სხვადასხვა

ქართველი სნაიპერების შესახებ გაყალბებულ ფილმს ტრისტან წითელაშვილი ამყარებს

11 დეკემბერი, 2017

მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ გაყალბებულ დოკუმენტური ფილმს, რომელიც გასულ კვირას სხვადასხვა ქვეყანებში გავრცელდა, საქართველოში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული გენერალი ტრისტან წითელაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” 27 ნოემბრის ინტერვიუში განავრცობს. კერძოდ, წითელაშვილი მაიდნის მოვლენებში ბრალს “დასავლეთის რეზიდენტებს” და მიხეილ სააკაშვილს სდებს.

ტრისტან წითელაშვილი: “დასავლეთის რეზიდენტებმა, რომლებიც მაიდნის აქციებს ხელმძღვანელობდნენ, მიიღეს შეუწყნარებელი გადაწყვეტილება - დაძაბულობა სისხლის დაღვრით შეენარჩუნებინათ - ცეცხლი გაეხსნათ საკუთრი მომხრეებისთვის და ეს ვანდალიზმი ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ!“

დოკუმენტური ფილმი მითების დეტექტორმა, Stop Fake-მა, Insider-მა და BBC Monitoring-მა გააბათილეს. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფილმში მოყვანილი “მტკიცებულებები” ფაქტობრივ უზუსტობებსა და მანიპულაციებს შეიცავს, კერძოდ:

  1. ფილმში მონაწილე რესპონდენტები აცხადებენ, რომ 2014 წლის თებერვალში მათ მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი მამუკა მამულაშვილის დავალებით გაუხსნეს. მამულაშვილი მითების დეტექტორთან აცხადებს, რომ მან უკრაინის საზღვარი 2014 წლის აპრილში გადაკვეთა და თებერვალში ის უკრაინაში არ იმყოფებოდა.
  2. ფილმის თანახმად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ სტონს მიაწოდა. უკრაინული  StopFake-ის ცნობით, ურმას პაეტმა 2014 წლის 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე  ინფორმაცია, თითქოს მან ქეთრინ ეშტონს მაიდნის ლიდერების მიერ იყვნენ დაქირავებულ სნაიპერებზე აცნობა -  უარყო.
  3. ფილმის ერთ-ერთი რესპოდენტი კობა ნერგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ის ქართული უშიშროების თანამშრომელი იყო, რის დამადასტურებლადაც ფილმში ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული დოკუმენტია მოცემული. დოკუმენტი ყალბია, რადგან ის გრამატიკულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, Security Service of Defend (Defence-ის ნაცვლად) და Certifikate, ნაცვლად სწორი ფორმისა - Certificate.
     
  4. ფილმის თანახმად, ქართველმა სნაიპერებმა მამულაშვილისგან სროლის დავალება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შეჩერების მიზნით მიიღეს. აქედან გამომდინარეობს, რომ მაიდანზე მამუკა მამულაშვილი და სამი სნაიპერი იანუკოვიჩის რეჟიმის შესანარჩუნებლად მოქმედებდა, მაშინ, როდესაც  სიუჟეტი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს.
     
  5. ნერგაძის თქმით, ის 2014 წელს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის 17 ნოემბერს ამოეწურა, შესაბამისად მას 2014 წელს რომელიმე სახელმწიფო უწყებას დაქვემდებარებული პირებისთვის ბრძანებების გაცემის უფლებამოსილება აღარ ჰქონდა.

დეტალური ინფორმაცია ქართველი სნაიპერების შესახებ გაყალბებული ფილმის შესახებ მოცემულია მითების დეტექტორის 27 ნოემბრის პუბლიკაციაში შემდეგ ბმულზე.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა BBC Monitoring-ი ყურადღებას ფილმში მონაწილე ერთ-ერთი ქართველი სნაიპერის იდენტიფიცირებაზე ამახვილებს. იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი სნაიპერები მაიდანზე მშვიდობიან დემონსტრანტებს ესროდნენ, ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი გიორგი რევაზიშვილი მაიდნის ძველ კადრებზე უთითებს. მისი თქმით, კადრში ასახული სამი პირიდან, ერთ-ერთი თავად არის.

"

"

BBC Monitoring-მა აღნიშნული კადრების პირველწყაროს მიაკვლია, რომელიც რუსულ ტელეკომპანია Life-ს ეკუთვნის. Life-მა ეს კადრები სტატიასთან ერთად 2016 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. კადრებში რევაზიშვილის სახელი ნახსენები საერთოდ არ არის. პირი, რომელზეც რევაზიშვილი აცხადებს, რომ თავად არის, Life-ის ინფორმაციით აფხაზეთის ომის ვეტერანი გიორგი სვარიძეა.

"

    გიორგი რევაზიშვილი                            გიორგი სვარიძე

რუსული Life მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ დეზინფორმაციას სწორედ გენერალ ტრისტან წითელაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. Life-ის მიერ 2016 წლის 1 დეკემბერს მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟში წითელაშვილი აცხადებს, რომ მას ქართველი სნაიპერებისა და მათი ხელმძღვანელების ვინაობის შესახებ “უტყუარი” მტკიცებულებები ჰქონდა.


ტრისტან წითელაშვილი Life-თან ინტერვიუში, 2016 წლის 1 დეკემბერი: “ვაცხადებ, რომ გვაქვს მტკიცებულებები, გვაქვს ინფორმაცია, ფაქტები, ამ სნაიპერების სახელები და გვარები, ასევე საიდან არიან ეს სნაიპერები და ვინ ხელმძღვანელობს მათ. ისინი სასტუმრო “უკრაინაში” ისხდნენ, საიდანაც მშვიდობიან მომიტინგეებს კლავდნენ.”

"

იტალიელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული დეზინფორმაციული დოკუმენტური ფილმი, რომელიც სულ მცირე 10 ქვეყნის მედია საშულებებში გავრცელდა, რაც შემდეგ ინფოგრაფიკაზეა მოცემული:

"

ტრისტან წითელაშვილის შესახებ:

ტრისტან წითელაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა. 2013 წელს "ქართულმა ოცნებამ” წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.


Isari.ge-ს შესახებ:

ონლაინ პორტალი Isari.ge 2013 წელს შეიქმნა. Damoukidebloba.com-ის კვლევის თანახმად, გამოცემა ჰამლეტ ჭიპაშვილის სახელზეა რეგისტრირებული და მასზე უმთავრესად ანტი-დასავლური შინაარსის სტატიები ქვეყნდება. გამოცემა ძირითადად Geworld.ge-ს, საქინფორმის, ევრაზიული ინსტიტუტის ინფორმაციების მულტიპლიკაციას ახდენს, გარდა ამისა Isari.ge-ზე რუსული პრესის დაიჯესტი ქვეყნდება, როგორიცაა russian.rt.com, regnum.ru, TVC.ru, svpressa.ru, inosmi.ru, vz.ru, iran.ru, fondsk.ru, rosbalt.ru.