ევროინტეგრაცია

მითი, თითქოს ID ბარათების შემოღება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა, მცდარია

9 დეკემბერი, 2014

განცხადებები, თითქოს საქართველოში პირადობის მოწმებების იგივე ID ბარათების შემოღება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს უკავშირდება  და  ეს პროცესი ევროკავშირის მოთხოვნით ხორციელდება, არ შეესაბამება სიმართლეს.  უფრო მეტიც, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ID ბარათები საერთოდ არ გამოიყენება.

მსოფლიოში გარკვეული ქვეყნები  მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ქონას ავალდებულებენ (მაგ., გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.). თუმცა არსებობენ  ქვეყნები, სადაც ამგვარი ვალდებულება არ არსებობს (აშშ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, შვეიცარია, ავსტრია და სხვ.) და სადაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოვალეობას  პასპორტი (ბრიტანეთში - არაბიომეტრიული პასპორტი), მართვის მოწმობა, სადაზღვევო მოწმობადა სხვა დოკუმენტი ასრულებს.

2004 წელს, ევროკავშირის საბჭომ პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში (და არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, რომლებიც წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებზე გაიცემა) ბიომეტრიული მონაცემების შეტანის შესახებ დადგენილება N2252/2004 მიიღო. ეს დადგენილება მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით გაცემულ პასპორტებზე და სამგზავრო დოკუმენტებზე ვრცელდება  (არ ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ  დოკუმენტაციაზე). დადგენილება მოქმედებს ევროკავშირის მასშტაბით, გარდა შემდეგი წევრი სახელმწიფოებისა: დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. დადგენილება ასევე ძალაშია, ევროკავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყნებში, კერძოდ, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და ისლანდიაში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს მართლაც აქვს აღებული ვალდებულება ბიომეტრიული პასპორტების შემოღებასთან, თუმცა, არა  ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის, სამოქმედო გეგმის ელემენტების 2.1. ბლოკში ვკითხულობთ:

"საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა სტატუსისა და მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესის ერთიანობასა და უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებულ და უსაფრთხო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ჩათვლით, სათანადოდ უზრუნველყოფილი დაცვის ზომებით, რამდენადაც საქმე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს".

„საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია მანქანა კითხვადი ბიომეტრული პასპორტების გამოშვების მიზნით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებთან"...

ID ბარათთან დაკავშირებული დისკურსი ევროპის სახელმწიფოებში სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვას უკავშირდება, რისი დაცვის ვალდებულებაც ასოცირების ხელშეკრულებაშიც არის აღნიშნული და სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი. 

თუმცა, საქართველოში,  ID ბარათების შესაძლო ნეგატიურ მხარეებზე საუბრისას, როგორც წესი, აპელირება ხდება არა ზემოაღნიშნულ ლეგიტიმურ საფრთხეზე, რისი დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმი შექმნილია, არამედ სულ სხვა, ნაკლებად რეალისტურ, მისტიფიცირებულ და ცრურწმენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსახლეობის ნაწილი, პირადობის ელექტრონული მოწმობების დანერგვის წინააღმდეგი მხოლოდ იმიტომაა, რომ ფიქრობენ, თითქოს ID ბარათი ეშმაკის კოდს, ე.წ. „მხეცის ნიშანს"  666-ს  შეიცავს. ID ბარათი ცალკეულმა სასულიერო პირებმა ქრისტიანულ მოძღვრებაში არსებულ ესქატოლოგიურ მოტივებს მოარგეს და ამგვარად გაჩნდა საზოგადოებაში ID ბარათების საკითხის აპოკალიფსური წინასწარმეტყველებების მიხედვით გამოცხადებულ ეშმაკის ბეჭედთან გაიგივება.

ამ მოსაზრების მართებულობას არც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იზიარებს. 2012 წლის 5 ივლისის წმინდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია: „სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების  ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია".

ID ბარათს მრავალი უპირატესობა გააჩნია ძველი თაობის დოკუმენტებთან შედარებით. იგი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომლითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ასევე, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების საშუალებას იძლევადა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას იურიდიული ძალა გააჩნია. ID ბარათში მოთავსებულია ორი ელექტრონული მატარებელი: კონტაქტური და უკონტაქტო. პირველზე დატანილია პირის პერსონალური მონაცემები, ხოლო მეორე  განკუთვნილია სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისათვის. ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე შესაძლებელია  ყველა სხვა სახის ბარათის ინტეგრირება, რომელიც გაიცემა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მიერ, შესაბამისად მოწმობის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მხოლოდ ერთი, უნივერსალური ID ბარათით. დოკუმენტი იძლევა შესაძლებლობას, დავზოგოთ დრო და სახლიდან გაუსვლელად შევასრულოთ სხვადასხვა ოპერაციები და ვისარგებლოთ სწრაფი მომსახურებით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებში.


ტატო ყიფშიძე

ტეგები: