პოლიტიკა

“პატრიოტული” არითმეტიკა: თარხან-მოურავი ამტკიცებს, რომ 31 მლნ-ი 96 მლნ-ზე მეტია 

24 დეკემბერი, 2019

20 დეკემბერს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში განაცხადა, რომ სომხეთი, მიუხედავად ევრაზიული კავშირის წევრობისა, ევროკავშირის ისეთივე პარტნიორი და “ასოცირებული წევრია” როგორც საქართველო. გარდა ამისა, თარხან-მოურავის თქმით, სომხეთი აშშ-დან მეტ ფულად დახმარებას იღებს, ვიდრე საქართველო.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა, რომელიც რუსეთთან ევრაზიული კავშირის წევრია და ევროპასთან ზუსტად ჩვენნაირი ასოცირებული წევრია ევროპის და ევროპა თავიდან იძახდა, ჩვენ დროს, რომ არაფრით არ მიგიღებთ ყველაფერი გაწყვიტეთ რუსეთთან და მერე სომხეთზე თქვა, რომ ჩვენო ეხლა შევცვალეთ ჩვენი ტაქტიკაო და აწიო სომხებთან ასე ვიმოქმედებთო. სომხეთი ამერიკის პარტნიორიც არის... და ფულადი თანხა, რომელიც ამერიკიდან მოდის სომხეთში ნაკლები კი არა, მეტია, ვიდრე ფულადი თანხა, რომელიც მოდის საქართველოში ამერიკიდან.“

დავით თარხან-მოურავის მტკიცება, თითქოს სომხეთი საქართველოს მსგავსად ევროკავშირის ასოცირებული წევრია და აშშ-დან მეტ ფულად დახმარებას იღებს ვიდრე საქართველო, დეზინფორმაციაა. აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოში 3-ჯერ მეტია ვიდრე სომხეთში, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის სომხეთს ხელი არ მოუწერია. მსგავსი გზავნილები მიზნად ისახავს შექმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთთან თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყანა დასავლეთის მხარდაჭერას მაინც მიიღებს.

  • ბოლო მონაცემებით აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოში 3-ჯერ მეტია ვიდრე სომხეთში

USAID-ის 2017 წლის მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ჯამურად ყველა ამერიკული სააგენტოდან საქართველოში 96 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება განხორციელდა, ხოლო სომხეთის დახმარება 32 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.

2018-2019 წლის არასრული მონაცემებით საქართველოსთვის გამოყოფილია შესაბამისად 141 და 42 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო სომხეთისთვის - 28 და 12 მილიონი.

რაც შეეხება გასულ წლებს, USAID დახმარებებს 2001 წლიდან აღრიცხავს და  საქართველოსთვის გაცემული დახმარება სომხეთისას ყოველწლიურად აჭარბებს. 

"

"


 
  • სომხეთს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია

დავით თარხან მოურავის აღნიშნული “ასოცირებული წევრის” სტატუსი რეალურად არ არსებობს, რაც შეეხება ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელზედაც საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, სომხეთმა 2013 წელს მოლაპარაკებები შეწყვიტა, ხოლო 2015 წელს კი ევრაზიულ კავშირს შეუერთდა. 

სომხეთმა და ევროკავშირმა 2017 წლის 24 ნოემბერს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულებას (CEPA) მოაწერეს ხელი, თუმცა ის არ მოიცავს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას (DCFTA), რაც ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე პროდუქციის გატანას საბაჟო მოსაკრებლის გარეშე ითვალისწინებს.

ვრცლად ამ საკითხის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: დეზინფორმაცია, თითქოს სომხეთი და საქართველო ევროკავშირისგან თანაბარ სარგებელს იღებენ