მედია

ხანგოშვილის საქმეზე კრემლისტური მედია ალტერნატიულ ვერსიებს ავრცელებს

13 სექტემბერი, 2019

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტის მქონე დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. ბერლინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობა იყო პროფესიონალურად დაგეგმილი, სიკვდილით დასჯის სტილის ოპერაცია. გერმანიის პოლიცია ხანგოშვილის საქმეზე რუსეთის დაზვერვის შესაძლო ჩარევას იძიებს. მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალს ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფის Bellingcat-ის, გერმანული გამოცემა Der Spiegel-ისა და რუსული The Insider-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებაც ხედავს.

ევროპაში მიმდინარე გამოძიების პარალელურად კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ალტერნატიულ ვერსიებს ავრცელებს. რუსეთის პროპაგანდისტული მედიის Коммерсантъ-ის ინფორმაციით, ხანგოშვილი მისმა თანამემამულე ჩეჩნებმა მოკლეს, რომლებიც რუსეთში სისხლის სამართლებრივ დევნაში არიან და ევროპაში იმალებიან. 

Московский Комсомолец ამტკიცებს, რომ ბერლინის პროკურატურის განცხადებით 49 წლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდანაა. გაზეთი Взгляд კი წერს, რომ გერმანული მედიის სტატიების სათაურებში, სადაც აღნიშნულია, რომ “ბერლინის ცენტრში რუსმა მოკლა ქართველი”, სიმართლე მხოლოდ “ბერლინია” და გერმანული მედია რეალურად რუსეთისთვის ახალი “სკრიპალების საქმის” შეკერვას ცდილობს.

კრემლისტური მედია ხანგოშვილის მკვლელობას 2012 წელს ლოპოტას ხეობაში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს, როდესაც ჩეჩენ ე.წ. ბოევიკებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ზელიმხან ხანგოშვილი აღნიშნულ დაპირისპირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში და ტყვეების გათავისუფლებაში. კრემლი ამ შემთხვევის გამო ხანგოშვილს ჩეჩნების მოღალატედ აფასებს და ავრცელებს ნარატივს, თითქოს ჩეჩნებმა მას ამის გამო სამაგიერო გადაუხადეს.

Коммерсантъ

"

“На самом же деле расправиться с ним могли только его земляки — как российские чеченцы, так и боевики-«ичкерийцы», спрятавшиеся от уголовного преследования в Европе.”

Московский Комсомолец

"

“Как сообщила прокуратуры Берлина в Twitter, по подозрению в убийстве гражданина Грузии задержан 49-летний россиянин, уроженец Чеченской Республики.”

Взгляд

"

“Немецкие газеты, испытывающие по уикендам нехватку горячего материала, запестрели однообразными заголовками типа «В центре Берлина русский убил грузина». На общем фоне это почти сенсация, назревал скандал, хотя правдиво в этих заголовках только слово «Берлин».”


"

"

"

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნებთან ერთად რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა და ჩეჩნეთის მეორე ომში საველე მეთაური იყო. ომის შემდეგ კი პანკისის ხეობიდან აგრძელებდა ჩეჩნეთის მხარდაჭერას. ხანგოშვილის მკვლელობის მოტივი ლოგიკურად სწორედ კრემლს უკავშირდება და არა თანამემამულე ჩეჩნებს, როგორც ამას კრემლისტური მედია აშუქებს. რუსეთის სპეცსამსახურებმა გერმანიის დაზვერვას ხანგოშვილის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ის ისლამური ექსტრემისტი და ტერორისტი იყო, მაშინ როდესაც ამის მტკიცებულებები არ არსებობს და ზელიმხან ხანგოშვილი არც რუსეთის ძებნილი ტერორისტების სიაში ყოფილა.

ასევე არალოგიკურია ის ნარატივი, რომ ხანგოშვილი შესაძლოა ევროპაში მიმალულ ჩეჩნებს მოეკლათ, რადგან თუ ყოფილი სამხედრო რუსეთს ემალება, რათა სეპარატისტულ ომებში მონაწილეობის გამო არ დაისაჯოს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გერმანიაში დაკავებისთანავე რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ლაპარაკი მოითხოვოს, ეჭვმიტანილი კი სწორედ ასე მოიქცა.

ევროპაში ჩეჩნური დიასპორა ფიქრობს, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში სწორედ კრემლის ხელი ურევია. ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ანზორ მასხადოვმა Polygraph-თან კომენტარში აღნიშნა, რომ ზელიმხანს ჩეჩნეთში დიდ პატივს სცემდნენ და მასთან პრობლემა არავის ჰქონია. მასხადოვმა დაადასტურა, რომ ხანგოშვილი რუსეთიდან სიკვდილის მუქარებს იღებდა.

“ჩვენ მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი გვყავს და ეს რუსეთის ფედერაციაა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული მკვლელობა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ოპერატორების მიერ გერმანიაში” - განუცხადა მასხადოვმა Polygraph-ს.

ხანგოშვილის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიების დეტალების შესახებ, იხილეთ მითების დეტექტორის მასალა: