პატრიოტთა ალიანსი ევროკავშირ-სომხეთის შეთანხმებას ევროკავშირის მხრიდან ღალატად აფასებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

450
486
VIEWS

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, ასევე ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ავტორი ბაკურ სვანაძე ამტკიცებენ, თითქოს სომხეთი, რომელიც ევრაზიული კავშირის წევრიც არის, იმავდროულად ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების სიკეთეებითაც სარგებლობს.  20 დეკემბერს ტვ “ობიექტივის ეთერში საუბრისას, ირმა ინაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესი ტერიტორიების დაკარგვას და მოსახლეობის გაღატაკებას დაუკავშირა, ხოლო 27 დეკემბრის ეთერში დავით თარხან-მოურავმა ამ პროცესს ევროკავშირის მხრიდან ღალატი უწოდა.

ირმა ინაშვილი:  „როგორ ახერხებს ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომ ევრაზიული კავშირის წევრიც არის, ევროკავშირის ასოცირებული წევრიც გახდა, სულ მალე ვიზალიბერალიზაციასაც მიიღებს და დანაკარგები ნული?!.. აი, მოხალისეები ვართ ყველაფერში ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და ისე გავაკეთებდით ყველაფერს, დავაზიანებდით ჩვენს ინტერესებს და დიდი წვალებით, ტერიტორიების დაკარგვით, მოსახლეობის გაღატაკებით, ნერვების გლეჯით შევიდოდით, აი, როგორც გავხდით ევროკავშირის ასოცირებული წევრები. ეს მაშინ, როდესაც სომხეთმა ეს უდანაკარგოდ მოახერხა.”

დავით თარხან-მოურავი: “რისთვის იბრძოდა, ამხელა ომები, ამდენი ადამიანი მოკვდა, ამხელა ეკონომიკური ძვრები, ამხელა ტრაგედიები რისთვის გადავიტანეთ ჩვენ, რომ თურმე, ჩვენ აღმოვჩენილიყავით ევროკავშირის წევრი და მერე ყველა სხვა, რომელსაც ეს, არაფერი არ გადაუტანია, თბილი პირობებიდან იქ აღმოჩნდა! ეს არი მორიგი ღალატი, მე ასე ვთვლი, ევროკავშირის მხრიდან.“

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საქართველოს ტერიტორიების დაკარგვასთან და მოსახლეობის გაღატაკებასთან დაკავშირება მანიპულაციაა; სომხეთ-ევროკავშირს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების (CEPA) ასოცირების შეთანხმებასთან გათანაბრება კი – შეცდომაში შემყვანი, რადგან ევრაზიულ კავშირში წევრობის გამო, სომხეთი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის იმ რეჟიმით ვერ სარგებლობს, რითაც საქართველო და სხვა ქვეყნები სარგებლობენ.  

1. ევროკავშირსა და სომხეთს შორის “ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება” (CEPA) ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს არ მოიცავს

2015 წლიდან, მას შემდეგ რაც სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი გახდა, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტები ევრაზიული კავშირის რეგულაციების ფარგლებში მოექცა, შესაბამისად ის ევრაზიული კავშირის საერთო სავაჭრო ტარიფით არის შებოჭილი. სწორედ ამის გამო, ევროკავშირთან 2017 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ახალი დოკუმენტით (ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება CEPA) სომხეთი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სარგებელს არ ითვალისწინებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხური პროდუქცია ევროპის უმსხვილეს ბაზარზე საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ვერ შევა. სწორედ ამიტომ, CEPA-ს ასოცირების შეთანხმებასთან გათანაბრება არასწორია, რადგან ის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) არ მოიცავს, რომელიც ხელმომწერი ქვეყნებს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) საშუალებას აძლევს, მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. DCFTA ასევე მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, ფინანსური საკუთრება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ა.შ.

DCFTA-ის საფუძველზე ქართული წარმოშობის პროდუქცია უკვე საბაჟო მოსაკრებლის გარეშე შედის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 18 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება.
CEPA-მ 1999 წელს დაწყებული სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანაშრომლობის შეთანხმება ჩაანაცვლა. CEPA მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატიზაცია, განათლება, სუფთა გარემო და ა.შ.

"

2. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ სომხეთს ეკონომიკური ზარალი მოუტანა

სომხეთი ევრაზიულ კავშირში 2015 წელს გაწევრიანდა, რის შემდეგაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წელთან შედარებით $1 მილიარდით შემცირდა. თუ 2014 წელს სომხეთის მშპ $11.6 მილიარდი იყო, 2015 წელს ეს მაჩვენებელი $10.5 მილიარდამდე დაეცა.

სომხეთის მშპ 2013-2016 წლებში (მილიარდი აშშ $)

2013 2014 2015 2016
11.121 11.61 10.553 10.572

წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2014 წელს სომხეთის წლიური ეკონომიკური ზრდა 3.6% იყო, თუმცა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პირველივე წელს ზრდა 0.4%-ით შემცირდა და 3.2%-მდე შემცირდა. 2016 წელს კი ეს მონაცემი 0.6%-მდე დაეცა.

სომხეთის მშპ 2014-2016 წლებში
"

წყარო: მსოფლიო ბანკი

რუსეთის გავლენა სომხეთზე

2013 წლის 3 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე უარი თქვა და სანაცვლოდ ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადა.

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი სომხეთის წინააღმდეგ უსაფრთხოების სფეროა. 2017 წლის 27 ივლისს პუტინმა რუსეთ-სომხეთის საერთო სამხედრო ძალების ჩამოყალიბების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც, სომხეთის არმია ომის დროს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქს დაექვემდებარება. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სომხეთის საგარეო კურსის წარმართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, სომხეთი
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist