ეკონომიკა

Geworld.ge მესამედ აქვეყნებს ჭაჭიას გაყალბებულ სტატისტიკას და მცდარ “პროგნოზს”

20 ნოემბერი, 2018

15 ნოემბერს ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო" (Geworld) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები და შეფასებები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა”. მასალაში მოცემულია ნაწყვეტები მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან. ერთ-ერთ ციტატაში, რომელიც 2013 წლის 18-24 სექტემბერით თარიღდება, ჭაჭია აღნიშნავს, რომ დასავლეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციებს არ ჩადებს, რის გამოც ქვეყანას ვალის აღება უწევს, რაც უკვე 13-14 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: "გგონიათ, [მიხეილ] სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? _ უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა ინვესტიციას. დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია. ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს. სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალ–ახალი კრედიტები უნდა ავიღოთ. ეს კაბალაა!"

Geworld.ge-ს მტკიცება, რომ ჭაჭიას პროგნოზი გამართლა და დასავლეთს სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციები დღემდე არ ჩაუდია, სიმართლეს არ შეესაბამება. მხოლოდ ENPARD-ის პროგრამით 2013-22 წლებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 179.5 მილიონი ევრო იხარჯება. ამასთან, ტყუილია ის ინფორმაციაც, თითქოს საქართველოს საგარეო ვალი 13-14 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2013 წლისთვის ვალი 4.3 მილიარდ დოლარამდე შეადგენდა, ხოლო 2017 წლისთვი ეს მონაცემი 5.2 მილიარდ დოლარამდე იყო.

ფაქტი 1: ევოკავშირის პროგრამა ENPARD საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2013-2022 წლებისთვის 179.5 მილიონ ევროს ხარჯავს

ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა  საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად და მისი ბიუჯეტი საქართველოში 2013-2022 წლებისთვის 179.5 მილიონი ევროს შეადგენს. პროექტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით,  პროექტის მესამე ფაზის (2018-2022) განსახორციელებლად დამატებით 222 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის.

2013 წელს ENPARD-ის მხარდაჭერით შეიქმნა  „სასოფლო–სამეურნეო  კოოპერატივების განვითარების სააგენტო “. სააგენტოს მიზანს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების გზით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, წარმოების რენტაბელობის ამაღლება და ეროვნული ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.  სააგენტოში ჯანმში 1121 კოოპერატივია დარეგისტრირებული.


რეგიონი კოოპერატივის რაოდენობა
კახეთი 119
ქვემო ქართლი 125
შიდა ქართლი 90
მცხეთა-მთიანეთი 56
სამეგრელო - ზემო სვანეთი 101
გურია 46
აჭარა 86
სამცხე-ჯავახეთი 223
იმერეთი 124
რაჭა-ლეჩხუმი 102
თბილისი 49

ფაქტი 2: 2013 წლის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა

,,საქართველო და მსოფლიოს” საიტზე ალექსანდრე ჭაჭიას არაერთი ინტერვიუა გამოქვეყნებული, რომლებშიც ის საქართველოს საგარეო ვალის ოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს. მხოლოდ 2013 წლის ინტერვიუში მან ეს რიცხვი ორჯერ შეცვალა: 2013 წლის 4 ივლისს ჭაჭიამ განაცხადა, რომ საქართველოს ვალი 2 მილიარდს შეადგენდა, დაახლოებით ორ თვეში, 2013 წლის 18 სექტემბრის ინტერვიუში მან ეს რიცხვი 13-14 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ალექსანდრე ჭაჭია ივლისი 4, 2013: ,,ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს 2-მილიარდიანი ვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ, საქართველოში ეკონომიკური აღმასვლაც რომ დაიწყოს, ჩვენ ამ ვალის გადახდას, სულ მცირე, 30 წელი მაინც მოვუნდებით. ისინი კი, ვინც ჩვენ ეს ვალი მოგვცა, გვეუბნებიან: _ შენ ამ ობიექტს მიჰყიდი ამას ამ ფასად, ანუ პირდაპირი მითითებები კეთდება უკვე”

ალექსანდრე ჭაჭია სექტემბერი 18, 2013 წელი: ,,დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალ–ახალი კრედიტები უნდა ავიღოთ.”

საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით 2013 წელს 4,202,026,000 დოლარს, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით - 5,177,390,000 დოლარს შეადგენდა.

ალექსანდრე ჭაჭიას აღნიშნული ინტერვიუ Geworld.ge-ზე სამჯერ გამოქვეყნდა, ყველა მათგანში უცვლელი რჩება ციტატა, სადაც ის დასავლური ინვესტიციების არარსებობისა და საგარეო ვალის შესახებ საუბრობს:


ალექსანდრე ჭაჭიას შესახებ

ალექსანდრე ჭაჭია მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგია, რომელიც 2014 წლის 13 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ჭაჭია არის ფონდის “ისტორიული მემკვიდრეობა” გამგეობის თავმდჯომარეც. ამ ფონდის შექმნას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მიესალმა. “ისტორიული  მემკვიდრეობა” გაზეთის “საქართველო და მსოფლიო” დამფუძნებელია.

ალექსანდრე ჭაჭია და „საქართველო და მსოფლიო“ ხშირად ფიგურირებენ მედიის განვითარების ფონდის კვლევებში, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის წყარო.


პროპაგანდის მეთოდი:

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.  

მოამზადა გვანცა დევიძემ