სხვადასხვა

მითი, თითქოს ლიბერალიზმი ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, უსაფუძვლოა

7 სექტემბერი, 2015

გია ნოდია

ლიბერალიზმი არის სოციალური და პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც ისტორიულად დასავლეთში წარმოიშვა და აქ ყველაზე მეტად გაიდგა ფესვი, თუმცა დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და გლობალური მასშტაბით ყველაზე გავლენიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ლიბერალიზმს მრავალი კრიტიკოსი ჰყავს როგორც დასავლეთში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მაგალითად, მემარცხენეების აზრით, ლიბერალიზმი ზედმეტად აძლიერებს ინდივიდუალიზმს, რითაც ხელს უწყობს ქონებრივ უთანასწორობას და არ აღვივებს სოლიდარობას ნაკლებად წარმატებული სოციალური ფენების მიმართ. მაგრამ აქ ყურადღებას გავამახვილებთ სხვა ტიპის კრიტიკაზე, რომელიც ბოლო ხანს განსაკუთრებით გავრცელდა საქართველოში, კერძოდ, ორ მოსაზრებაზე: (1) ლიბერალიზმი ეროვნული ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების, თავისთავადი ეროვნული კულტურების მტერია და მათ ნიველირებას ახდენს, და (2) ლიბერალიზმის იდეებს დასავლეთი ძალით ახვევს თავს დანარჩენ ერებს. მაგრამ თავიდან ვთქვათ, რას ნიშნავს ეს ცნება, „ლიბერალიზმი".

ლიბერალიზმის ძირითადი ღირებულებებია პიროვნების თავისუფლება და თანასწორობა. ისტორიულად, ის ფეოდალური სისტემის უარყოფიდან ამოიზარდა, რომელიც თავისუფლებას მხოლოდ ცალკეული სოციალური ფენების (არისტოკრატიის) პრივილეგიად აღიარებდა და დაუშვებლად მიიჩნევდა ადამიანთა თანასწორობას კანონის წინაშე. პოლიტიკაში ლიბერალიზმი ნიშნავს ისეთი პოლიტიკური წესრიგის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად იცავს თითოეული პიროვნების თავისუფლებას და მათ თანასწორობას კანონის წინაშე, ანუ კანონის უზენაესობას. ეს უკანასკნელი გულისხმობს არა მხოლოდ რიგით მოქალაქეთა, არამედ ხელისუფლების შეზღუდვას: ის მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ საზღვრებში ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. ეკონომიკაში, ლიბერალიზმი იცავს თავისუფალ მეწარმეობაზე აგებულ სისტემას, რომელშიც დაცულია კერძო საკუთრება და გასაქანი ეძლევა კერძო ინიციატივას. სოციალურ-კულტურულ სფეროში, ლიბერალიზმი ასოცირდება შემწყნარებლობასთან სხვადასხვა რელიგიის, კულტურის, გემოვნების და ცხოვრების სტილის მიმართ. თანამედროვე სამყაროში ლიბერალური პრინციპები როგორც წესი (თუმცა არა ყოველთვის) შერწყმულია დემოკრატიასთან, ანუ პოლიტიკურ რეჟიმთან, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე.

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ლიბერალიზმი" ზოგადი პრინციპების ერთობლიობაა, რომელთა ინტერპრეტაცია მეტად განსხვავებული შეიძლება იყოს. მაგალითად, ლიბერალები შეიძლება მძაფრად ეკამათონ ერთმანეთს იმაზე, თუ სახელდობრ როგორ უნდა შევახამოთ ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები, თავისუფლება და თანასწორობა. ან: რამდენად შორს უნდა წავიდეს ლიბერალური შემწყნარებლობა, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ლიბერალებს ისეთი დოქტრინების და პრაქტიკის მიმართ, რაც ადამიანის თავისუფლებას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ინტელექტუალური პოლემიკის გარდა, ლიბერალიზმის ინტერპრეტაციათა მრავალგვარობა გამოხატულებას პოვებს იმ ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკურ მოდელებში, სადაც ლიბერალური ღირებულებები ფუძემდებლურადაა აღიარებული. როგორც ამ ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, ლიბერალიზმი იდეათა საკმაოდ მოქნილი სისტემაა, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ეხამება როგორც სოციალურ სოლიდარობას, ისე ტრადიციული (მათ შორის ოჯახური) ღირებულებების დაცვას. თანამედროვე ევროპაში წამყვანი პარტიების პლატფორმები, როგორც წესი, ყველა ამ ღირებულების გარკვეულ ნაზავს ემყარება, ოღონდ ისე, რომ პიროვნების თავისუფლების და თანასწორობის ხელყოფა არ მოხდეს. ამიტომ აქ ლიბერალიზმის პრინციპებს აღიარებენ როგორც ზომიერი მემარცხენეები (სოციალ-დემოკრატები), ისე ზომიერი მემარჯვენეები (მემარჯვენე ცენტრისტები). ამ პრინციპებთან აშკარა წინააღმდეგობაში მხოლოდ რადიკალური, მეტ-ნაკლებად მარგინალური პარტიები და მოძრაობები გამოდიან.

როგორც ვთქვით, ლიბერალიზმის წინააღმდეგ ერთ-ერთი პოპულარული ბრალდება ისაა, რომ მისი პრინციპების გავრცელება თვითმყოფადი ეროვნული კულტურების ნიველირებაზე და ამოძირკვაზეა მიმართული. მაგრამ ისტორიული გამოცდილება, პირველ რიგში, თვით დასავლური ცივილიზაციის ისტორია, საპირისპიროს აჩვენებს. ყველასათვის ცნობილია, რომ „დასავლეთი" ზოგადი ცნებაა, რომელიც მრავალ განსხვავებულ კულტურას აერთიანებს: ფრანგულს, ინგლისურს, ამერიკულს, გერმანულს, იტალიურს, ბერძნულს, პოლონურს და მრავალ სხვას. არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს თავისთავადობა და უნიკალურობა ლიბერალური იდეების და ინსტიტუტების გავრცელებასთან და დამკვიდრებასთან ერთად. მეტიც, თვით „ერის", „ეროვნული კულტურის", როგორც განსაკუთრებული ღირებულების აღმნიშვნელი ცნებები სწორედ ლიბერალური იდეების გავრცელების შედეგია.

ამის თვალსაჩინო მაგალითია ქართული ტრადიცია: ქართული ეროვნული იდეა მისი თანამედროვე სახით სწორედ ევროპულ ლიბერალიზმზე ორიენტირებულ მოაზროვნეთა წრეში ჩაისახა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ილია ჭავჭავაძეა. რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ოპონენტები სწორედ „ლიბერალობას" უკიჟინებდნენ, ქართველი ერის კულტურულ თავისთავადობას უპირისპირდებოდა?

ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ლიბერალები ებრძოდნენ გარკვეულ დამკვიდრებულ პრაქტიკებს, რომელთაც „ტრადიციის" სტატუსი აქვთ მიღებული. მაგალითად, ლიბერალები ვერ იწყნარებენ კაციჭამიობას (კანიბალიზმს), რომელიც მსოფლიოს მრავალი ხალხისთვის მათი ტრადიციის ნაწილია. ასევე, ისინი ძნელად ეგუებიან ისეთ ზოგიერთ კულტურაში პოპულარულ ტრადიციებს, როგორიცაა ქმრის სიკვდილის შემთხვევაში, მისი ცოლის ან ცოლების მასთან ერთად ცოცხლად დამარხვა, ან მოხუცი მშობლების მოკვლა (ან მათი რიტუალური თვითმკვლელობა). მაგრამ ასეთი ტრადიციების უარყოფით მის მატარებელ ხალხებს თავისთავადობა არ დაუკარგავთ.

როგორც ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, ლიბერალური იდეები და ინსტიტუტები კონფლიქტში კი არ შედის კულტურის მრავალფეროვნებასთან, არამედ პირიქით: ლიბერალური ინსტიტუტები ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას. მეტიც, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და წახალისება, „მულტიკულტურალიზმის" სახელით, ლიბერალური პოლიტიკური მიმართულებების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა. ლიბერალებს შორის მწვავე დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, თუ რა კონკრეტული გზებით შეიძლება კულტურული მრავალფეროვნების დაცვა, მაგრამ თავად იმაზე, რომ კულტურული მრავალფეროვნება პოზიტიური ღირებულებაა და მხარდაჭერას იმსახურებს, მათი უდიდესი უმრავლესობა თანხმდება.

რამდენად დამაჯერებელია მეორე ბრალდება, თითქოს დასავლეთი ძალადობით თავს ახვევს ლიბერალურ იდეებს დანარჩენ მსოფლიოს? ისტორიულად, ამ მოსაზრებას აქვს გარკვეული საფუძველი. სახელდობრ, ესაა დასავლური იმპერიალიზმის გამოცდილებაა. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო დანარჩენი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა. ეს ტრადიციული ძალის პოლიტიკის ჩვეულებრივი გამოვლენა იყო: ძლიერი სახელმწიფოები ყოველთვის იპყრობდნენ სუსტებს, ევროპამ კი თავისი ეკონომიკური და სამხედრო უპირატესობა გლობალური კონტროლის დასამყარებლად გამოიყენა. ოღონდ ამ შემთხვევაში, დაპყრობითი პოლიტიკის გამართლებად ევროპელები ხანდახან მოწინავე, ანუ ლიბერალური ცივილიზაციის გავრცელებას ასახელებდნენ: ამას ევროპის „ცივილიზაციური მისია" დაერქვა.

ევროპელ იმპერიულ ერებს მართლაც შეჰქონდათ მოწინავე ცივილიზაციის ელემენტები განვითარების უფრო დაბალ საფეხურე მყოფ ხალხებში: ეს გულისხმობდა თანამედროვე განათლებას, მმართველობითი ადმინისტრაციის და სამართალწარმოების ჩვევებს, თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ა. შ. მაგრამ ამას თან ახლდა ქედმაღლური დამოკიდებულება ადგილობრივი კულტურების მიმართ და მრავალი უსამართლობა, ჩადენილი იმპერიული ბატონობის დასამკვიდრებლად და დასაცავად.

სწორედ ამიტომ, ევროპული იმპერიალიზმი მიუღებელი აღმოჩნდა დაპყრობილი ხალხებისთვის, რასაც 1960-იანი წლებისთვის იმპერიული სისტემის მსხვრევა მოყვა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ევროპული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას ადგილობრივი განმათავისუფლებელი მოძრაობების ლიდერები, პირველ რიგში, ისევ ევროპელებისაგან შეთვისებულ ლიბერალურ იდეებს ეყრდნობოდნენ. ყველა ადამიანის თანასწორობა, ეროვნული თავისუფლების იდეალი (ანუ ნაციონალიზმი), ჩაგვრის და ექსპლუატაციის დაუშვებლობა - ყოველივე ეს სწორედ ევროპული ლიბერალიზმის წიაღში განვითარებული იდეებია, რაც ევროპელმა ერებმა თავის კოლონიებში ჩაიტანეს. ამგვარად, თუმცა ევროპული იმპერიალიზმის ისტორიაში ლიბერალური იდეები ხანდახან გამოიყენებოდა ტრადიციული იმპერიული პროექტების გასამართლებლად, საბოლოოდ ისინი წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ლიბერალურ ღირებულებებთან. ანუ, თვით ლიბერალური ღირებულებების შინაარსი ვერ გუობს მათ ძალადობრივ გავრცელებას. ამის გამოა, რომ იმპერიალიზმი, როგორც სუსტი ერების დაპყრობის დოქტრინა, დღეს ცალსახადაა უარყოფილი იქ, სადაც ლიბერალური მსოფლმხედველობა ბატონობს.

თუ ეს ასეა, დავსვათ კითხვა: მაშ რით უნდა აიხსნას ლიბერალური იდეების და ინსტიტუტების ფართო აღიარება დღევანდელ მსოფლიოში? რატომაა, რომ ის გაცილებით უფრო გავლენიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლმხედველობა (მაგალითად, კომუნიზმი, რადიკალური ისლამი და ა. შ.)?

ცხადია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბერალიზმის ღირებულებები: თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ა. შ. თავისთავად მიმზიდველია მრავალი ადამიანისთვის. ოღონდ ლიბერალიზმის მოწინააღმდეგეები (მაგალითად, კომუნისტები, ან მსოფლიო ხალიფატის მომხრეები) შეიძლება ამას არ დაეთანხმონ: მათ სხვა იდეები იზიდავთ. სამაგიეროდ, ძნელია უარყო ის ფაქტი, რომ ლიბერალურ პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი უკეთეს ცხოვრებას სთავაზობს ადამიანებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური სისტემა. უკეთესი ალტერნატივა ჯერ არავის შემოუთავაზებია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიბერალური იდეები და შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტები თავდაპირველად დასავლეთში (უფრო ზუსტად, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში) ჩამოყალიბდა. სწორედ ამის წყალობით, ეს გეოგრაფიული რეგიონი მკვეთრად დაწინაურდა მსოფლიოს სხვა ნაწილებთან შედარებით. თუ მე-16 საუკუნეში ევროპაში ცხოვრება სულაც არ ჯობდა, ვთქვათ, ჩინეთში, ინდოეთში ან ოსმალეთის იმპერიაში ცხოვრებას, მე-19 საუკუნისთვის ევროპული ცივილიზაცია თავისი განვითარების დონით ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენ მსოფლიოზე როგორც პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით, ისე რიგითი ადამიანების ცხოვრების დონით. ასეთი წარმატების საფუძველი იყო სწორედ ლიბერალიზმის ღირებულებების განხორციელება (ცხადია, მეტ-ნაკლები ხარისხით): პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალისთვის გასაქანის მიცემა, ხელისუფლების თვითნებურ ქმედებათა მოთოკვა კანონის უზენაესობის მოთხოვნებით, კერძო საკუთრების თანმიმდევრული დაცვა და ა. შ.

ადამიანის ძირეული მიდრეკილებაა, უკეთ იცხოვროს. ცხოვრება კი უკეთესია იმ ქვეყნებში, სადაც ლიბერალური დემოკრატიაა. სწორედ ამიტომაა, რომ თუმცა ლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები თავდაპირველად პლანეტის მცირე ნაწილში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაინერგა, თანდათანობით ეს მოდელი მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოდ იქცა და მრავალმა ქვეყანამ სცადა, ის საკუთარი ისტორიისა და ტრადიციებისთვის მოერგო. ეს არც ისე მარტივი ამოცანაა, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანას ეს გამოუვიდა, ზოგს კი - არა. იმ ქვეყნების მოსახლეობა, სადაც ლიბერალური პრინციპების საწინააღმდეგო ინსტიტუტებია, არჩევანს მაინც აკეთებს, მაგრამ ინდივიდუალურად: ისინი ყველა, მათ შორის უკანონო მეთოდებით და, ხშირად, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ, ლიბერალური რეჟიმის მქონე ქვეყნებში მოხვდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნებიც და ინდივიდებიც ლიბერალურ ინსტიტუტებს არჩევენ, რადგან უკეთესი ცხოვრება უნდათ.

დასავლეთის ქვეყნები, მათი საზოგადოებები და მთავრობებიც აღიარებენ ლიბერალური ინსტიტუტების უპირატესობას და ეხმარებიან ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მთავრობებს და ამ ქვეყნებში არსებულ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ლიბერალური იდეების და ინსტიტუტების გავრცელებაში და დამკვიდრებაში. მაგრამ ასეთი დახმარება ემყარება ძირითად დაშვებას: თავად ეს საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო აქტორები აღიარებენ ლიბერალური იდეების და ინსტიტუტების უპირატესობას. სხვა შემთხვევაში, დახმარება აზრს კარგავს.

ლიბერალიზმს, უტოპიური იდეოლოგიებისგან განსხვავებით, არა აქვს პრეტენზია, სრულყოფილი, უნაკლოდ სამართლიანი ცხოვრების მოდელი შექმნას. ეს მსოფლმხედველობა ადამიანის ბუნებიდან ამოდის, ხოლო ადამიანი არასრულყოფილია, ამიტომ სოციალური და პოლიტიკური წესრიგიც ყოველთვის არასრულყოფილი იქნება. მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში შეიძლება ვეცადოთ, გვქონდეს იმაზე უკეთესი, რაც გვაქვს. ლიბერალური ინსტიტუტების ძალა იმაშია, რომ ის ადამიანის სრულყოფისკენ სწრაფვას ყველაზე მეტ გასაქანს აძლევს.

მითის წყარო:

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: "თუ ესე გაგრძელდება, ხომ საქართველო წაილეკება აი ამ აგრესიული რელიგიით, რომელსაც ქვია დასავლური ლიბერალიზმი, რომელიც ანადგურებს ადამიანს" (იმედი, რეაქცია, 13 თებერვალი, 2015).

ლევან ვასაძე,ბიზნესმენი:

„მსოფლიო ცხოვრობს დასავლური ლიბერალიზმის, გლობალიზმისა დარადიკალიზმის მიერ ტრადიციულ, ადამიანურ ფასეულობებსა და ღირსებებზე ორგანიზებულიუპრეცედენტო შეტევის ეპოქაში, რომელიც "ადამიანის უფლებათა" ყალბი დროშით შენიღბულიცდილობს, საკუთარი ძირგამომთხრელი დოქტრინები მოახვიოს თავს ისეთ ტრადიციულსაზოგადოებებს, როგორიც თქვენია. დაიცავით თქვენი უნიკალური კულტურა, ტრადიციები დაფასეულობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საშიშროების წინაშედადგება, ვიდრე "ადამიანური ბედნიერების უდიდესი სვეტების" – რელიგიისა და მორალის მოშლაა, რომელიც, პროგრესისა და გლობალიზაციის სახელითმიმდინარეობს. გამოიჩინეთ ვაჟკაცობა დაპატრიოტიზმი და უფალი დაგაჯილდოვებთ თქვენი ქმედებებისთვის!(ამბები.ge, 25 მაისი, 2015).

პროფილები:

ტეგები: