგანძურის დაბრუნების საქმეში, თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა. ის  საქართველოში მყოფ თავის მეგობრებს სთხოვდა დახმარებას, რათა საბჭოთა მთავრობას აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაეაქტიურებინა. განძის დაბრუნების საქმეში  ჩართული იყო სსრკ-ს საელჩო საფრანგეთში, თუმცა სსრკ-ს ელჩის ბოგომოლოვის თქმით, თვითონ საგანძურის საქმეში ჩახედული არ იყო, ამიტომ ამ საკითხს მაინც ექვთიმე ხელმძღვანელობდა.    სწორედ მან მოამზადა ვრცელი მოხსენება განძის შესახებ დე გოლისათვის გადასაცემად.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული საგანძურის საქართელოში დაბრუნებაში, ასევე, დიდი როლი შეასრულა იმ პერიოდის საერთაშორისო ვითარებამ და დე გოლის დაინტერესებამ საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობით. 1944 წლის დეკემბერში ის პირადადაც ჩავიდა მოსკოვში, სადაც მხარეებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. საბოლოოდ, 1944 წლის 23 ნოემბერს დე გოლმა  საგანძურის საქართველოში დაბრუნების შესახებ ბრძანება გასცა.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist