პოლიტიკა

ფეისბუკით ილია მეორეზე ირაკლი კობახიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

25 ნოემბერი, 2020

23 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Merab Lomidze-მ ჯგუფში ,,ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in” გამოაქვეყნა ტელეკომპანია იმედის ვებ გვერდის სქრინი. ფოტოზე მოყვანილია პარტია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის ციტატა: ,,პატრიარქს ერთი ორი დღე დარჩა ამიტომ მისი აზრი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის”. იდენტური სქრინი ასევე ფეისბუკ გვერდზეც ევროპა აიტვირთა

;

აღნიშნული ციტატა გაყალბებულია. ტელეკომპანია იმედის ან სხვა წყაროების ვებ-გვერდზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული მსგავში შინაარსის ციტატა არ იძებნება. პოსტს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშები აზიარებენ.

ტელეკომპანია იმედის ვებ გვერდზე მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. საიტზე ბოლო ახალი ამბავი, რომელსაც იდენტური ფოტო ახლდა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა და ის  საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად შეფასების საკითხს შეეხებოდა. 

პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიცია საქართველოს საპატრლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გააქტიურდა. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება და კომენტარი მათი მხრიდან არ გაკეთებულა. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ არ ეხმაურება საპატრიარქო არჩევნებს მეორე ტურის დასრულების შედეგებს, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ,,ჯერ ოფიციალური შედეგები არ დადებულა”. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხსნის, რომ საპატრიარქო ჯერ მოლოდინის რეჟიმშია და განმარტავს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს განცხადებების კეთება მიზანშეწონილი არ არის.

პოსტის გავრცელება

Merab Lomidze-ის მიერ ჯგუფში ,,ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in” გამოაქვეყნებულ ფოტოს 25 ნოემბრის მდგომარეობით 300-მდე რეაქცია და 130-მდე გაზიარება აქვს. გარდა ინდივიდუალური მომხმხარებლებისა ფოტო ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა სხვა გვერდებმაც გააზიარეს, მათ შორის: უკეთესი მომავლისთვის ვირჩევთ მიხეილ სააკაშვილს, Georgia Ukraina Nou Okupacion

ყალბი სქრინი გამოაქვეყნა ფეისბუკ გვერდმა ევროპა, სადაც მას 5 სხვა მომხმარებელი აზიარებს. 

წყაროების შესახებ

ჯგუფს ,,ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in”,  რომელშიც ყალბი სქრინი პირველად აიტვირთა 9 300-მდე წევრი ჰყავს. მომხმარებელი Merab Lomidze ჯგუფის 7 ადმინს შორის ერთ-ერთია. ჯგუფი 2020 წლის 9 თებერვალს სხვა სახელით ,,მიხეილ სააკაშვილის ახალი შტაბის მხარდამჭერები” შეიქმნა. ამჟამინდელი სახელწოდება კი მას 2020 წლის 12 მაისიდან აქვს. დამატებით ინფორმაციასა და სახელმწოდებაში ღიად არის მითითებული, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისთვის არის შექმნილი. საქართველოს გარდა ჯგუფის კიდევ ერთ ლოკაციად უკრაინაც არის მითითებული. თავად მერაბ ლომიძე კი თავისი პირადი გვერდიდან არ იდენტიფიცირდება. 

რაც შეეხება გვერდს ,,ევროპა” ის 2012 წელს არის შექმნილი და მას ორი ადმინი ბელგიიდან მართავს, ხოლო 1-ის ლოკაცია დაფარულია. გარდა პოლიტიკურისა გვერდი სოციალური და რეკრეაციული შინაარსის პოსტებსაც აზიარებს. თუმცა გვერდზე სხვადასხვა ტიპის მადესკრედიტრებელი პოსტებიც ვრცელდება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილისა მისამართით.


მოამზადა გვანცა დევიძემ


არქივის ბმულები:
მერაბ ლომიძის პოსტი: https://archive.ph/6NgGy 
ფეისბუკ გვერდი ,,ევროპა”: https://archive.ph/RyMU2


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.