ევროინტეგრაცია

ლეონიდ კალაშნიკოვის 5 ტყუილი მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ

6 ივლისი, 2017

2017 წლის 25 ივნისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემა “ოქროს კვეთა” ფარგლებში გავიდა ინტერვიუ რუსეთის დუმის წარმომადგენელთან, ლეონიდ კალაშნიკოვთან, რომელიც მოსკოვში გადაცემის წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ ჩაწერა. კალაშნიკოვმა მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ 5 ტყუილი გაავრცელა:

  1. ევროკავშირი მოლდოვის ეკონომიკას ანგრევს;
  2. რუსეთი მოლდოვას ეკონომიკურად ეხმარება;
  3. ევროკავშირი მოლდოვას არ ეხმარება;
  4. DCFTA მხოლოდ მოლდოვურ ბიზნეს სექტორს ეხმარება და არა მოლდოველ ხალხს;
  5. DCFTA მოლდოვას ზედმეტ ეკონომიკურ ტვირთს აკისრებს.

ლეონიდ კალაშნიკოვი: "მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ. აი, მე ვხედავ რა ხდება მოლდოვაში: პატარა ქვეყანაა, რა უნდა თქვა, მან კარგახანია უკვე ვიზა მიიღო, ევროინტეგრაციასაც მოაწერა ხელი, ან ბულგარეთი რომელიც ევროკავშირშია უკვე დიდი ხანია და რა მერე?! აი ბულგარეთის პრეზიდენტმა: მე მინდა რუსეთთან ყველაფერი აღვადგინოო და ის აირჩიეს. და დადონი მოლდოვაში?! იგივე თქვა... და რატომ თქვა მან ეს? და რატომ მისცა მას ხალხმა ხმა? იმიტომ რომ ვიზა კი მიიღეს მათ, საზღვრებიც კი მიიღეს გახსნილი, მაგრამ მათ მიიღეს უზარმაზარი ტარიფები და კომუნალური გადასახადები და აი ასეთი [მცირე] ხელფასი და დამატებით შეჭმუხნული მრეწველობა, რომელიც არ ჭირდება დასავლეთს! სოფლის მეურნეობაც კი, რომელიც მოლდოვაში ყველაზე განვითარებულია, არ ჭირდება დასავლეთს! იქ, საკუთრი არ იციან სად გადააგდონ: ესპანეთიდან, იტალიიდან... და სისულელეა ამის არ გაგება საქართველოში! ვის ჭირდება პროდუქტი? ვის ჭირდება ეს კულტურა? განა ამერიკელს ჭირდება, ეს კულტურა? თუ ყურძენი?“

კალაშნიკოვის განცხადება სიცურეა, რადგან ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ მოლდოვის ექსპორტი 6,9%-ით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საექსპორტო ღირებულება 25%-ით გაიზარდა. 2007-2013 წლებში ევროკავშირი 561 მილიონი ევროთი დაეხმარა მოლდოვას ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI)-ს ფარგლებში.

ტყუილი N1. ევროკავშირი მოლდოვის ეკონომიკას ანგრევს

რეალური ფაქტი N1: 2014 წელთან შედარებით მოლდოვის ექსპორტი 6.9%-ით გაიზარდა

2014 წლის 28 აპრილს მოლდოვამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ მოლდოვის მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტებით შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი. ვიზალიბერალიზაციის პირველ წელს 460 000 ათასზე მეტმა მოლდოველმა იმოგზაურა ევროკავშირში.

მოლდოვამ 2014 წლის ივნისში ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისადაც ასევე 2014 წლის ივლისში ძალაში შევიდა DCFTA-ს ანუ ვაჭრობის ხელშეკრულება.  უვიზო მიმოსვლის მიღების პერიოდში მოლდოვაში უკვე არსებობდა რუსეთის ფედერაციის მიერ დაკისრებული შემზღუდველი ტარიფები მოლდოვას წინააღმდეგ. სასარგებლო ტარიფების უმრავლესობა კი მიღებული იყო დამოუკიდებელი სატარიფო რეჟიმის ATP-ის (Autonomous Trade Prefrences) მიერ. DCFTA-ს მიღების მიღების შემდეგ არ გაუქმებულა ის სატარიფო სარგებლები, რითაც მოლდოვა ხელშეკრულების მიღებამდე სარგებლობდა. 2015 წლისთვის მართალია ექსპორტი -2.3 %-ით შემცირდა, რაც გარდამავალი პერიოდით აიხსნება, მაგრამ 2016 წლისთვის მოლდოვის ექსპორტმა ზრდა დაიწყო და 2014 წელთან შედარებით 6.9 %-ით გაიზარდა.

"

წყარო: მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიურო

რეალური ფაქტი N2: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საექსპორტო ღირებულება 25 %-ით გაიზარდა

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საექსპორტო ღირებულება 25 %-ით გაიზარდა. გარდა ამისა, დაახლოებით 63 % აგრარული პროდუქტებიდან და 68 % არა-აგრარული პროდუქტებისა გაიზარდა რაოდენობრივად.

"

წყარო: მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიურო

მიუხედავად უამრავი შიშისა და სპეკულაციისა, რომ ევროკავშირთან დაახლოება უარყოფითად იმოქმედებდა სოფლის მეურნეობაზე, პირიქით მოხდა. აგრარული პროდუქტების იმპორტი ევროკავშირიდან შემცირდა 25 %-ით, რადგან პროდუქტების უმრავლესობა კონკურენციაშია ადგილობრივ პროდუქტებთან (ალკოჰოლი, კარტოფილი, რძე, ყველი და ა.შ) 

ტყუილი N2: რუსეთი მოლდოვის ეკონომიკურად ეხმარება

რეალური ფაქტი N3: ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთმა მოლდოვას სანქციები დაუწესა, რამაც მოლდოვის ეკონომიკას ზიანი მიაყენა

მოლდოვის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა მოლდოვას სანქციები დაუწესა, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა მოლდოვას. რუსეთმა შეწყვიტა უტარიფო პრეფერენციები 19 კატეგორიის პროდუქტზე, რაც გათვალისწინებული იყო რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით. ასევე დააწესა გართულებული იმპორტის ვალდებულებები და ზოგიერთ შემთხვევებში, ძირითადად კვების და აგრარულ სექტორში, მოლდოვადან იმპორტი საერთოდ გააუქმა.

ტყუილი N3: ევროკავშირი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოლდოვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს

რეალური ფაქტი N4: მხოლოდ ENPI-ს ფარგლებში მოლდოვამ ევროკავშირისგან 561 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

2017 წლის 20 აპრილს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ მოლდოვას მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც 100 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას მოიცავს. აღნიშნული თანხით ევროკავშირი მიზნად ისახავს დაეხმაროს მოლდოვის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

2014 წელს ევროკავშირმა 131 მილიონი ევრო გამოყო მოლდოვას დასახმარებლად, რათა მას მოეხდინა DCFTA-ს იმპლემენტაცია და გაეტარებინა აგრარული, სასოფლო-სამეურნეო და ასევე საჯარო ფინანსური რეფორმები. 2007-2013 წლებში ევროკავშირი 561 მილიონი ევროთი დაეხმარა მოლდოვას ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI)-ს ფარგლებში.

ევროკავშირის დახმარებამ, 2014-2017 წლებში შესაძლოა 410 მილიონ ევროსაც მიაღწიოს. აღნიშნული თანხებით ევროკავშირი ხელს უწყობს მოლდოვას ეკონომიკურ და ფინანსურ გაძლიერებაში.

ტყუილი N4: DCFTA მხოლოდ მოლდოვურ ბიზნეს სექტორს ეხმარება და არა მოლდოველ ხალხს

რეალური ფაქტი N5: DCFTA მრავალ სფეროს ეხება, რომელთა გაუმჯობესება დადებითად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე

DCFTA, რომელიც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება. DCFTA-ს ფარგლებში გათვალისინებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ვაჭრობის ლიბერალიზაცია, არამედ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვაა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკვები პროდუქტის უსაფრთხოება, ტექნიკური რეგულაციები, საჯარო შესყიდვები, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური და საკუთრების უფლებები, ენერგეტიკა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვება. აღნიშნულ სფეროებში შესაბამისი რეფორმები ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.

ტყუილი N5: DCFTA-ს ხელშეკრულება მოლდოვას ზედმეტ ეკონომიკურ ტვირთს აკისრებს

რეალური ფაქტი N6: DCFTA-ს ხელშეკრულება მოლდოვისთვის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გულისხმობს

აღნიშნული ხელშეკრულება ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში რამდენიმე ცვლილებას მოიცავს, რაც დადებით გავლენას ახდენს მოლდოვის ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებაზე.

  • იხსნება იმპორტის ვალდებულებები ინდუსტრიული პროდუქტებისთვის, რაც მოლდოვის ბაზრის გაფართოებას უწყობს ხელს
  • იხსნება ექსპორტის ვალდებულებები, რაც მოლდოვის ბაზარს სხვა ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომს ხდის
  • იმპორტის ვალდებულებები იხსნება ასევე აგრარულ პროდუქტებზე, რაც ჯამში 46 მილიონი ევროთი ამცირებს აგრარული პროდუქტის იმპორტზე გადასახდელ თანხას
  • მოლდოვა იღებს ანტი-დემპინგურ და ანტი-სუბსიდიურ კანონმდებლობას, ასევე დამატებით საკანონმდებლო გარანტიებს, რათა კანონიერი მიზნები და ინტერესები იქნეს დაცული
  • მოლდოვა იღებს ტექნიკურ რეგულაციებსა და ინფრასტრუქტურის ახალ სტანდატებს
  • საჯარო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია ხდება საჯარო, ხელმისაწვდომი და უფრო გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროს უფრო ეფექტურად მუშაობას.
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სტანდარტი ხდება იგივე, რაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში
  • იკრძალება ისეთი ტრანზაქციებისა და პრაქტიკის არსებობა, რომლებიც ხელს უშლის თავისუფალ კონკურენციას. მათ შორისაა ე.წ კარტელური გარიგებები, ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ა.შ  

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლეონიდ კალაშნიკოვი არამხოლოდ მოლდოვის, არამედ უკრაინისა და საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება. 2016 წლის რია-ნოვოსტთან ინტერვიუში კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაძელბლობა "სატყუარაა". მისი თქმით, უვიზო რეჟიმი ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და მათ ყოფით პრობლემებს არ მოაგვარებს.


მარიტა მაზანიშვილი
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია

ტეგები: