ქართლ-კახეთის ანექსია თუ 1917 წლის რევოლუციის შედეგი – როდის შეურთდა ცხინვალის რეგიონი რუსეთს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

259
VIEWS

2021 წლის 17 თებერვალს ონლაინ გამოცემამ ,,Sputnik-Ossetia’’ გამოაქვეყნა რადიო გადაცემის ფრაგმენტი, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხს ეხება. მასალაში ისტორიული მეცნიერების კანდიდატის თეიმურაზ თადტაევის განაცხადება არის მოცემული. მისი მტკიცებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოზე ადრე შევიდა, შემდგომში კი როცა 1917 წელს, რევოლუციის პერიოდში რუსეთთან დარჩენა მოისურვა, საქართველომ მას გენოციდი მოუწყო. აღნიშნული მტკიცებები თადტაევის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საფუძვლად არის მიჩნეული.

თეიმურაზ თადტაევი, ისტორიკოსი: “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უფრო მეტი პოლიტიკური, იურიდიული და ისტორიული საფუძველი აქვს, ვიდრე კოსოვოს დამოუკიდებლობას. ჩვენ რუსეთის იმპერიაში საქართველოზე ბევრად ადრე შევედით. როდესაც 1917 წლის რევოლუცია მოხდა, ოსებმა სრულად გამოხატეს რუსეთში დარჩენის სურვილი. ეს გენოციდად იქცა.”

თადტაევის  მტკიცება, თითქოს ე. წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიაში საქართველოზე ადრე შევიდა და 1917 წელს რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილის გამოხატვის შემდეგ საქართევლომ გენოციდი მოუწყო, მცდარია. სინამდვილეში, 1.დღევანდელი ცხინვალის რეგიონის ტერიტორია რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიისას შეურთდა. 2. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სხვადასხვა, მათ შორის ოსთა აჯანყებები ჩაახშო, თუმცა, მიღებული ზომები ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული არ იყო და გენოციდს ადგილი არ ჰქონია.   

ფაქტი 1: დღევანდელი ცხინვალის რეგიონის ტერიტორია რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიისას შეურთდა

რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პერიოდში საქართველო ერთიანი სახელმწიფო არ იყო და ის სამეფო-სამთავროებად იყოფოდა. ამ პერიოდში დღევანდელი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ცალკე სამთავროს ან სამეფოს არ წარმოადგენდა და ის ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო. 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა  ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შესახებ მანიფესტი გამოსცა, რომელიც სიონში შეკრებილ ქართველებს 1802 წლის 12 აპრილს გააცნეს. მანიფესტის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთის გუბერნიად იქცა, რასაც შემდგომ რუსეთის იმპერიის მიერ სხვა სამეფო-სამთავროების გაუქმება მოყვა.

იმ პერიოდში ქართლ-კახეთის სამეფო  დღევანდელი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასაც მოიცავდა, მაგალითად ცხინვალს და მიმდებარე სოფლებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამეფოს გაუქმებას რუსეთის მხრიდან მისი ახლებური ადმინისტრაციული დაყოფა მოჰყვა. ტერიტორია 5 მაზრად დაიყო: გორის, ლორეს, დუშეთის, თელავის და სიღნაღის მაზრები. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და ქალაქები, როგორებიცაა ცხინვალი და ჯავა იმ პერიოდში სწორედ გორის მაზრის ნაწილად იქცა. ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი ნაწილი კი დუშეთის მაზრის ნაწილი იყო.

1
ქართლ-კახეთის სამეფო 1801 წელს

ასევე საგულისხმოა, რომ ხშირად რუსეთი სწორედ 1774 წელს ასახალებს იმ თარიღად, როცა ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთის იმპერიასთან ერთად ყოფნა განიზრახეს, თუმცა აღნიშნული მოსაზრება წინააღდმეგობაში მოდის თავად გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომელსაც ხელს ასევე რუსეთის იმპერია აწერდა. ტრაქტატს თან ერთვის სია იმ თავადების, რომლებიც ერეკლე II-ს ექვემდებარებოდნენ, მათ შორის შიდა ქართლის ტერიტორიის თავად-აზნაურებიც (ერისთავი, მაჩაბელი, ხერხეულიძე, ფალავანდიშვილი, კორინთელი, ფავლენიშვილი, რჩეულიშვილი). სწორედ შიდა ქართლის ტერიტორია მოიცავდა იმ მიწებს, რომელთაც დღეს რუსეთი სამხრეთ ოსეთს უწოდებს, შესაბამისად თუ ამ ტერიტორიებზე ერეკლე II-ის მეფობა არ ვრცელდებოდა, იქ მცხოვრები თავად-აზნაურები შესაბამის სიაში ვერ შევიდონენ. სიის გაგზავნის მიზეზი ის იყო, რომ ტრაქტატის მე-9 მუხლი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურებს ისეთივე პრივილეგიებს ანიჭებდა, როგორიც რუს თავად-აზნაურებს გააჩნდათ.

2
გვარების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ერეკლე II-მ რუსეთის იმპერიას გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის პერიოდში გაუგზავნა.

ფაქტი 2: 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სხვადასხვა, მათ შორის ოსთა აჯანყებები ჩაახშო, თუმცა მიღებული ზომები ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული არ იყო და გენოციდს ადგილი არ ჰქონია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ავტონომიის მოთხოვნა 1917 წლიდან განიხილებოდა, თუმცა გენოციდის შესახებ ინფორმაცია ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება.

1917 წელს დეკემბერში ცხინვალში ოსთა ყრილობა გაიმართა. ყრილობას მისასალმებელი წერილი  აკაკი ჩხენკელმა ეროვნული საბჭოს სახელით გაუგზავნა, რასაც ოსების მხრიდან საპასუხო წერილი მოჰყვა, რაც იმ პერიოდში ქართველებსა და ოსებს შორის კარგ ურთიერთობას ადასტურებს:

„სამხრეთ ოსეთის ეროვნული ყრილობა უსაზღვრო მადლიერებას უძღვნის საქართველოს ეროვნულ საბჭოს ძმური სალმისთვის. …ყრილობა დარწმუნებულია, რომ სოლიდარობა კავკასიის ხალხთა შორის განმტკიცდება მხოლოდ მთელი კავკასიის რევოლუციონურ დემოკრატიის მეშვეობით.“

3
“ოსების ეროვნული საბჭო” – გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 15 მაისი, №105.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემდგომ პერიოდში ოსების მიერ სხვადასხვა აჯანყება, რომელიც ოსი ბოლშევიკების მიერ იყო პროვოცირებული მართლაც დაიწყო. 1918 წლის მარტში ოსმა ბოლშევიკებმა ცხინვალსა და ჯავაში აჯანყება წამოიწყეს, ცხინვალი დაიკავეს,  გიორგი მაჩაბელი, სანდრო კეცხოველი, პეტრე ეფრემიძე, კოსტა კაზიევი და სხვები გაძარცვეს და წამებით მოკლეს. აღნიშნული აჯანყება ალ. კონიაშვილისა და ვ. ჯუღელის სარდლობით ჩაიხშო. ამას სხვა მასშტაბური აჯანყებებიც მოჰყვა, რომლებიც ასევე რუსეთის დახმარებით და ოს ბოლშევიკთა წაქეზებით იყო გამოწვეული. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აჯანყების ჩახშობა სხვა შემთხვევებშიც მოახერხა.

აჯანყებების ჩახშობას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა არ არსებობს არანაირი გენოციდის ნიშანი, რომელიც რუსეთის ან ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ამის მტკიცების საშუალებას მისცემდა. სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერებით ასევე დასტურდება, რომ იმ პერიოდში  ქართველთა აჯანყებების ჩახშობაც მოხდა, შესაბამისად ეს არ იყო ქმედება, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ოსების წინააღმდეგ იყო მიმართული.

1918 წელს ოსების აჯანყების შესახებ ნაციონალ-დემოკრატებსა და მთავრობას შორის დებატები გაიმართა. ისტოირულ ჩანაწერებში ვხვდებით მოსაზრებსა, რომ ეთნოსს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი ანტისახელმწიფოებრივი აჯანყებაა, რომელშიც ოს ეთნოსთან ერთად ქართველებიც მონაწილეობდნენ:

“მაგრამ მთავრობამ ასეთივე რეპრესიული ზომები მიიღო აგრეთვე აჯანყებულ ქართველების წინააღმდეგ. რადგან უტყუარი ფაქტია ის, რომ ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღალატური გამოსვლა მოახდინეს არა მარტო ოსებმა, არამედ ქართველებმაც… ოსებში შეიძლება ადგილი ქონდეს კვლავ შეუერთდნენ რუსეთს. მაგრამ ასეთს მისწრაფებას ზოგიერთ ალაგას ხომ ქართველი გლეხებიც იჩენენ? რა შუაშია აქ საერთოდ ოსობა, ოსეთის ხალხი?”

გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს, გენოციდი:

“ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:

  1. ჯგუფის წევრთა მკვლელობა;
  2. ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება;
  3. ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას;
  4. ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა;
  5. ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემა.”

ამ შემთხვევაში მიღებული ზომები მხოლოდ და მხოლოდ აჯანყების ჩახშობის მიზნით განხორციელდა და  არანაირი გამოვლინება არ ყოფილა იმის, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოსთა ეთნიკურ განადგურებას გეგმავდა, თუნდაც მცირე მასშტაბით.

პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე რუსეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან გენოციდის საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2006 წლის ოქტომბერში ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 1918-1920 წლებში ოსი ხალხის გენოციდის შესახებ დეკლარაცია მიიღო. ეს ქმედება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ასევე 1920 წლის მოვლენებს ქართველების მხრიდან ოსთა გენოციდი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე დასახელებული მითი და ისტორიის ფალსიფიცირება ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვრცელ მიმართვაში გაჟღერდა, სადაც მან აღნიშნა, რომ “ოსეთი, — მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები, — 1774 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში”. პუტინმა მიმართვაში, ასევე, საქართველოს 1920 წელს ოსთა გენოციდში  დასდო ბრალი.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist