მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესია სექტებს გაუთანაბრა, მცდარია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

40
VIEWS

2018 წლის 17 ივლისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სახალხო პარტიის ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ,  განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს ეკლესიის სტატუსი რელიგიური სექტების სტატუსს გაუთანაბრა.

მამუკა გიორგაძე:  „სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად გაათანაბრა საქართველოს ეკლესია, გაათანაბრა დანარჩენ, ასე ვთქვათ, სექტის დონეზე დაიყვანა. ამის შესახებ ფაქტობრივად პროტესტი არ გამოგვითქვამს, ამის შესახებ არ გადადგმულა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა“.

მტკიცება, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი შეცვალა და ის რელიგიური სექტების სტატუსს გაუთანაბრა, ტყუილია. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსში და  სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერები. ამ გადაწყვეტილებებს მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციით განმტკიცებულ სამართლებრივ სტატუსთან კავშირი არ აქვს.

ფაქტი 1. საკონსტიტუციო სასამართლომ 3 ივლისს მიიღო ორი გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით. ერთი (N 1/2/671) ეხება ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვისათვის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (დღგ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გათავისუფლების საკითხს, ხოლო მეორე (N 1/1/811)- სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლების მინიჭებას ეკლესიისთვის. არც ერთი მათგან არ არის კავშირში ეკლესიის სამართლებრივი სტატუსის დადგენასთან.

3 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება N 1/2/67 საგადასახადო კოდექსში  იმ ჩანაწერების გაუქმებას გულისხმობს, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისაგან ათავისუფლებს ტაძრების და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციას და მოხატვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოები შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით (საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლი).

ხოლო, გადაწყვეტილება N 1/1/811  ეხება სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ ქონების გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის (სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მესამე პრიმა მუხლის პირველ პუნქტი)

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე ნორმა შეუსაბამოა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რომელიც განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.  საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ სამართალურთიერთობებში (ტაძრების მშენებლობა, მოხატვა, რესტავრაცია და ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან), ყველა  რელიგიური ორგანიზაცია არის არსებითად თანასწორი სუბიექტი. სადაო ნორმები კი ადგენს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ პირებს შორის, რის გამოც სასამართლომ აღნიშნული ნორმები დისკრიმინაციულად ცნო და  შესაბამისად, დაადგინა, რომ ისინი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან (გადაწყვეტილება N 1/2/671, პარაფრაგი 16; გადაწყვეტილება N 1/1/811, პარაგრაფი 10);

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება (კონსტიტუციის მე-9 მუხლით განსაზღვრული) დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწყმოში. (გადაწყვეტილება N 1/1/811, პარაგრაფი 20 გადაწყვეტილება N1/2/671, პარაგფრაფი 35);

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას (გადაწყვეტილება N 1/1/811, პარაგრაფი 23);

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები  არ უკავშირდება საქართველოს ეკლესიის სამართლებრივი სტატუსის შეცვლას, უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ და განიხილავს რამდენად არის აღნიშნული ნორმები დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლთან. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია გასაჩივრებული ნორმების რაიმე სახის კავშირი მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლთან,  და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული როლის შესახებ ჩანაწერი არ მოითხოვს გასაჩივრებული ნორმით დაწესებულ განსხვავებულ მოპყრობას, გასაჩივრებული ნორმების დისკრიმინაციული ხასიათის გამო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონსა და საგადასახადო კოდექსში არსებული ჩანაწერების შეცვლის გადაწყვეტილება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გადაწვეტილების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა გადაწყვეტილების აღსრულება 2018 წლის 31 დეკემბრამდე, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ საქართველოს პარლამენტს დაუტოვა შესაძლებლობა, თავად შეასწოროს ხარვეზული ნორმები იმგვარად, რომ იგი იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი. საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს,  არსებული პრივილეგიები მოუხსნას მართლმადიდებელ ეკლესიას, თუ განავრცოს ისინი ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე და ამ გზით აღმოფხვრას აქამდე არსებული დისკრიმინაცია.

"

ფაქტი 2. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და განსაზღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლითა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლით, რომელთა მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლო სხვადასხვა სამართლებრივი აქტისა და ქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს ამოწმებს.

საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი  შეცვალოს საქართველოს ეკლესიის სტატუსი. იგი ემორჩილება კონსტიტუციას და მოქმედებს იმ წესების ფარგლებში, რასაც კონსტიტუცია განსაზღვრავს. კონსტიტუცია კი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს გამორჩეული როლი, რაც მის ისტორიულ ღვაწლთანაა დაკავშირებული.

ეკლესიის არსებული სამართლებრივი სტატუსის შეცვლა ან გაუქმება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პარლამენტს. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ეყრდნობა პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას, ვერ დაადგენს რაიმეს, რაც კონსტიტუციასთან  არის წინააღდეგობაში.

ფაქტი 3:  საქართველოს ეკლესიის სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით.

ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება გამოიხატება:

  1.  საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით „სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს“;
  2. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს ორგანული თუ ჩვეულებრივი კანონები შესაბამისობაში იყოს „კონსტიტუციურ შეთანხმებასთან“, რაც ხაზს უსვამს , რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ სამართლებრივ შეთანხმებას უპირატესობა აქვს სხვა სამართლებრივ დოკუმენტებთან მიმართებით და იერარქიულად მათზე მაღლა დგას;
  3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის მნიშვნელოვასთან დაკავშირებით 3 ივლისის გადაწყვეტილებაში ( N 1/1/811) აღნიშნავს, რომ  ეკლესიის განსაკუთრებული როლი არ არის მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია და კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მომტანია:
    “ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება, ერთი შეხედვით, ისტორიული ფაქტის კონსტატაციასთან არის დაკავშირებული. თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ კონკრეტული გარემოების აღიარებით არ ამოიწურება. აღნიშნულზე მიუთითებს უშუალოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები.უპირველესად, სწორედ ამ ნორმებში პოვებს გამოხატულებას ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება.მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწნებს კონსტიტუციური შეთანხმების დადების სავალდებულოობას სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის , ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისობას კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რაც მიუთითებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების სამართლებრივ მნიშვნელობაზე ნორმატიული ატქების იერარქიაში”;
  4. “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ აკლესიას შორის” არსებულ კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  კონკრეტულ პოზიტიურ შეღავათებს გულისხმობს. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომ : “ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისგან”.

     


მითების დეტექტორის ლაბორატორია 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

სახ
სახალხო კრება

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist