სხვადასხვა

იყიდება თუ არა საქართველოში “ჩემი ბრძოლა”, რომლის ანოტაციაც ჰიტლერს განადიდებს?

6 ივლისი, 2020

30 მაისს, Sputnik-ossetia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ადოლფ ჰიტლერის წიგნის “ჩემი ბრძოლა” საქართველოს მაღაზიებში გამოჩენის შესახებ ცხინვალში კომენტარი გააკეთეს”. Სტატიაში საუბარია, რომ საქართველოში მძლავრდება რადიკალური იდეებისა და რასული თეორიების პროპაგანდა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში 2020 წელს ადოლფ ჰიტლერის “ჩემი ბრძოლა” გამოიცა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის KGB-ის მტკიცებით, წიგნი საქართველოს წიგნის ყველა მაღაზიაში იყიდება და  დიდი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს. მათივე თქმით, წიგნის ანოტაციაში ნათქვამია, რომ "ფაშისტური სახელმწიფოს ფიურერის წიგნის გაცნობა გააქარწყლებს იმ სიცრუეებს, რომლებიც საბჭოთა ლიტერატურამ ჰიტლერზე შექმნა”. 

სტატიის მიხედვით, საქართველოში მთავარი ნაცისტური კრიმინალის წიგნის გამოცემა შემთხვევით არ დამთხვევია დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს. KGB-ს Განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია ის სიმბოლიზმი, რომ ადოლფ ჰიტლერის “ჩემი ბრძოლის” ქართული თარგმანის გამოჩენა დაემთხვა ე.წ. “სამხრეთ ოსების გენოციდის” 100 წლისთავს. “ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თბილისის რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ აღიაროს 1920 წელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა, კვლავ იჩენს ინტერესს რადიკალური იდეების მიმართ და აკავშირებს კრიმინალურ და აგრესიულ ზრახვებს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში,” - აღნიშნეს სპეცსამსახურში.

სპუტნიკის ამ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია მანიპულაციაა და მკითხველი შეცდომაში განზრახ შეჰყავს.

წიგნების ერთადერთი მაღაზია, სადაც “მაინ კამფი” სპუტნიკში მოცემული ანოტაციით იძებნებოდა, ლატერნაა. “მითების დეტექტორი” წიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად “ლატერნას” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ წიგნი ძველი გამოცემულია და ახალი არ არის. 6 ივლისის მდგომარეობით, “ლატერნას” ონლაინ მაღაზიიდან “მაინ კამფის” აღნიშნული წარწერა ამოღებულია და მაღაზია წიგნს ამ ანოტაციით აღარ ყიდის.  

მტკიცება, რომ წიგნის გამოცემა საქართველოში სამამულო ომის 75 წლისთავს და “სამხრეთ ოსების გენოციდის” 100 წლისთავს განზრახ დაამთხვიეს, მცდარია. რეალურად, წიგნის ადაპტირებული, შემოკლებული ვერსიის ქართული თარგმანი მანამდეც, ჯერ კიდევ 1991 წლიდან არსებობდა. Ამასთანავე, ადოლფ ჰიტლერის “ჩემი ბრძოლა” არცერთი თანამედროვე ქართული მსხვილი გამომცემლობის მიერ არაა გამოცემული. “Მითების დეტექტორი” დაუკავშირდა შემდეგ გამომცემლობებს: დიოგენეს, არტანუჯს, ინტელექტს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, “წიგნები ბათუმში”-ს რომელთაგანაც ყველამ დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული წიგნი არასდროს გამოუცია. 

გარდა ამისა, ონლაინ სივრცეში ადოლფ ჰიტლერის ეს წიგნი მხოლოდ რამდენიმე ვებ-გვერდზე იძებნება და ხელმისაწვდომია მხოლოდ შემოკლებული ონლაინ ელექტრონული ვერსია. Წიგნი შემდეგი ანოტაციითაა განთავსებული: “ადოლფ ჰიტლერმა „ჩემი ბრძოლა“ (mein Kampf) მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში, პატიმრობისას დაწერა. წიგნში ასახულია მისი პოლიტიკური ხედვა, მსოფლმხედველობა, ბიოგრაფიული და კარიერული გზა. წინამდებარე თარგმანი 1935 წელს გამოცემული წიგნის შემოკლებული ვარიანტია.” ვებგვერდზე, ასევე, გამოქვეყნებულია წიგნის სარჩევიც.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ეს ელექტრონული ვერსიები ორიგინალი წიგნის შემოკლებული, ადაპტირებული ვერსიის ქართული თარგმანია და ეს თარგმანი ბევრად ძველია. 

ასეთივე ძველი თარგმანები განთავსებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, სადაც ადოლფ ჰიტლერის წიგნის გამოცემის თარიღად 1995 წელია მითითებული. Წიგნი ელექტრონულ ბიბლიოთეკაში შემდეგი ანოტაციით არის გამოქვეყნებული: “ადოლფ ჰიტლერმა „ჩემი ბრძოლა“ (mein Kampf) მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში, პატიმრობისას დაწერა. წიგნში ასახულია მისი პოლიტიკური ხედვა, მსოფლმხედველობა, ბიოგრაფიული და კარიერული გზა. წინამდებარე თარგმანი 1935 წელს გამოცემული წიგნის შემოკლებული ვარიანტია.”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ხელმისაწვდომია 1935 წელს შანხაიში გამოცემული შემოკლებული ვარიანტის ქართული თარგმანის ბეჭდური ვერსია, რომელიც 1991 წელსაა გამოცემული, თუმცა გამომცემლობა მითითებული არაა.

თუმცა აღნიშნული წიგნი არც ისე პოპულარულია, როგორ ეს “ლატერნაში” გვითხრეს. 

ჰიტლერის “ჩემი ბრძოლა” საქართველოში 2020 წელს არ გამოცემულა და წიგნის ხელმისაწვდომ ვერსიებს მხოლოდ ისტორიული წყაროს გაცნობის და არა ჰიტლერის ფენომენის განდიდების დანიშნულება აქვს. სპუტნიკ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის KGB ბრალდებები თითქოს 1991 წელს გამოცემული წიგნი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ნაციზმის მხარდამჭერას ახდენს უსაფუძვლო განზოგადებაა. 


მოამზადა ნიკა შეყელაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია