ინფორმაცია, ისტორიის სახელმძღვანელოში გარეჯის აზერბაიჯანისთვის მიკუთვნების შესახებ, არ დასტურდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

167
VIEWS

3 და 4 თებერვალს ფეისბუქ გვერდებმა “ერთი მილიონი ქართველი”, “კანსპირატორი” და “Gogaggg” ისტორიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოს გარეკანისა და ერთ-ერთი გვერდის ფოტო გაავრცელეს. მოცემულ ფოტოზე წიგნის გვერდზე არსებული წარწერა იკითხება: “წყარო 8: დავით-გარეჯი  აზერბაიჯანის ტერიტორიას მიეკუთვნება.”

“ერთი მილიონი ქართველი” ფოტოს თან ურთავდა კომენტარს, რომლის მიხედვითაც წიგნი 2009 წელს გამოიცა და ის გვერდს ისტორიის პედაგოგმა მიაწოდა. გვერდის მტკიცებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ გარეჯი გაყიდა, შემდეგ კი მომავალ თაობას ასწავლიდა, რომ გარეჯი საქართველო არ არის.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული 2 სახელმძღვანელოდან ერთის გამომცემელი არის “კლიო”, მეორეს კი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. ორივე სახელმძღვანელოს განსხვავებული გარეკანი აქვს. სულაკაურის გამომცემლობაში აცხადებენ, რომ მათ ისტორიის მე-9 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელო პირველად არა 2009, არამედ 2012 წელს სრულიად განსხვავებული დიზიანით დაბეჭდეს. სულაკაურის გამოცემულ 2012 წლის ვერსიაში დავით გარეჯის შესახებ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს და გარეჯი სრულიად განსხვავებულ კონტექსტში სულ ორჯერ არის ნახსენები. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე არსებული ინფორმაციით, მე-9 კლასის ისტორიის ორი სხვადსხვა გამომცემლობის სახელმძღვანელოა გრიფირებული. ეს გამომცემლობებია “კლიო” და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.”

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი წიგნის ყდაზე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ლოგოს ვხედავთ, მისი ავტორები კი ნ.ასათიანი, მ.ლორთქიფანიძე, ფ.ლომაშვილი, რ.მეტრეველი, გ.ოთხმეზური არიან. რაც შეეხება გამომცემლობა “კლიოს,” მის დაბეჭდილ სახელმძღვანელოს სრულიად  განსხვავებული ვიზუალი და ავტორთა გვარები (აპოლონ თაბუაშვილი, ლერი თავაძე, ოთარ ჯანელიძე, ნანა ირემაშვილი) ერთვის თან.

“მითების დეტექტორთან” კომენტარში “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” დირექტორმა თინა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მათ მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო პირველად 2012 წელს გამოსცეს და წიგნის ყდას განსხვავებული დიზაინი აქვს, მის გარეკანზე არა სვეტიცხოველი, არამედ დმანისის სიონია გამოსახული. ამასთანავე სახელმძღვანელოში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გრიფი 2012 წელს მიანიჭა, განსხვავებული შრიფტია გამოყენებული.

კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემული ისტორიის სახელმძღვანელოსა და ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ფოტოსურათს შორის არსებობს, დიზაინია. ფეისბუქზე გავრცელებულ სურათში ჩანს, რომ დავით გარეჯის ფოტო და წარწერა გვერდის ზედა ნაწილშია მოთავსებული და კიდეზე დატოვებული ველი თეთრია. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს ყველა გვერდს წიგნის თავების შესაბამისი ფერისს ველი აქვს, რომელსაც კონკრეტული თავის სახელი აწერია. ეს დეტალი ამყარებს ეჭვს, რომ გავრცელებული ფოტო დამუშავებულია და რეალურ სახელმძღვანელოს არ ასახავს.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ისტორიის მე-9 კლასის ამ სახელმძღვანელოში გარეჯი სულ ორჯერ არის მოხსენიებული და ამათგან არც ერთ შემთხვევაში არ არის ნახსენები, რომ ის აზერბაიჯანს ეკუთვნის.

წიგნის 220-ე თავში მეფე ალექსანდრეს მიერ თემურ-ლენგის ლაშრობების შედეგად დაზიანებული გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღდგენაზეა საუბარი:

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: “მეფე ალექსანდრე აგრძელდება დანგრეული ეკლესია-მონასტრებისა და სხვა ნაგებოდების აღდგენა-განახლებას, მაგალითად, მან განაახლა სვეტიცხოველის, გარეჯის, რუისისა და სხვა ტაძრები.”

413-ე გვერდზე კი ტექსტი საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში გარეჯის ტერიტორიიდან სამხედრო პოლიგონის გატანას ეხება.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: ასეთ პირობებში [საბჭოთა] ხელისუფლებას სულ უფრო უძნელდებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ოპოზიციური მოძრაობა კი ახალ-ახალ წარმატებებს აღწევდა. კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობის შეჩერება, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიიდან სამხედრო პოლიგონის გატანა და სხვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “მითების დეტექტორმა” წერილობით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასალა განახლდება ინფორმაციის მიღების შემთხვევაში.

პოსტის გავრცელება

2021 წლის 5 თებერვლის 13:00 საათის მდგომარეობით “ერთი მილიონი ქართველის” პოსტს 501 გაზიარება აქვს. Gogaggg-ის პოსტი – 90 მომხმარებელმა, ხოლო “კანსპირატორის” პოსტი – 119 ადამიანმა გააზიარა. ამასთანავე, “კანსპირატორის” პოსტი დაფინანსებულია რეკლამის სახით, რეკლამის ღირებულებად კი $100 ნაკლები თანხაა მითითებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist