იდენტობა

მანიპულაცია და შუღლის გაღვივების მცდელობა, თითქოს პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს

25 აპრილი, 2019

21 აპრილს პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშენულების რაზმსა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ტროლები და ახლადშექმნილი გვერდები გააქტიურდნენ, რომლებიც ქისტების დისკრედიტაციას და ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ. ამის პარალელურად, 22 აპრილს, საინფორმაციო სააგენტოებმა “რეპორტიორმა” და “ახალმა თაობამ” საკუთარ ფეისბუკ გვერდებზე გამოაქვეყნეს იდენტური ინფორმაცია სათაურით “პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს.” ამ გვერდებიდან ეს ინფორმაცია ფეისბუკის სხვა მომხმარებლებმა აგრესიული შეფასებებით გააზიარეს. ამჟამად რეპორტიორის და ახალი თაობის მიერ გაზიარებული პოსტები ხელმისაწვდომი აღარ არის.

"

ინფორმაცია პანკისის ხეობაში მშენებარე ეკლესიის დანგრევის შესახებ 2017 წლის აპრილში გავრცელდა. 2 წლის წინანდელი ინფორმაციის 2019 წლის 21 აპრილის პანკისის მოვლენების ახლანდელ კონტექსტში ხელახლა გაცოცხლება რელიგიური შეუწყნარებლობისა და შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

საუბარი ეხება სოფელ ჯოყოლოში არსებულ სალოცავს, რომლის შეკეთებაც სოფელ ჯოყოლოს მკვიდრმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. სამუშაოების მონგრევის შესახებ ინფორმაცია პანკისის სათემო რადიომ 2017 წლის 22 აპრილს გაავრცელა. სალოცავის დანგრევას ახმეტაში საპროტესტო აქციაც მოჰყვა.

ამ ინციდენტზე განცხადება როგორც “პანკისის უხუცესთა საბჭომ”, ასევე სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემ გაავრცელეს. ორივე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ინციდიდენტის მთელ ხეობაზე განზოგადება მოხდა. “უხუცესთა საბჭოს” განცხადებაში კი მითითებული იყო, რომ ამ განზოგადების მიზანი ქისტების “ქართველების მტრებად გამოცხადება” იყო.

ბექხან ფარეულიძე: “ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, დაეველოდოთ გამოძიებას, წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით.”

პანკისის უხუცესთა საბჭო: “[ინციდენტს] მოჰყვა ის აჟიოტაჟი, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ამხელა დეზინფორმაცია მიიწება, ხალხის ემოციებზე ძალზე ნეგატიურად იმოქმედა, რის გამოც უამრავი სატელეფონო ზარი განხორციელდა, სადაც სიმართლის გაგების სურვილი იყო. ჩვენ, პანკისელი უხუცესები ამ ფაქტის გამო შევიკრიბეთ და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება; რომ ნებისმიერი რელიგიური ან საკულტო ნაგებობა ხელშეუხებელია და საუკუნეების განმავლობაში ეს ასეც იყო. უპირველესად ჩვენ, ჯოყოლოელები და პანკისელები განვიცდით იმას რაც მოხდა, რადგანაც ამ ადგილზე ჩვენ ვზეიმობდით დღესასწაულს. მაგრამ ჩვენთვის ასევე გასაგებია იმ ადამიანთა სურვილი, რომ ამის გამო უზარმაზარი ტალღა ააგორონ, რომ ხეობის ქისტები ყველა ერთ ჯამში მოაქციონ, საქართველოს და ქართველების მტრებად გამოგვაცხადონ."


მოამზადა ელმედდინ მამედოვმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი