მითი, რომ დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მდგომარეობის გაუარესებით, უსაფუძველოა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

195
VIEWS

საქართველოს სახელმწიფო დასავლეთის სახელმწიფოებისა და კერძო მეცენატებისგან განათლების სფეროს განვითარებისთვის მრავალი წელია მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. დახმარება რამდენიმე სახის არის. საქართველო იღებს ფინანსურ დახმარებას გრანტებისა და სესხების სახით იმისთვის, რომ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს. სესხებს შორის მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ბანკის სესხი, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად,  ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შემუშავება მოხდა. რაც შეეხება გრანტებს, მაგალითად ასეთი გრანტები გაიცემა უკვე მრავალი წელია იმისთვის, რომ საქართველოს მეცნიერებმა შეძლონ აღჭურვილობის შეძენა, კონტაქტების დამყარება საზღვარგარეთ, კვლევების წარმოება და სხვა. არსებობს სხვა სასარგებლო მიზნობრივი პროგრამებიც. მაგალითად, განათლების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური საჩუქრის, იაპონური მთავრობის გრანტის ფარგლებში ითარგმნა განათლების მიმართულებით 60-ზე მეტი თანამედროვე სახელმძღვანელო, იმისთვის, რომ ქართველ სტუდენტებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ პროფესიულ ლიტერატურას, განათლების მეცნიერების უახლეს მიღწევებს.

მეორე, მნიშვნელოვანია დახმარების მიმართულება, რაც განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის ეგრეთწოდებულ ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ჩამოდიან უცხოელი კონსულტანტები, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მთავრობასა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ახალი ცოდნა, განავითარონ თანამედროვე სისტემები და რაც მთავარია, შეძლონ საერთაშორისო სისტემებში ინტეგრირება იმისთვის, რომ საქართველოს განათლების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს. განათლების სფეროში ბოლო 20 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და კერძო დონორების შემწეობით შესაძლებელი გახდა მრავალი ცნობილი მეცნიერის და ექსპერტის ჩამოყვანა. მაგალითად, 2002-07 წლებში საქართველოს სახელმწიფოს განათლების სფეროს გარდაქმნაში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები ეხმარებოდნენ. უცხოელი ექსპერტების დახმარებით დაინერგა საქართველოს უნივერსიტეტებში ახალი, მაღალი ხარისხის პროგრამები, როგორიც არის განათლების ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების და სხვ. სამაგისტრო პროგრამები.

მესამე, მნიშვნელოვანი დახმარებების მიმართულება არის საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა საზღვარგარეთ ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემის საშუალებით. მრავალი სახელმწიფო გასცემს სტიპენდიებს იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა. მაგალითად, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის დახმარებით, ბოლო 24 წელიწადში რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას დაუფინანსდა გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა. ბრიტანეთისა და ამერიკის მთავრობების დახმარებით მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების – ჩივნინგი და IREX-ის მეშვეობით წამყვან უნივერსიტეტებში არაერთი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებს. მრავალი სტიპენდია გაიცემა ასევე იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლესებში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერებმა და პედაგოგებმა შეძლონ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწა საერთაშორისო გამოცდილების მიღების საფუძველზე.  მაგალითად, მრავალ ქართველ მეცნიერს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი კვალიფიკაცია აემაღლებინათ ოქსფორდისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი დაფინანსების წყალობით.

მეოთხე, დასავლეთის ქვეყნები პირდაპირ მონაწილეობენ საქართველოში ახალი, მაღალი სტანდარტების მქონე სასწავლებლების დაარსებაში. მაგალითად, ასეთი პროექტის ფარგლებში, ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარის დახმარების საფუძველზე ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა თბილისში – გივი ზალდასტანის სახელობის ამერიკული აკადემია, სადაც ქართველი ბავშვები საუკეთესო განათლებას იღებენ.

მსგავსი, მაგრამ გაცილებით უფრო მასშტაბური ფინანსური დახმარების მატარებელია საქართველოში ახალი ტექნოლოგიური უმაღლესი პროგრამების გახსნა სან-დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაზე. ამერიკის დახმარებით, მრავალი ათეული მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ სპეციალურად მომზადდნენ ქართველი პროფესორები, მომზადდეს პროგრამები და ფიზიკური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ საქართველოში გაიზარდონ მაღალი, თანამეროვე ტექნიკური უნარების მქონე ინჟინრები და პროგრამირების სპეციალისტები.

დღეს, გლობალიზაციის პირობებში არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობა იყოს. ამის მისაღწევად განსაკუთრებული როლი სწორედ განათლების სისტემას ენიჭება. განათლება არა მხოლოდ ტექნიკურ კომპეტენციებს მოიცავს, არამედ მოქალაქეთა შორის თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმების და ამისთვის საჭირო ღირებულებების დანერგვასაც. სწორედ ამ მიზნით დასავლეთის ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში ტექნიკური ცოდნის გარდა, სამოქალაქო განათლებაც მაღალ დონეზე იდგეს. სწორედ ამიტომაც დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების დიდი წილი სწორედ სამოქალაქო განათლებაზე მოდის.

დასავლეთისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ისტორია. მრავალ ქართველ მეცნიერს, რომელთა მიღწევებითაც ვამაყობთ და რომელთა შრომის შედეგიც არის ის, რომ გვაქვს საქართველოში სამეცნიერო კვლევების მდიდარი ისტორია, სწორედ საქართველოსა და რუსეთის იმპერიის ფარგლებს გარეთ, ევროპაში იღებდა განათლებას. მაგალითად ცნობილი ქართველი მეცნიერი, დიმიტრი უზნაძე  გერმანიაში რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლობდა და თავისი სადოქტორო ნაშრომიც ამ ქვეყანაში აქვს დაცული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილიც ევროპაში იღებს სხვადასხვა ლაბორატორიაში ერთ-ერთ პირველ სამუშაო გამოცდილებას, სანამ თავის სამეცნიერო კარიერას დაიწყებს. ივანე ჯავახიშვილი 1901-1902 წლებში მიწვეული იყო ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც ცნობილ გერმანელ ისტორიკოსების ხელმძღვანელობით მუშაობდა და სწავლობდა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეცნიერებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა იმ პერიოდში, როდესაც სწორედ დასავლეთთან ურთიერთობები იყო უკიდურესად შეფერხებული. ასეთ პირობებში ქართველი მეცნიერებისთის სერიოზული პრობლემა იყო თავიანთ წამყვან კოლეგებთან ურთიერთობა, საერთო პროექტების წარმოება, ცოდნის გაცვლა. ამ პრობლემის ნათელი ილუსტრაციაა ქართველი მეცნიერების უკიდურესად მცირე რაოდენობის სამეცნიერო პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, თუ ამ მონაცემს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობის სხვა სახელმწიფოებს შევადარებთ.

ცხადია, დასავლეთის პრაქტიკის საქართველოს რეალობის გაუთვალისწინებელ გადმოტანას შეუძლია პრობლემებიც შექმნას საქართველოს განათლების თუ მეცნიერების სისტემისთვის. ასეთი პრობლემები ძირითადად ჩნდება ხოლმე მაშინ, როდესაც საკმარისად არ ხდება ასეთი პრაქტიკის ჩვენს რეალობასთან ადაპტირება. რამდენად შეუძლია საქართველოს დაიცვას თავი, მისთვის არასასურველი გავლენებისგან, რასაც შესაძლოა კავშირში იყოს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მიღებასთან და საერთაშორისო პროექტებთან? დასავლეთის სახელმწიფოებს აქვთ მრავალი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ მაშინ, როდესაც გადაწყვეტენ, რომელიმე სახელმწიფოს განვითარებას დაეთანხმონ. ერთ-ერთი ასეთია, პარიზის დეკლარაცია დახმარების ეფექტურობის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ერთ-ერთ ძირითად პრინციპად, რომ დონორი ქვეყნის დახმარება უნდა შეესაბამებოდეს მიმღების საჭიროებებს, რომელსაც თავად მიმღები სახელმწიფო განსაზღვრავს. შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო იქნება სუსტი საკუთარი ინტერესების განსაზღვრაში, არსებობს საფრთხე, რომ დასავლეთის მხრიდან გამოყოფილი დახმარება შეიძლება უმიზნოდ ან ზოგ შემთხვევაში საქართველოსთვის საზიანოდ იქნას მოხმარებული. ქართველი განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლების მიერ საკუთარი პრობლემების ზუსტად განსაზღვრის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება იმის ალბათობა, რომ დასავლეთიდან მოსული დახმარება შედეგიანი იქნება.

 

მითის წყარო:

მერაბ ჯიბლაძე, აკადემიკოსი: მოკლედ რომ გითხრათ, საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების  მოსპობა,  უნივერსიტეტში  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიების გაუქმება – ეს ყველაფერი ამერიკელების რეკომენდაციით მოხდა!  თუ გვინდა,  წინ წავიდეთ,  განათლების სფეროში ამერიკული ექსპანსიისაგან როგორმე თავიუნდა დავიძვრინოთ!  დღეს  საქართველო ამერიკის შორეული კოლონიაა და ჩვენ ამერიკელები გვმართავენ!

 

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist