კონფლიქტები

კრემლისტური News Front-ის კონსპირაცია ჯავახეთში სირიიდან დევნილი ეთნიკური სომხების ჩამოსახლების შესახებ

1 ნოემბერი, 2019

2019 წლის 25 ოქტომბერს კრემლისტური გამოცემა „News Front”-ის ქართულენოვანმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ამერიკის სომხური ლობი ჯავახეთში სირიელი სომხების ჩამოსახლებას ლობირებს“. სტატიაში საუბარია იმაზე, თითქოს Heritage Foundation-ის ექსპერტმა ლუკ კოფიმ, სირიიდან გამოყვანილი ამერიკული შენაერთების ახალქალაქში განთავსების შესახებ იდეა აშშ-ში სომხური ლობისგან, კერძოდ კი კომპანია Vital Connect-ის თანადაამარსებლისგან ნერსი ნაზარისგან მიიღო. „News Front”-ი ამტკიცებს, რომ ჯავახეთში სირიიდან დევნილი ათასობით სომეხი ეროვნების მოქალაქის ჩასახლება იგეგმება. 

„News Front”: “Heritage Foundation-ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ამერიკაში სომხური დიასპორის ფინანსურად მძლავრი წარმომადგენელი, კომპანია Vital Connect, Inc. -ის თანადამაარსებელი, ნერსი ნაზარი (ნერსეს ნაზარიანი). ნაზარიანის კომპანია სახელგანთქმულ Silicon Valley-ში ფუნქციონირებს. სავარაუდოდ, კოფის სწორედ მან «ჩააწვეთა» ახალქალაქში ამერიკული ბაზის გახსნის იდეა, შორს მიმავალი გეგმებით”.

აღნიშნული მასალა ლუკ კოფის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინიციატივის მეორე დღესვე გავრცელდა, რომელიც სირიიდან გამოყვანილი ამერიკული სამხედრო შენაერთების სამცხე-ჯავახეთში განთავსებას შეეხებოდა. „News Front”-ის ვერსია პრორუსმა პარტია “პატრიოტთა ალიანსმა”  და Facebook გვერდმა “სტალინმა” გაავრცელეს, News Front-ის მასალა კი ერთდროულად რამდენიმე facebook ჯგუფსა და გვერდზე გააზიარეს, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერ (კახი კალაძე თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები ფეისბუკზე)  და სხვა ჯგუფებბში.

„News Front”-ის ინფორმაცია, თითქოს Heritage Foundation-ის ექსპერტი ლუკ კოფი სომხური ლობის იდეებს აჟღერებს და ჯავახეთში სირიელ სომხებს ჩაასახლებენ, კონსპრაციის თეორიაა, არ არის გამყარებული წყაროებით და მტკიცებულებებით, გარდა იმისა, რომ ნერსი ნაზარი Heritage Foundation-ის ნდობით აღჭურვილი პირია. მსგავსი დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავცელებით News Front-ი ხელოვნურ შიშებსა და ქსენოფობიას აღვივებს.

რეალურად, კოფის წინადადება საქართველოში არა სირიელი სომხების ჩამოსახლებას, არამედ აშშ-ის ჯარების განლაგებას გულისხმობს. კოფის თქმით, აშშ-ის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლოა, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს “ჰორიზონტს მიღმა” ძალა, რომელიც ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” სწრაფად უპასუხებს. კოფის თქმით, აშშ-ის ახალქალაქში არსებული ძველი რუსული ბაზის გამოყენება შეუძლია. ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის ბაზას ახალქალაქში სომხური ეროვნების ადამიანებით დაკომპლექტებული “დამხმარე სამოქალაქო პერსონალი” შემოჰყვება, კონსპირაციის თეორიაა და მას საფუძველი არ გააჩნია. 

