ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

მითები ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ მცდარია

15 ივლისი, 2014

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. კერძოდ, ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შემუშავდა, ხოლო მისი განხორციელების მიზნით, აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 1997 წელს დაიდო ქოლგა ხელშეკრულება მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობისა და სამხედრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, ხოლო 2002 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტექნოლოგიის, პათოგენებისა და ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ცოდნის გაუვრცელებლობის შესახებ.

ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამა მიზნად ისახავს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. აღნიშნული პროგრამის ფარგლეში შეიქმნა ე.წ. ლუგარის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მაღალი დაცვის მქონე (ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის), საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე ცენტრალურ ლაბორატორიას. ლუგარის ცენტრში განთავსდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში არსებული ბაქტერიების და ვირუსების კოლექცია. მსგავსი დაცულობის ობიექტი საქართველოში მანამდე არ არსებობდა. ლუგარის ცენტრში მხოლოდ 2013 წლის აგვისტოში ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი ტესტირება. ცენტრი ასევე ექვემდებარება საერთაშორისო აუდიტებს და ხარისხის მართვის ინსპექციებს.

ლუგარის ცენტრში არ ტარდება იარაღის შექმნასა თუ გამოცდასთან დაკავშირებული რაიმე კვლევა. ცენტრის მიზანია საზოგადოერივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული ან ახლად აღმოჩენილი ვირუსებისა და ბაქტერიების დროული დიაგნოსტიკით და საერთაშორისო თანამგობრობისთვის კვლევის შედეგების გაზიარებით. ლუგარის ცენტრის ეფექტიანობის კარგი მაგალითია სხვადასხვა სახის გრიპის ვირუსებთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული დახმარება, რომელსაც საფუძვლად სწორედ ცენტრში ჩატარებული კვლევები დაედო.

ლუგარის ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. მის ლაბორატორიებში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, დაავდებათა კონტროლიც ცენტრის, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები მუშაობენ. თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებენ მონაწილეობას და თავიანთ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს უზიარებენ. აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემებში და საზოგადოებას წარედგინება სამეცნიერო სემინარებსა და კონფერენციებზე.

ამავე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაქვემდებარებული ლაბორატორიული ქსელის გარდაქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ახალი დანადგარებით მათი აღჭურვა და პერსონალის გადამზადება. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო კვლევით სივრცეში სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებით, შესაბამისი ტრენინგებისა და კონფერენციების ორგანიზებით. ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ს მთავრობის გარდა, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ახორციელებენ.

ანა ჟვანია

მითის წყარო:

საქინფორმი, 5 მაისი

"არდაბრუნების წერტილი და რიჩარდ ლუგარის სახელობის სიკვდილის ფაბრიკა”

არნო ხიდირბეგიშვილი: "თავდაპირველად აშშ-თან პარტნიორობის მსხვერპლი ქართველი ჯარისკაცები გახდნენ ერაყსა და ავღანეთში, ახლა კი, ლაბორატორიაზე განხორციელებული დივერსიის, ტერაქტის ან, თუნდაც, შემთხვევითი „ჩპ"-ს შედეგად, ვირუსის შტამის გაჟონვის მსხვერპლი შეიძლება გახდეს არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ რეგიონის ქვეყნების – აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის.”

http://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=18745%3A2014-05-05-08-29-42&catid=99%3Aactual1&Itemid=419#ixzz32O08BPcC

Geworld.ge, 28 მაისი

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი: "...თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს გლობალურ დონეზე მიმდინარეობს გენოციდი, რომელიც გულისხმობს ერების როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ განადგურებას, ყველაფერი ნათელი გახდება. ამიტომ არ არის გამორიცხულიდა დიდი ეჭვიც არსებობს, რომ ეს ვირუსები ხელოვნურად ვრცელდება. ასეთი დაავადებების წინაშე განსაკუთრებით დაუცველები არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოოდ ამოძირკვონ ქართველი ხალხი, ქართული ცნობიერება. მე არ მიყვარს არაპროფესიონალურ დონეზე საუბარი, მაგრამ დიდი ეჭვითვუყურებ იმ ლაბორატორიას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დიდი ზარ-ზეიმით გახსნეს."

პროფილები:

ტეგები: