NGO

იყო თუ არა ჯორჯ სოროსი ნაცისტური SS-ის ოფიცერი?

19 თებერვალი, 2020

18 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გააზიარა ფოტო, რომელზეც მათი მტკიცებით SS-ელი სოროსია გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: 

“ფოტოზეა ესესელი ჯორჯ სოროსი. შემდეგში როცა სოროსის მიერ დაფინანსებული ლიბერასტი დაგიძახებთ რასისტს, ფაშისტს და ნაცისტს, ეს ააფარეთ სახეზე”. 

პოსტის ავტორად სანდრო ლობჟანიძეა მითითებული, ხოლო ფოტოზე გამოსახულია უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაცისტური SS-ის უნიფორმა აცვია.

"

გვერდი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ყალბ ცნობებს ავრცელებს იმის შესახებ, თითქოს ფოტოზე ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსია გამოსახული. რეალურად, ფოტო “აუშვიცის” ბუღალტერს, ოსკარ გრონინგს ეკუთვნის.

ვინ არის გამოსახული ფოტოზე?

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაცისტური SS-ის უნიფორმა აცვია, სინამდვილეში არა ჯორჯ სოროსი, არამედ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ბუღალტერი ოსკარ გრონინგია 21 წლის ასაკში. გრონინგი საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლიდან მუშაობდა, ნაცისტური რეჟიმის ტყვეებისგან გამოძალულ ფულს აგროვებდა და ბერლინში ზემდგომ პირებთან აგზავნიდა

ოსკარ გრონინგი 2015 წელს, 93 წლის ასაკში დააკავეს, 300 000 ებრაელის მკვლელობაში არაპირდაპირი მონაწილეობის ბრალდებით დამნაშავედ სცნეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გრონინგი 96 წლის ასაკში, 2018 წელს გარდაიცვალა

"
ფოტო: BBC

გრონინგის ახალგაზრდობის იდენტური ფოტო DailyMail-ის სტატიაშიც იძებნება.

"

"
ოსკარ გრონინგი სასამართლო პროცესზე, 2015 წ.

რაც შეეხება ჯორჯ სოროსს, ის არა ნაცისტი, არამედ წარმოშობით უნგრელი ებრაელია, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ უნგრეთის ოკუპაციის შემდეგ, 14 წლის ასაკში მიმალვაში იყო.

იდენტური დეზინფორმაცია ჯორჯ სოროსის ნაცისტური წარსულის შესახებ სოციალურ ქსელებში გასულ წლებშიც ვრცელდებოდა. ვირუსულად ზიარდებოდა მიმი, რომელსაც მსგავსი შინაარსის შემცველი წარწერა ჰქონდა, რაც ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” პოსტში მიუთითა: “დაიმახსოვრე, როდესაც შემდგომში სოროსის დაფინანსებული ლიბერალები რასისტს, ფაშისტს ან ნაცისტს დაგიძახებენ.”

დეზინფორმაცია 2016-2018 წლებში snopes.com-მა, factcheck.org-მა და apnews.com-მა გადაამოწმეს. 

"
წყარო: factcheck.org


წყაროს შესახებ

“საქართველო უპირველეს ყოვლისა” პროპაგანდისტული და ანტილიბერალური ფეისბუქ გვერდია, რომელიც პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუასა და ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის მიერ გავრცელებულ ნარატივებს აზიარებს. გვერდი ასევე ჩართული იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც “მედიის განვითარების ფოდმა” 2019 წლის დეკემბერის ანგარიშში გამოავლინა.