ლუკ კოფი Heritage Foundation-ში საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორია, ხოლო „News Front”-ის მიერ დასახელებული ნერსი ნაზარი კომპანია “Vital Connect Inc”-ის  თავმჯდომარე და თანადამაარსებელი და ამავდროულად Heritage Foundation-ის ნდობით აღჭურვილი პირია. ეს არის ერთადერთი საფუძველი, რითაც „News Front”-ი თავის კონსპირაციას ამყარებს და სტატიაში არ უთითიებს ინფორმაციის წყაროს. 

„News Front”-ის იდენტური კონსპირაცია “პატრიოტთა ალიანსმა” გააჟღერა 

2019 წლის 26 ოქტომბერს, ე.ი. „News Front”-ის სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე,  საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიგი მაღლაკელიძემ ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემაში “ღამის სტუდია” ამერიკული ბაზის ჯავახეთში განთავსების შემთხვევაში რეგიონში სირიიდან დევნილი სომეხი ეროვნების ადამიანების ჩამოსახლების საფრთხეზე ისაუბრა:

გიგი მაღლაკელიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: "...თუკი ესეთი ბაზა სამხედრო ბაზა განთავსდება სამცხე-ჯავახეთში, ერთ-ერთ ვერსიად ვიძახი, შეიძლება ეს იყოს გარკვეული პლაცდარმი და იქ იცით თქვენ, მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რო ძალიან დიდი რაოდენობა სომხები ცხოვრობენ ამ სირიაში, არიან იქ რამოდენიმე 100 ათასობით თუ არ ვცდები ნახევარ მილიონზე მეტი... ანუ თუ მათ შეექმნებათ გარკვეულწილად გარანტია, გარკვეულწილად შეიქმნება პლაცდარმი ამერიკული დროშის ან სამხედრო დროშის ან სამხედრო ჯარის... ქვეშ, სადაც შეეძლება  მას მოჰყვეს გარკვეულწილად მიგრაციული ტალღა ამ ამერიკული სამხედრო კონტიგენტის განთავსების შემდეგ, შეიძლება სამცხე-ჯავახეთში...". 

ვინ გააზიარა „News Front”-ის  სტატია სოციალურ ქსელში

„News Front”-ის სტატია, გამოცემის Facebook გვერდზე 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა დასპონსორებული პოსტის სახით.  ამჟამად პოსტს 300-მდე გაზიარება აქვს. 

„News Front”-ის სტატია გააზიარეს  პრორუსულმა Facebook გვერდებმა “სტალინი”, “საქართველო და მსოფლიოსა” და “News Front”-ის სატელიტმა გვერდმა  “Kidobani News” - ახალი ამბების კიდობანი სოციალური ქსელებიდან”, სიძულვილის ჯგუფის გვერდმა “ქართულმა იდეამ”. ამასთანავე პოსტი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა,  ერთი მხრივ, ხელისუფლების მხარდამჭერ საჯარო ჯგუფებში, მეორე მხრივ, იმ სივრცეში გააზიარეს, სადაც ტროლები ხშირად აქვეყნებენ თავიანთ მასალებს:

"


„News Front”-ის სტატია ასევე გააზიარეს Facebook გვერდებმა:

  • პრორუსულმა Facebook გვერდმა “სტალინი”,
  •  სიძულვილის ჯგუფის გვერდმა “ქართულმა იდეამ”
  • “საქართველო და მსოფლიოსა” და “News Front”-ის სატელიტმა გვერდმა  “Kidobani News” - ახალი ამბების კიდობანი სოციალური ქსელებიდან”

"

"


“News Front”-ის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ “News Front” ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. “News Front” უკრაინის ტერიტორიების - დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის -  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდს მართავს  მომხმარებელი Константин Чиквиладзе, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. ამასთან, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს - “Россия и Грузия- дружба навеки!”, რომლის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეა. 

News Front”-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ. ეს გარემოება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება

ვრცლად “News Front”-ის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: News-Front Georgia - კრემლის ახალი საინფორმაციო ფრონტი საქართველოში


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი