პატრიოტთა ალიანსის ტყუილი, თითქოს ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმს უარყოფდნენ

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

ვაჟა ilia3
1.1k
VIEWS

2019 წლის 27 ნოემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ვაჟა ოთარაშვილი: ეკლესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს “პეტრიზმისგან”, სადაც საუბარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე იყო. სტატიის ერთ ნაწილში პატრიოტთა ალიანსის წევრი ვაჟა ოთარაშვილი ქვეყნის ლიბერალურ პოლიტიკას და ზოგადად ლიბერალიზმის იდეოლოგიას შეეხო, მან აღნიშნა, რომ ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის ლიბერალებად მოხსენიება ლიბერალური პროპაგანდის ნაწილია.

ვაჟა ოთარაშვილი: “სხვათა შორის, თანამედროვე ლიბერალური პროპაგანდა ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა–ფშაველა ლიბერალები იყვნენ. მინდა, ერთი რამ შევახსენო ამ პროპაგანდის მოთავეებსა და მესვეურებს: ილიას უკვდავი სიტყვა, რომ “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა–პაპათაგან”, საქართველოს მთავარ ეროვნულ იდეოლოგიურ თეზად იქცა; ხოლო ვაჟა–ფშაველამ, თავისი პატრიოტიზმით ფარდა აჰხადა ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის, უაზრობას.”

ვაჟა ოთარაშვილის მტკიცება, თითქოს ილია და ვაჟა ლიბერალები არ იყვნენ სიმართლეს არ შეესაბამება. ილია ჭავჭავაძე ლიბერალიზმს მხარს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ნაწილშიც უჭერდა. მისი ნაშრომები ყურადღებას ინდივიდზე და მის თავისუფლებაზე ამახვილებს. ილია არა თუ  ლიბერალი იყო, არამედ ის ძირითად კრიტიკას სწორედ თავისი ლიბერალური შეხედულებების გამო იღებდა. ვაჟა-ფშაველა კლასიკურ ლიბერალობას თავის ნაწარმოებებში გამოხატავს, სადაც მნიშვნელოვან ადგილს ინდივიდი, თავისუფლება და ადამიანის უფლებები იკავებს.  

  • რა არის ლიბერალიზმი?

ლიბერალიზმი პოლიტიკური დოქტრინაა, რომელიც მთავარ ამოსავალ წერტილად ინდივიდის თავისუფლებას მოიაზრებს. პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ფილოსოფიური სწავლება ემყარება იმ აზრს, რომ ადამიანი თავისუფალია და მან საკუთარი თავი ისე უნდა განკარგოს, როგორც სურს. ეკონომიკურ ნაწილში ლიბერალიზმი სახელმწიფოს ჩაურევლობას უჭერს მხარს. ამ იდეოლოგიისთვის სახელმწიფოს ერთადერთი მოვალეობა ადამიანის თავისუფლების დაცვაა. სახელმწიფო ამას პოლიციის, ჯარისა და სასამართლოს საშუალებით ასრულებს. კლასიკური ლიბერალების აზრით, სახელმწიფო ისე უნდა იყოს შეზღუდული, რომ არ გადაიზარდოს ტირანიაში და თავად ხალხისთვის საფრთხისშემცველად არ იქცეს.

ლიბერალიზმი წლების განმავლობაში მოდიფიცირდა. კლასიკური ლიბერალიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე ლიბერალიზმი სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევას უფრო მეტად უჭერს მხარს, რადგან მათთვის თავისუფლებას შესაძლოა ბიზნესმენებისგანაც დაემუქროს საფრთხე. თუ კლასიკური ლიბერალიზმი მთლიანად ინდივიდზე იყო ორინტირებული, თანამედროვე ლიბერალიზმი უკვე კოლექტივიზმის ელემენტებსაც მოიცავს.

  • ილია ჭავჭავაძე კლასიკური ლიბერალი იყო

ილია ჭავჭავაძე კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევრობას არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ნაწილშიც გამოხატავდა. ის  სხვადასხვა კლასიკურ ლიბერალ ავტორებს, რომლებიც ეკონომიკის თავისუფლებას ქადაგებდნენ, საკმაოდ კარგად იცნობდა და მათზე ხშირად საუბრობდა. ილია ჭავჭავაძე თავის წერილებში ეკონომიკურ თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე, სახელმწიფო რეგულაციების უარყოფით შედეგებზე ხშირად წერდა.

  • კერძო საკუთრების უფლება

ილია ჭავჭავაძე საკუთრების უფლებას საკმაოდ აქტიურად იცავდა. საკუთრების უფლება კლასიკური ლიბერალიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რადგან საკუთრების გარეშე ინდივიდის თავისუფლება არ არის სრულყოფილი. ეს უფლება ადამიანს აძლევს საშუალებას მოიპოვოს, გაზარდოს და დააგროვოს დოვლათი, გაცვალოს ის და შესაბამისად ადამიანებთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს.

ილია ჭავჭავაძე: “ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს.”

(ილია, ცხოვრება და კანონი“ – 1877წ.)

“კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება.”

ილია, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. 9. თბ., 1957, გვ. 279-280

  • თავისუფალი ბაზარი

ვინაიდან და რადგანაც კლასიკური ლიბერალიზმი მხოლოდ სახელმწიფოს მცირე და შეზღუდულ მოდელს აღიარებს (პოლიცია, ჯარი, სასამართლო), მისი მიხედვით ეკონომიკური საქმიანობები მთლიანად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფო ჩარევისგან: ვაჭრობა უნდა იყოს თავისუფალი, ქვეყანამ არ უნდა იხელმძღვანელოს პროტექციონიზმის პრინციპებით. კლასიკური ლიბერალები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისტემა მთლიანად ერგება ადამიანის ბუნებას, ის მორალურია და ასევე დიდი განვითარება სწორედ ამ სისტემას მოაქვს.

ილია ჭავჭავაძე საკმაოდ აქტიურად იცავდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ის ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში და ასევე მომხრე იყო ბიზნესი თავისუფალი ყოფილიყო. ილია ეწინააღმდეგებოდა საქონელზე დაწესებულ გადასახადებსაც, რომელიც აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.

ილია ჭავჭავაძე: “ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე ფრიტრედერობისა (Free Trade – თავისუფალი ბაზარი). დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა პროტექციონობისა, ესე იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით მიღებულ იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა კი – პატივცემული, როგორც სისტემა ლიბერალობის მოძღვრებისა.

(ილია, ხილის და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება 1889-1890)

“საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანობნმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას.”

(ილია, სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა1887წ.)

“ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად.”

(ილია, ხილის და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება, კრებული 1889-1890)

“დღეს თითქმის ყველგან პროტექციონობის გაძლიერებას ვხედავთ, თუმცა მეცნიერებისაგან კი არდერძაგებულია და დაწუნებული”

  • ილია და ევროპის კლასიკური ლიბერალი ავტორები

ამასთანავე, ილია ეცნებოდა იმ პერიოდის კლასიკურ ლიბერალ ავტორებს, რომლებიც ეკონომიკური თავისუფლების იდეებს ქადაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული იყო ფრედერიკ ბასტია, ფრანგი ეკონომისტი. ბასტიას ნაშრომი „მძარცველობის ფიზიოლოგია“ ილია ჭავჭავაძემ ქართულად გამოაქვეყნა 1863 წელს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მე-8 ნომერში.

ილია ჭავჭავაძე: “არის ერთი პატარა წიგნი, გამოჩენილი ფრანციის ეკონომისა ბასტიასაგან დაწერილი… მე იქიდამ ამოვიღე მარტო ერთი ნაწილი „მცარცველობის ფიზიოლოგია“, რომელმაც იქნება გვიშველოს, ზოგიერთი რამე გავიგოთ და ამით ჩვენთვის უნაყოფო არ იქნეს.”

(ილია ჭავჭავაძე, 1863)

ilia
ჟურნალი საქართველოს მოამბე, მე-8 ნომერი, 1863 წ.

  • კონკურენცია

ასევე, ილია ჭავჭავაძე მხარს უჭერდა კონკურენციას, რაც თავისუფალი საბაზრო სისტემის აუცილებელი ნაწილია. მთავრობის ჩარევის გარეშე, მაშინ როცა მარკეტს ძალა ტოვებს, იზრდება კონკურენცია და მყიდველს შეუძლია აირჩიოს, თუ ვისგან იყიდის ამა თუ იმ პროდუქცია. კონკურენცია ეხმარება ბაზარს ხალხს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქტი დაბალ ფასად.

ილია ჭავჭავაძე: “ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის – უძრავი ქონებაა თუ მოძრავი – რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა.”

  • ილია მხარს უჭერდა ადამიანების თავისუფლებას და თანასწორობას

ეკონომიკის გარდა, ილია ჭავჭავაძე თავის კლასიკურ ლიბერალურ შეხედულებებს ფილოსოფიურ და პოლიტიკურ ნაწილშიც ავლენდა. ის მხარს უჭერდა ინდივიდის თავისუფლებას და ამბობდა, რომ პროგრესია ის იდეა, რომელიც ეთანხმება აზრს, რომ უსაფუძვლოდ არავის ცხოვრება არ უნდა იყოს შეზღუდული. „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“ – აღნიშნავს ის. ილია ადამიანს უყურებდა არა როგორც რაიმე ჯგუფის ნაწილს, არამედ როგორც ინდივიდს, შესაბამისად ის წინააღმდეგი იყო ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე. ილიასთვის თითოეული ადამიანი იყო ღირებულება, არა რაიმე ჯგუფზე მიკუთვნებულობის, არამედ ინდივიდუალური ღირსებების გამო.

„ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისგან.“ – ილია ჭავჭავაძე

ილიას ეკუთვნის წერილები ქართველ მუსლიმებზე, სადაც სხვა რელიგიის ქართველებს მათდამი შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს, რადგან მთავარი არა რელიგიური კუთვნილებაა, არამედ ის რომ ადამიანია. კლასიკური ლიბერალიზმიც არ აკუთვნებს ადამიანს რომელიმე ჯგუფს და ის ყველას ისე უყურებს, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს

iveria
ოსმალოს საქართველო, გაზეთი ივერია, 1877წ.

“სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვისაც სასარგებლო.”- ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძის მიმართ ხშირია ბრალდება, რომ მისი რელიგიურობის გამო, ის ვერ იქნებოდა ლიბერალი. კლასიკური ლიბერალიზმი რელიგიას არ უარყოფს. ისტორიას ბევრი კლასიკური ლიბერალი ახსოვს, რომლებიც სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებოდნენ. თვით კლასიკური ლიბერალიზმის მამად წოდებული ჯონ ლოკიც არ იყო ათეისტი და რელიგიას მის ნაშრომებში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. კლასიკური ლიბერალიზმის იდეებს მხარს ამერიკის დამფუძნებელი მამებიც უჭერდნენ. ამერიკა სწორედ ჯონ ლოკისა და თომას ჰობსის შემოთავაზებულ პრინციპებზე აიგო. ამერიკის დამფუძნებელი მამებიც ახლოს იყვნენ რელიგიასთან და ქრისტიანობას მათ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს.

  • ვაჟა ფშაველას ლიბერალიზმი

პატრიოტთა ალიანსის წევრი ვაჟა ოთარაშვილი იმ ფაქტსაც უარყოფს, რომ ვაჟა-ფშაველა ლიბერალი იყო. მას არგუმენტად წერილი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” მოჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას აღნიშნული წერილი საერთოდ არ მოდის კლასიკური ლიბერალიზმის ტრადიციასთან წინააღმდეგობაში. ზოგადად, პატრიოტიზმი და ლიბერალიზმი ერთმანეთის საწინააღმდეგო ტერმინები არ არის. პატრიოტიზმი ვაჟა-ფშაველას მიხედვით არ არის ერის გარიყვა სხვა ერებისგან, პირიქით, მას კოსმოპოლიტური ბუნება აქვს. “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა”. თუ პატრიოტიზმს განვიხილავთ როგორც ეროვნულ სიამაყეს, ის თითქმის საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში კლასიკურ ლიბერალიზმთან.

კლასიკური ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება პატრიოტიზმის ნაციონალიზმად გადაქცევას, რაც ხშირად ძალადობრიც ფორმებს იღებს. ვაჟა-ფშაველას პატრიოტიზმი ძალადობრივი სულაც არ არის, ის დაცლილია შურისგან და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

ვაჟა ფშაველა: “გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს.”

  •  ვაჟა-ფშაველას შეხედულება ინდივიდუალიზმზე და თანასწორობაზე

ინდივიდუალიზმის საკითხი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებშიც კარგად ჩანს. როგორც ილია ჭავჭავაძე, ისიც არ აკუთვნებს კონკრეტულ ადამიანს რომელიმე ჯგუფს და თითოეულ ინდივიდს მხოლოდ ინდივიდუალური განსჯის შემდგომ აფასებს. პოემა “ალუდა ქეთელაური” ამის საკმაოდ კარგი გამოვლინებაა.

„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?!“

კლასიკური ლიბერალიზმი ასევე თითოეული ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობას მოიაზრებს. ამ მხრივ გარკვეული წლების განმავლობაში ქალები კანონის წინაშე კაცების თანასწორები არ იყვნენ. ვაჟა-ფშაველა თავის ერთ-ერთ წერილში ამ საკითხსაც შეეხო.

ვაჟა-ფშაველა: “დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი?.. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას.”

ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაჟა-ფშაველა უფრო მეტად იყო კლასიკური ლიბერალი, ვიდრე იმ პერიოდის ევროპელი და ამერიკელი ლიბერალები, რადგან ქალები კაცებს კანონის წინაშე მოგვიანებით გაუთანაბრდნენ.

ლიბერალიზმის შესახებ შეგიძლიათ მითების დეტექტორის მიერ ადრე გამოქვეყნებული სტატიაც იხილოთ.

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist