განათლება

ინფორმაცია, თითქოს იუნისეფი საქართველოს მასწავლებელთა სამსახურიდან დათხოვნისკენ მოუწოდებს, ტყუილია

22 იანვარი, 2019

18 იანვარს ტელეკომპანია  ობექტივის თოქ-შოუში “ღამის სტუდია”  განათლების ექსპერტმა მანანა ნოკოლეიშვილმა განაცხადა, თითქოს გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) “გასაიდუმლოებული” დასკვნა საქართველოს მთავრობას სამსახურიდან ათეულ  ათასობით მასწავლებლის გათავისუფლების რეკომენდაციას აძლევდა, რასაც ის დემოგრაფიულ პრობლემებს უკავშირებდა.

მანანა ნიკოლეიშვილი, განათლების ექსპერტი: „ათეულ ათასობით ადამიანის გაშვებაზეა საუბარი... იმ გაეროს, იუნისეფის დასკვნა, რომ არის რომელიც პრაქტიკულად გასაიდუმლოებულია და რომელიც რეკომენდაციაა მთავრობას მიცემული, რომ გაუშვითო თქვენ მაინც მცირდებითო, მცირერიცხოვანი ერი ხართ, მაგრამ კიდე უფრო შემცირდებითო, 28 ათასი მასწავლებელი გეყოფათო და ანუ, ახალი ფულზე და  შექმნაზე და ეკონომიკის განვითრებაზე კი არ არის საუბარი საქართველოში და ეკონომიკის გამოცოცხლებაზე, იმ 28 000 მასწავლებელი ვინც დარჩებაო აი, იმ ფულითო მოუმატეთ სხვებს ხელფასიო. აი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა და კონკრეტულად იუნისეფის დასკვნა.“

განცხადება, თითქოს გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) “გასაიდუმლოებული” დასკვნა არსებობს, რომელიც საქართველოს მთავრობას ათასობით მასწავლებელი სამსახურიდან გაშვების შესახებ რეკომენდაციას უწევს, დეზინფორმაციაა. მსგავსი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს, რასაც გეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს.

“მითების დეტექტორი” გაეროს ბავშვთა ფონდს  დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ არ არსებობს დოკუმენტი, მით უფრო “გასაიდუმლოებული”, რომელიც საქართველოს მთავრობას ათი ათასი მასწავლებელი სამსახურიდან დათხოვნის რეკომენდაციას აძლევს.

იუნისეფის პუბლიკაციები და ანგარიშები საჯარო დოკუმენტებია, რომლის ნახვა მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. იუნისეფის არც ერთი ბოლო პერიოდის კვლევა/პუბლიკაცია საქართველოს შესახებ სასკოლო განათლებას  არ ეხება.

აღსანიშნავია, რომ იუნისეფი გაეროს ერთ-ერთი სააგენტოა, რომლის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა, მათთვის შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური გარემოს, ასევე,  ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლების და გენდერული და სხვა სახის თანასწორობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.