მმართველი პარტიის დეპუტატი იცავს მე-6 პუნქტს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბოკერია კოპალიანი
289
VIEWS

2019 წლის 25 აგვისტოს, ტვ ობიექტივის გადაცემაში „ღამის სტუდია“  მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა კარლო კოპალიანმა  2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მხარეებს შორის საფრანგეთის შუამავლობით დადებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე ისაუბრა. კერძოდ, კოპალიანის განცხადებით, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა შეთანხმების ხელმოწერაზე მე-6 პუნქტის გამო, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ხელს უშლიდა.

კარლო კოპალიანი, ქართული ოცნება: „[სარკოზი-მედვედევის შეთანხმების] მეექვსე პუნქტი მართლაც წამოსაწევი თემაა, რატომღაც ეს თემა მიჩუმათებული იყო… იძახის [ნიკოლა] სარკოზი თვითონ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, რომ კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა [მიხეილ] სააკაშვილი ამ პუნქტის დატოვებაზე ხელშეკრულებაში და ის, ხელს არ მოვაწერ თუ არ ამოიღებთ ამ პუნქტსო. რა ხდებოდა? არაფერიც არ ხდებოდა, ჩემი გაგებით, სხვა როგორ შეაფასებს არ ვიცი, ის პუნქტი ხელს უშლიდა ზუსტად რამოდენიმე დღეში, ზუსტად 2 კვირაში თუ რაღაცა რუსეთს, რომ ეღიარებინა ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ამიტომ ეს იყო მოლაპარაკების თუ შეთქმულების ერთ-ერთი თემა და ალბათ სააკაშვილს მაგი რომ არ ექნა, ალბათ პუტინი მართლა დაკიდებდა ერთი ადგილით სადღაც“.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადება, თითქოს ქართული მხარე უარს ამბობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერაზე მე-6 პუნქტის გამო, რომელიც ხელს შეუშლიდა რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში, მანიპულაციაა. რეალურად სწორედ შეთანხმების თავდაპირველი მე-6 პუნქტი ითვალისწინებდა კონფლიქტის ზონების სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების დაწყებას და საფრთხის შემცველი იყო საქართველოს სუვერენიტეტისათვის.

  • შეთანხმების თავდაპირველი ვარიანტის მე-6 პუნქტი საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტს

2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე მომზადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-6 პუნქტის თავდაპირველი ვარიანტი  არათუ ხელს არ შეუშლიდა რუსეთს თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაში არამედ, პირიქით, შესაძლოა ხელიც შეეწყო ამ პროცესისთვის.

შეთანხმება  რუსეთსა და საქართველოს 6 ვალდებულებას აკისრებდა:

  1. ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე,
  2. სამხედრო მოქმედებების საბოლოო დასრულება,
  3. ჰუმანიტარული დახმარებისაათვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნრველყოფა,
  4. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბრუნება ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში,
  5. რუსეთის შეიარაღებული ჯარების გადაადგილება ხაზზე, რომელიც არსებობდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე
  6. საერთაშორისო განხილვების დაწყება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების შესახებ.

ოფიციალური თბილისი შეთანხმების ამ ფორმით ხელმოწერაზე ყოყმანობდა, რადგან მე-6 პუნქტში სიტყვა ”სტატუსის” არსებობას სხვადასხვა ინტერპრეტაციის წყაროდ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობად მიიჩნევდა.

რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პროტესტს გამოთქვამდნენ იმ ფაქტის გამო, რომ შეთანხმების თავდაპირველი ტექსტი შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით და ამოღებულ იქნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მომავალი სტატუსის საერთაშორისო დონეზე განხილვის პირობა.

“მითების დეტექტორი” კომენტარისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიგა ბოკერიას დაუკავშირდა, რომელიც  მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული. ბოკერიას განცხადებით, საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვებდა კონფლიქტის ზონების სტატუსს, სამომავლოდ შესაძლოა გამოყენებულიყო მათი დამოუკიდებლობის აღიარების საფუძვლად, როგორც ეს კოსოვოს შემთხვევაში მოხდა.

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველო”: “რა თქმა უნდა, სწორი იყო მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია, იმიტომ რომ დაახლოებით ისევე როგორც მოხდა არაიდენტურად, მაგრამ მსგავსად კოსოვოს შემთხვევაში, ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება დაეთანხმებოდა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებდა სტატუსს, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის, შემდგომში შეიძლება რომ  გამოყენებული ყოფილიყო საერთაშორისო სამართალში საწყის წერტილად, ლეგიტიმური ცნობისა მათი დამოუკიდებლობის. ანუ, არცერთმა საქართველოს ლეგიტიმურმა მთავრობამ არ უნდა დაუშვას კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიის დათმობად გამოცხადების. ამ პუნქტზე ხელისმოწერით, ეს ნიშნავდა ჩვენი მხრიდან აღიარებას, რომ ეს საკითხი განხილვადი საკითხია მათი დამოუკიდებლობის და ბუნებრივია, რომ ამას არ დავთანხმდით“.

საქართველომ დოკუმენტს ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც შეთანხმების მე-6 პუნქტიდან  ამოღებულ იქნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების მე-6 პუნქტის თავდაპირველი პროექტი

წყარო: Civil.ge

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების მე-6 პუნქტის საბოლოო ვარიანტი

წყარო: Civil.ge

“საერთაშორისო განხილვების დაწყება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების შესახებ” “საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  პირობების შესახებ.”

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/DJyMYHdib8U.jpg?itok=BP783Qvr”,”video_url”:”https://youtu.be/DJyMYHdib8U”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist