იდენტობა

Imedinews -მა CBSNews.com-ის ინფორმაციის მანიპულაცია მოახდინა

21 მარტი, 2017

17 მარტს, ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების ვებ-გვერდზე imedinews.ge გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით „ბრიტანეთში ბავშვები 3 მშობლისგან გაჩნდებიან". აღნიშნული მასალა წარმოადგენს CBSNews.com-ის ინფორმაციის მანიპულაციას, რადგან იმედის სათაური შეცდომაში შემყვანია და არ ასახავს თავად მასალის შინაარსს.

იმედის მასალის პირველწყარო CBSNews-ი იყო, რომლის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ნიუკასლის უნივერსიტეტს პირველი ოფიციალური ლიცენზია მიენიჭა, რათა ხელოვნური განაყოფიერების დროს 3 ადამიანის დნმ გამოიყენოს. CBSNews-ის პუბლიკაციის სათაურში აღნიშნულია, რომ საქმე 3 ადამიანის დნმ-ის გამოყენებას შეეხება და არა 3 მშობლის მიერ ბავშვის გაჩენას, როგორც ეს იმედის ახალი ამბების ვებ-გვედრზეა მითითებული. ამდენად, Imedinews.ge -ს სათაური მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია, ის არ ასახავს იმ შინაარსს, რომელიც თავად მასალაშია გადმოცემული.

ინფორმაციის მანიპულაცია

 

იდენტური რუსული წყაროები

16 მარტს იგივე ინფორმაცია იმედის ახალი ამბების ვებ-გვერდის სათაურის იდენტური ფორმულირებით რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს. კერძოდ, ეს პლატფორმებია:

 

 

მედიასაშუალება

ინფორმაცია მედიასაშუალების შესახებ

ახალი ამბის სათაური

tvzvezda.ru

რუსეთის შეიარაღებული ძალების ტელერადიოკომპანია «ЗВЕЗДА» -ს საინფორმაციო პორტალი

ბრიტანეთში სამი მშობლისგან ბავშვის გაჩენა დაუშვეს

(В Британии разрешили рожать детей от троих родителей)

tsargrad.tv

Царьград ТВ რუსული კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური სატელევიზიო არხია. მაუწყებლობა დაიწყო 2015 წელს . ტელეარხის მფლობელია რუსი მეცენატი კონსტანტინ მალოფეევი. 2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა ალექსანდრე დუგინი -ევრაზიული იდეის და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი და აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი.

დიდ ბრიტანეთში ლიცენზიით ბავშვები სამი მშობლისგან გაჩნდება

(Дети от трех родителей начнут рождаться в Великобритании по лицензии)

kolokolrussia.ru

ინტერნეტ გაზეთი Колокол России 2014 წელს დაფუძნდა ვადიმ როგოჟინის მიერ, რომელიც გაზეთის მთავარი რედაქტორია. მისი თქმით, Колокол России სახელმწიფო-პატრიოტული მედიაა, რომლიც იდეოლოგებს, მოაზროვნეებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს გააერთიანებს საერთო იდეის ირგვლივ - „რუსული სამყაროს" (Русский мир) გაფართოება და გაძლიერება.

ბრიტანეთში დაუშვეს ბავშვის გაჩენა სამი მშობლით

(В Британии разрешили рожать детей трем родителям)

spbdnevnik.ru

Петербургский Дневник - ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მთავრობის ყოველდღიური გამოცემა

ბრიტანულმა კლინიკამ მოიპოვა ლიცენზია შექმნას ბავშვები სამი მშობლისგან

(Британская клиника получила лицензию на создание детей от трех родителей)

დნმ-ის პროგრამის შესახებ

2016 წლის დეკემბერში, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონი, რომელიც მიზნად ისახავს დედების მხრიდან ფატალური გენეტიკური დაავადებების თავიანთი შვილებისთვის გადაცემის პრევენციას. ახალი პროცედურების მეშვეობით, ფიქსირდება დედის კვერცხუჯრედის ბირთვის გარეთ არსებული სტრუქტურების - მიტოქონდრიის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ბავშვში კუნთოვანი დისტროფია ან ძირითადი ორგანოების უკმარისობა გამოიწვიონ. პროცედურას, რომელიც ამგვარი შემთხვევებისას გამოიყენება „თითისტარისებრი ბირთვული ტრანსფერი" ეწოდება. ამ დროს დედის კვერცხუჯრედიდან ხდება უჯრედის ბირთვის გამოცალკევება და დონორის ჯანმრთელი მიტოქონდრიის მქონე კვერცხუჯრედში ტრანსფერი, საიდანაც უჯრედის ბირთვი უკვე მოცილებულია. შედეგად მიიღება კვერცხუჯრედი, რომელსაც დედისგან უჯრედის ბირთვის დნმ, ხოლო დონორისგან მიტოქონდრიული დნმ გააჩნია. ამის შემდგომ შესაძლებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება მამის სპერმის მიერ და მიიღება ემბრიონი (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი), რომელიც დედის, კვერცხუჯრედის დონორისა და მამის გენეტიკურ მასალას შეიცავს.

დნმ

 

მოამზადა დალი ქურდაძემ