კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

81
VIEWS

გასაკვირი არ არის, რომ დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების თაობაზე ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ინფორმაციულ ნაკადში ბევრი ისეთი ტექსტიც გვხვდება, რომელიც რეალობას სცდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდაც გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავს. არასწორად წარმოდგენილ ან ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, მათ შორის ვაქცინაციის დისკრედიტაცია და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ კორონავირუსის აცრაზე უარის თქმა, რამაც პანდემიასთან გამკლავება შეიძლება შეაფერხოს და ბევრი ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

ინფექციასთან მასობრივი ბრძოლის საშუალებებიდან, რაც კაცობრიობას დღეს გააჩნია, ვაქცინაცია უდავოდ ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით უნდა მოვექცეთ ყველა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ვაქცინების გამოყენების უარყოფით მხარეებზე კონცენტრირდება, რათა გაყალბებული ინტერპრეტაციების გამო ვაქცინაციის პროცესის შეფერხება არ მოხდეს . სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები მრავლად გვაქვს. აქ შეგვიძლია ვახსენოთ თუნდაც რამდენიმე წლის წინ  წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნის ფაქტი, აღნიშნული ვაქცინაციის თითქოსდა აუტიზმთან ასოციაციის საბაბით, რაც არასწორად ჩატარებულმა კვლევამ და განსაკუთრებით შედეგების არასწორმა ანალიზმა განაპირობა და  რაც ამ გაყალბებული კვლევის გაღრმავებული ანალიზით გამოვლინდა და სხვადასხვა მეცნიერული ჯგუფების მიერ დადასტურდა; თუმცა, ზიანი უკვე მიყენებული იყო – ვაქცინაციით მოსახლეობის ეფექტიანი მოცვა ჩავარდა – და ამის შედეგად ინფიცირების მომატებული მაჩვენებლები და მასთან დაკავშირებული სიკვდილობის შემთხვევებიც მივიღეთ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიერ მოტანილ „ზიანთან“ დაკავშირებით, მაგალითად, მოყვანილი იყო მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) შემთხვევების რაოდენობები, რაც სინამდვილეში უკიდურესად იშვიათია, თუმცა იმ ცხრილებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მითითებული იყო, თითქოს 112 ათასი აცრილი ადამიანიდან 3 ათასზე მეტს მდგომარეობა გაურთულდა. სინამდვილეში იმ წყაროში, საიდანაც ეს მონაცემებია ამოღებული, საუბარია მძიმე მდგომარეობის განვითარების შემთხვევების აღრიცვიანობაზე და რომ ეს დაკვირვება მძიმე მდგომარეობის შემთხვევების აღრიცხვისათვის 112 ათასი ადამიანიდან 3 ათასზე მეტ შემთხვევაში განხორციელდა. ნებსით თუ უნებლიედ, შინაარსობრივად არეული იყო ის, თუ რისი აღცხვა ხდებოდა.

მეორე შემთხვევაში, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს კორონავირუსზე აცრილ ადამიანებში აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევები ვლინდებოდა. სინამდვილეში საქმე ეხებოდა ერთ-ერთი კანდიდატ ვაქცინას, რომელიც ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტის მიერ იყო შემუშავებული და კვლევის პირველივე ფაზაში იმის გამო შეჩერდა, რომ იმ პირებს, რომელთაც ვაქცინა გაუკეთდათ, აივ ინფექციაზე ტესტირების დროს ცრუ დადებითი პასუხი აღენიშნებოდათ.  რასაკვირველია, საუბარი არ არის ვაქცინირებულების აივ ინფექციით დასნებოვნებაზე (როგორც ეს სოცილურ მედიაში „აიტაცეს“), არამედ ტესტის ცრუ დადებით პასუხზე, ვინაიდან ვაქცინის ერთ-ერთი ცილოვანი კომპონენტი გავდა აივ ვირუსის ერთ-ერთ პროტეინს, რომლის მიმართაც აცრილ პირებში  ანტისხეულები გამომუშავდა.

ასევე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმის გამო, რომ კორონავირუსის სპაიკ-პროტეინსა (ანუ ვირუსის „წვეტის“ ცილას) და ე.წ. ცილა სინციტინს  შორის გარკვეული მსგავსება არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებმა შეიძლება სინციტინის ბლოკირება განაპირობოს, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება უნაყოფობამდე მიგვიყვანოს. სინამდვილეში, სპაიკ-პროტეინსა და სინციტინს შორის ისეთი მსგავსება არ არის, რომ ამან ანტისხეულების ე.წ. ჯვარედინი მოქმედება გამოიწვიოს. ეს თუნდაც კორონავირუსით ინფექციის შემთხვევების შესწავლითაც დასტურდება, რადგან მსგავსი ჯვარედინი რეაქციის განვითარება იგივე წარმატებით ბუნებრივი ინფექციის მიმდინარეობისას შეიძლება მოხდეს და არა უშუალოდ ვაქცინის გამოყენების დროს.

სრულიად დაუსაბუთებელი და სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია ასევე ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის ვაქცინამ შეიძლება მალარიის განვითარება გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნული, აშკარად მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის პარალელურად, მეცნიერთა და კლინიცისტთა ყოველდღიური დაკვირვების თემა უნდა იყოს ვაქცინებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, რისთვისაც როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალურ დონეზე სხვადასხვა ინფორმაციული პლატფორმა არსებობს. ასევე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა, თუ რომელი ვაქცინა არის უფრო მისაღები კონკრეტული ქვეყნისა თუ სამიზნე ჯგუფისათვის. მსგავსი მსჯელობები მხოლოდ ლოჯისტიკური (ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვის) საკითხის განხილვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, არამედ საკითხის განხილვა გაცილებით უფრო ღრმად უნდა მოხდეს.

ქვემოთ შევეცდები, თავი მოვუყარო იმ ცოდნას, რომელიც დღეისათვის სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე გვაქვს და ჩამოვაყალიბო გარკვეული რეკომენდაციები ჩვენი რეალობისათვის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება, ოთხ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

1) ნუკლეინის მჟავების შემცველი ვაქცინები –  ასეთი ვაქცინები შეიცავენ გენეტიკურ მასალას – დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა)-ს ან რნმ (რიბონუკლეინის მჟვა)-ს, რომელშიც ვირუსის ანტიგენის (ვირუსის ცილოვანი ანუ პროტეინული კომპონენტის) შექმნის ინსტრუქციაა კოდირებული. კორონავირუსის შემთხვევაში ასეთ ანტიგენს ვირუსის სპაიკ-პროტეინი (ვირუსის გამონაზარდის – „წვეტის“ ცილა) წარმოადგენს. ამ გენეტიკური მასალის ადამიანის (ვირუსის მასპინძელი ორგანიზმის) უჯრედებში მოხვედრის შედეგად მასში კოდირებული ინფორმაცია მასპინძელი ორგანიზმის უჯრედების ცილის მასინთეზებელ აპარატს აიძულებს, კორონავირუსის ანტიგენი გამოიმუშაოს, რაც თავის მხრივ, მასპინძელი ორგანიზმის მხრიდან იმუნური პასუხის განვითარებას განაპირობებს.

ასეთი ვაქცინების უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: 1. მათი შექმნა შედარებით სწრაფად და ადვილად არის შესაძლებელი, 2. ვინაიდან ანტიგენს ადამიანის მასპინძელი ორგანიზამის უჯედები დიდი ოდენობით წარმოქმნის, მის მიმართ განვითარებული იმუნური პასუხი ძლიერია, 3. არ შეიცავს ცოცხალ კომპონენტებს, ამიტომ დაავადების გამოწვევის რისკი არ არსებობს.

ამ ჯგუფის ვაქცინების უაროფით მხარეს მიეკუთვნება შემდეგი: 1) ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის ჩვეულებრივ დაბალ ტემპერატურას მოითხოვს, 2) არასდროს ყოფილა ლიცენზირებული ადამიანებში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციისათვის, 3) ჩვეულებრივ განმეორებითი დოზის შეყვანას (ე.წ. „ბუსტინგს“) საჭიროებს.

2)  ვირუსულ ვექტორზე (გადამტანზე) დაფუძნებული ვაქცინები – ვირუსის (მოცემულ შემთხვევაში კორონავირუსის) ანტიგენის სინთეზირებისათვის, ასეთი ვაქცინებიც ინსტრუქციას მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებს აწვდიან. პირველი ჯგუფის ვაქცინებისგან განსხვავებით, ადამიანის უჯრედებამდე კოდირებული გენეტიკური ინფორმაციის მისატანად, ამ შემთხვევაში სხვა, „უვნებელი“, ვირუსი გამოიყენება. ასეთ „უვნებელ“ ვირუსად უპირატესად ადენოვირუსი (ჩვეულებრივი „გაცივების“ გამომწვევი ვირუსი) გამოიყენება. შედეგად, ადამიანის უჯრედები მათთვის მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად კორონავირუსის ანტიგენის (სპაიკ-პროტეინის) გამომუშავებას იწყებენ, რასაც მასპინძელი ორგანიზმის მხრიდან იმუნური პასუხის განვითარება მოჰყვება.

ასეთი ვაქცინების უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: 1. ეს ტექნოლოგია უკვე ათწლეულებია რაც არსებობს, 2) იწვევეს ძლიერ იმუნურ პასუხს, 3) ტრანსპორტირება და შენახვა განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს.

ამ ჯგუფის ვაქცინების უაროფით მხარეს მიეკუთვნება შემდეგი: 1) ადამიანთა პოპულაციაში ადენოვირუსის ფართო გავრცელების გამო, მასპინძელ ორგანიზმს შესაძლოა, მის მიმართ  ძლიერი იმუნური დაცვა გამომუშავებული ჰქონდეს, რაც ადამიანის ორგანიზმში მისი, როგორც გადამტანი ვირუსის, მოქმედების ეფექტიანობას ამცირებს, 2) მისი დამზადება უფრო რთულია, ვიდრე ნუკლეინის მჟავას შემცველი ვირუსების და მოითხოვს უფრო კომპლექსურ ტექნოლოგიას.

ვინაიდან 1-ლი და მე-2 ჯგუფის ვაქცინები მოსახლეობის  მასიური ვაქცინაციისათვის ჯერ გამოყენებული არ ყოფილა, არსებობს სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, ადამიანის ორგანიზმში გენეტიკური ინფორმაციის შეყვანას ხომ არ ექნება შორეული შედეგები მათში კოდირებული ინფორმაციის მასპინძელ ორგანიზმში რეალიზებიდან გამომდინარე. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა დნმ-ის შემცველი ვაქცინები (1-ლი ჯგუფის ნაწილი, ხოლო მე-2 ჯგუფის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი ვაქცინა დნმ-ის შემცველია), რადგან ასეთ დროს არსებობს თეორიული ალბათობა იმისა, რომ ორგანიზმში შეყვანილი დნმ-ი მასპინძელი ორგანიზმის გენომში ჩაინერგოს. თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა ჩანერგვამ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად, ადამიანის გენომის რა ადგილას, მოხდება ჩანერგვა. უმრავლეს შემთხვევაში ამას შეიძლება არავითარი მავნე შედეგი არ მოჰყვეს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ამან ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის საჭირო გენის დაზიანება გამოიწვიოს, რასაც შეიძლება დროთა განმავლობაში სხვადასხვა ტიპის დაავადების (მათ შორის სიმსივნური პროცესის) ჩამოყალიბება მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიული შესაძლებლობის პრაქტიკული ხდომილების ალბათობა საკმაოდ მცირე შეიძლება იყოს, მოსახლეობის მასიური ვაქცინაციის შემთხვევაში, ამ ალბათობამ შეიძლება მნიშვნელოვან რიცხვს მიაღწიოს.

ასევე, მწარმოებელი კომპანიების მიერ განცხადებული დებულება, რომ მათი ვაქცინის შემთხვევაში ვირუსის დნმ-ის ინტეგრაცია ადამიანის გენომში სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება, კრიტიკულად უნდა იქნას გაანალიზებული, ვინაიდან ასეთი სამეცნიერო კვლევები საკვლევი მასალის რიცხოვნობით მაინც შეზღუდულია და მასიური ვაქცინაციის შემთხვევაში განვითარებული სცენარის წინასწარმეტყველებას ვერანაირად ვერ მოახდენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – რნმ-ის შემცველი ვაქცინების დახასიათებისას (და ასეთია დღეისათვის ლიცენზირებული ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები), მუდმივად ხდება იმის ხაზგასმა, რომ რნმ-ის მოლეკულა მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს და მისი ერთადერთი დანიშნულებაა გენეტიკური ინსტრუქციის ადამიანის უჯრედებთან მიტანა და მათზე ამ ინფორმაციის „გადაცემა“; რომ ეს მოლეკულა უჯრედში მალევე დეგრადირდება და ნადგურდება; რომ იგი არ ურთიერთქმედებს მასპინძელი უჯრედის ბირთვთან, რომლშიც ადამინის გენომი (ანუ სრული გენეტიკური ინფორმაცია) ინახება; რომ გენეტიკური ინფორმაციის ნაკადი ყოველთვის ერთი მიმართულებით მიედინება: დნმ-დან რნმ-ზე და შემდეგ ცილაზე; რომ რიბოსომები, რომლებიც რნმ–ს ცილად „თარგმნიან“, ციტოპლაზმაშია და არა უჯრედის ბირთვში და ასე შემდეგ. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ვაქცინებთან, რომლებიც ვირუსის დნმ-ზეა აგებული, დაკავშირებულია ყველა ის უარყოფითი მხარე, რომელსაც რნმ-ზე აგებული ვაქცინები მოკლებულია.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, რნმ ვაქცინები, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, დნმ-ვაქცინებთან შედარებით, უფრო ნაკლები საფრთხის შემცველად უნდა იყოს განხილული. ლოჯისტიკურად, ვინაიდან დნმ გაცილებით უფრო სტაბილური მოლეკულაა, ვიდრე რნმ-ი, დნმ-ვაქცინების ტრანსპორტირება და შენახვა უფრო მარტივად შეიძლება იმართოს. თუმცა ვაქცინის ავკარგიანობის შესაფასებლად, როგორც ზომოთაც აღვნიშნეთ, მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხების განხილვა არ არის საკმარისი და პირველ რიგში, ვაქცინის მოქმედების და მისი ადამიანის ორგანიზმზე განხორციელებული მოქმედების შორეული შედეგების გათვალისწინებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ამდენად, ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინების ჯგუფებიდან, რნმ-ის შემცველი ვაქცინები უფრო უსაფრთხო გადაწყვეტილებად გვევლინება, ვიდრე დნმ-ვაქცინები.

თუმცა სერიოზული განხილვის საკითხი უნდა იყოს ასევე „ტრადიციული“ ტექნოლოგიებით შემუშავებული ვაქცინებიც, რომლების ორ ძირითად ჯგუფში (ვაქცინების მე-3 და მე-4 ჯგუფები) შეიძლება გავაერთიანოთ:

3) პროტეინული (ცილოვანი) ვაქცინები – ასეთი ვაქცინები შეიცავს ვირუსის გაწმენდილ ნაწილს (სუბერთეულს), რომელსაც ორგანიზმის იმუნური პასუხის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ მთლიან ვირუსს არ შეიცავს და შესაბამისად, ინფექციურ პროცესს ვერანაირად ვერ გამოიწვევს. ცილოვანი სუბერთეულის გარდა, ასეთი ვაქცინები შეიძლება შაქრის (პოლისაქარიდის) მოლეკულას ან ცილისა და შაქრის მოლეკულების ერთობლიობასაც შეიცავდეს. თუმცა კორონავირუსის შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცილოვანი ვაქცინებია შემუშავებული. ასეთი ე.წ. კომპონენტური (არაუჯრედული ანუ აცელულარული) ტიპის ვაქცინები უკვე სამედიცინო პრაქტიკაში დიდი ხანია გამოიყენება (მაგალითად ბე-ჰეპატიტის საწინააღმდეგი ვაქცინა, ყივანახველას და პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინები).

მე-3 ჯგუფის ვაქცინების უპირატესობაა: 1) მათი პრაქტიკაში გამოყენების (მათ შორის მასიური ვაქცინაციისათვის) დიდი გამოცდილების არსებობა, 2) იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისათვის ასეთი ვაქცინების უსაფრთხოების მრავალწლიანი გამოცდილება, 3) მათი არაუჯრედული ბუნების გამო, ინფექციური პროცესის გამოწვევის შეუძლებლობა, 4) შედარებითი სტაბილურობა, რაც ლოჯისტიკურ პრობლემებს აიოლებს.

ამ ჯგუფის ვაქცინების უარყოფითი მხარე: 1) შემუშავებისა და წარმოების კომპლექსურობა – შესაბამისად, ნაკლები სისწრაფე და მოქნილობა მათი მასობრივი წარმოების თვალსაზრისით, 2) საჭიროებს განმეორებით ვაქცინაციას (ბუსტინგს) და ადიუვანტების (იმუნური პასუხის გამაძლიერებელი დამხმარე მოლეკულების) გამოყენებას, 3) საჭიროებს ანტიგენური კომბინაციების ოპტომალური ვარიანტების განსაზღვრის სამუშაოების ჩატარებას, რაც დროს და რესურსებს მოითხოვს და შესაძლოა, ვირუსის ახალი გენეტიკური ვარიანტების წარმოშობის პროცესთან სინქრონიზაციის თვალსაზრისით დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდეს.

ზემოაღნიშნული დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით, კომპონენტური (ცილოვანი) ვაქცინების ჯგუფი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის განხორციელებისათვის ყველაზე ოპტომალურად და უსაფრთხოდ გვეჩვენება.  

თუმცა, გასათვალისწინებელია ასევე მე-4 ჯგუფის ვაქცინების პოტენციალიც, რომელთა შემუშავებაც ყველაზე უფრო ნაცნობ და გამოცდილ (შეიძლება ითქვას, „კლასიკურ“) ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული:

4) ვირუსის მთლიანი ნაწილაკების შემცველი ვაქცინები – ასეთი ვაქციები კიდევ ორ ქვეჯგუფად შეიძლება დავყოთ: 4.1. ცოცხალი დასუსტებული (ე.წ. ატენუირებული) და 4.2. ინაქტივირებული (დახოცილი) ვირუსული ნაწილაკების შემცველი ვაქცინები. ცოცხალი ვაქცინების არსებული და ათწლეულების განმავლობაში გამოყენებული მაგალითებია წითელა-წითურა-ყბაყურას, ყვითელი ცხელების ვაქცინები, ხოლო დახოცილ ვირუსებს, მაგალითად, სეზონური გრიპისა და ა-ჰეპატიტის ვაქცინები შეიცავს.

მე-4 ჯგუფის ვაქცინების უპირატესობაა: 1) მათი პრაქტიკაში გამოყენების (მათ შორის მასიური ვაქცინაციისათვის) დიდი გამოცდილების არსებობა, 2) ძლიერი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი, 3) წარმოების შედარებითი სიმარტივე, 4) შედარებითი სტაბილურობა, რაც ლოჯისტიკურ პრობლემებს აიოლებს.

 ამ ჯგუფის ვაქცინების უარყოფითი მხარე: 1) ცოცხალი ვაქცინები წინააღმდეგ ნაჩვენებია იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისათვის, 2) იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიონ არსებული ინფექციური პროცესის გამწვავება.

მე-4 ჯგუფის ვაქცინების დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით, მათი გამოყენებაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის განხორციელებისათვის შედარებით უსაფრთხოდ გვეჩვენება, თუმცა დაუყოვნებელი გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით, ეს ჯგუფი ყველაზე პრობლემატურია.

ცხრილის სახით წარმოვადგენთ ვაქცინების დიდი სიიდან მხოლოდ იმათ, რომლებმაც კვლევის მე-3 ფაზას მიაღწიეს.

ჯგუფი

ქვეჯგუფი

მწარმოებელი

სტატუსი

1. ნუკლეინის მჟავის შემცველი

1.1. რნმ

Pfizer-BioNTech

მე-3 ფაზა,

US (FDA) და EU  დამტკიცებული

Moderna

მე-3 ფაზა,

US (FDA) და EU  დამტკიცებული

2. ვირუსული ვექტორის შემცველი

2.1 ChAdOx1

Oxford-AstraZeneca

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია ბრიტანეთსა და ინდოეთში

2.2. Ad26, Ad5

Gamaleya

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია რუსეთში

2.3 Ad5

CanSino

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია ჩინეთში

2.4 Ad26

Johnson & Johnson

მე-3 ფაზა

3. ვირუსის კომპონენტის შემცველი

3.1 პროტეინული

Novavax

მე-3 ფაზა

Vector Institute

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია რუსეთში

4. მთლიანი ვირუსის შემცველი

4.1 ინაქტივირებული

Sinopharm

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია ჩინეთში

Sinovac

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია ჩინეთში

Sinopharm-Wuhan

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია ჩინეთში

Bharat Biotech

მე-3 ფაზა,

დამტკიცებულია ინდოეთში


ექიმი-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
კლინიკა ნეოლაბის დირექტორი
15.01.2020

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist