ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რა არის “სიცოცხლის შტრიხკოდი” და რატომ ვერ მიაგნო Reuters-მა სელესტ სოლუმის?

10 მაისი, 2021

2021 წლის 3 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეოპლატფორმა Rumble-ზე განთავსებული ვიდეოს ბმული გააზიარა. ვიდეო სათაურით:“FEMA-ს (აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო) ყოფილი თანამშრომელი სელესტ სოლუმი მასობრივ დეპოპულაციაზე, ხელოვნურ ინტელექტზე” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ეხება. სამწუთიან ვიდეოში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემია სიცოცხლის ახალი ფორმის შექმნის გეგმის ნაწილია, რომლის მიზანი რობოტიკისა და ბიოლოგიის გაერთიანებით ახალი ტიპის ადამიანების შექმნა და 2025 წლისთვის “ძველი ადამიანების” სრულად განადგურებაა. სელესტ სოლუმის თქმით, კორონავირუსის ვაქცინები და ნიღბები შეიცავს ნივთიერება ჰიდროგელს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიკროჩიპის მაგივრობას გასწევს, ტვინში შეაღწევს და ადამიანებს კვანტურ კომპიუტერთან დააკავშირებს. სოლუმი ასევე ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია როკფელერების პროგრამის “Barcode for Life”-ის ნაწილია, რომელიც ადამიანებისთვის შტრიხკოდის მინიჭებას და ბიოლოგიურად გარდაქმნას გულისხმობს. 

იდენტური ვიდეო 2021 წლის 3 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემაც გააზიარა. დათო სალუქვაძეც და “ბოლო ჟამის ქრისტიანებიც” სელესტ სოლუმის ვიდეოს ილია II-ის სააღდგომო ქადაგების იმ ნაწილთან აკავშირებენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა მომავალში რობოტებისა და ხელოვნული ინტელექტის საშუალებით ადამიანების არასრულფასოვნებების შევსებაზე ისაუბრა. 

;  
2021 წლის 10 მაისის მდგომარეობით, დათო სალუქვაძის პოსტს 2500-ზე მეტი გაზიარება აქვს, ხოლო Rumble-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ბმული კი ფეისბუქზე 248 მომხმარებელმა გააზიარა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო და მისი აღწერა დეზინფორმაციულია. რეალურად, არც ამჟამად აღიარებული კორონავირუსის ვაქცინები და არც პირბადეები ნივთიერება ჰიდროგელს არ შეიცავენ. მცდარია ინფორმაციაც, რომ კორონავირუსის პანდემია და ვაქცინაცია პროგრამა “The Barcode of Life”-ის ნაწილია, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურად გარდაქმნას ისახავს მიზნად. მტკიცება, თითქოს ვაქცინაციის მიზანი ადამიანების რობოტებთან შერწყმა და კვანტურ კომპიუტერთან დაკავშირებაა, შეთქმულების თეორიაა და მის დასადასტურებლად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთანავე, სელესტ სოლუმი აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) ყოფილი თანამშრომელი არ არის.

  • “The Barcode of Life” საერთაშორისო სამეცნიერო პროექტია, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების სახეობების უნივერსალური საიდენტიფიკაციო სისტემის შექმნას ისახავს მიზნად და მას კავშირი არ აქვს კორონავირუსთან.

“The Barcode of Life” (“სიცოცხლის შტრიხკოდი”) საერთაშორისო კონსოციუმია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერების საერთო კვლევითი პროექტში აერთიანებს. პროექტის ფარგლებში ბიოლოგები, ბუნების ისტორიის მუზეუმები, ჰერბოლოგები და ზოოლოგები ცოცხალი ორგანიზმების დნმ-ზე დაფუძნებული საიდენტიფიკაციო სისტემისა და ღია ციფრულ მონაცემთა ბაზების შესაქმნელად თანამშრომლობენ, რათა მომავალში დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ორგანიზმის და მისი პოპულაციისა და სახეობის მარტივად კლასიფიცირებება გახდეს შესაძლებელი. დნმ-ზე დაფუძნებული შტრიხკოდით ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიცირებას ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების ისტორიის კვლევებში ფართო გამოყენება ექნება. როგორც ლონდონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მეცნიერების განყოფილების დირექტორი პროფესორი რიჩარდ ლეინი პროექტის შესახებ საუბრისას განმარტავდა, ამჟამად პლანეტაზე მცხოვრები მხოლოდ 1.7 მილიონი სახეობაა იდენტიფიცირებული, როცა რელურად დედამიწაზე ათობით მილიონი სახეობის ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს და მეცნიერებს მათი მხოლოდ 0.001% აქვთ შესწავლილი. ამგვარად, მეცნიერებისთვის The Barcode of Life ახალი სიცოცხლის ფორმების აღმოჩენისა და კლასიფიცირების მნიშნველოვანი ინსტრუმენტია.

კონსოციუმი “The Barcode of Life International” 2008 წელს შეიქმნა და ამჟამად, ორგანიზაცია პროექტის მეორე ფაზას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ცოცხალ ორგანიზმთა 2 მილიონი სახეობის კატალოგიზება უნდა მოხდეს. სელესტ სოლუმის მტკიცებისგან განსხვავებით, The Barcode of Life არ გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმების ან ადამიანების სიცოცხლის ფორმის ბიოლოგიურად გარდაქმნას ან ადამიანთა შტრიხკოდირებას. აღნიშნულ პროექტს არც კორონავირუსის პანდემიასთან აქვს კავშირი.

  • არც კორონავირუსის ვაქცინები და არც პირბადეები ნივთიერება ჰიდროგელს არ შეიცავენ. დეზინფორმაციაა, თითქოს ვაქცინების გამოყენებით ადამიანების ტვინში შეღწევა და მათი კვანტურ კომპიუტერთან დაკავშირება შეიძლება.

ჰიდროგელი სპეციფიკური მოლეკულური ნაერთია, რომელსაც დიდი რაოდენობით წყლის შთანთქმის და შეკავების უნარი აქვთ. აღნიშნულ ნივთიერებას მეცნიერები სხვადასხვა მიზნით, მათ შორის მედიცინაშიც იყენებენ, თუმცა ჰიდროგელები არც კორონავირუსის ვაქცინების შემადგენლობაში შედის და არც პირბადეების დასამზადებლად გამოიყენება. ამგვარად მტკიცება, თითქოს ვაქცინებში შემავალი ჰიდროგელები ორგანიზმში არსებულ სითხეს შეიწოვენ, ტვინის ქსოვილებში შეაღწევენ და ადამიანს კვანტურ კომპიუტერთან დააკავშირებენ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. 

კორონავირუსის ვაქცინებისა და ჰიდროგელის შესახებ მსგავს დეზინფორმაციას ამერიკელი ექიმი ქერი მადეიც აქტიურად ავრცელებს და ანტივაქსერულ ჯგუფებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ჰიდროგელისა და ვაქცინების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია: რა ვიცით მიკრონემსების და ID 2020 Alliance-ის შესახებ?

  • სელესტ სოლუმის შესახებ

Rumble-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს დასახელებაში ვკითხულობთ, რომ სელესტ სოლუმი აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) ყოფილი თანამშრომელია. 2020 წლის ივნისში გამოცემა Reuters-მა სელესტ სოლუმის კიდევ ერთი ვიდეო გადაამოწმა, რომელშიც სოლუმი ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის ტესტების რეალური მიზანი ადამიანების გენეტიკური მასალის შეგროვება იყო. აღნიშნული ვიდეოს გადამოწმებისას გამოცემა FEMA-ს დაუკავშირდა, რათა დაედგინა სელესტ სოლუმი ნამდვილად იყო თუ არა  სააგენტოს თანამშრომელი. როგორც FEMA-ს წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, სელესტ სოლუმის შესახებ სააგენტოს არქივში არ მოიძებნება ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი ოდესმე FEMA-ს თანამშრომელი იყო. 

Google-ის საძიებო სისტემაში სელესტ სოლუმის (Celeste Solum) ძიებისას ვხვდებით მის youtube არხს, ასევე მის მიერ დაწერილ წიგნს “The Seven Thunders” და ვებ-გვერდს celestialreports.com. ვებ-გვერდზე განთავსებული მოკლე საინფორმაციო ვიდეოში სელესტ სოლუმი ამბობს, რომ ის გამომძიებელი, მკვლევარი, მწერალი და ჟურნალისტია და ცდილობს პათოგენების შესახებ “გაბატონებული სამედიცინო ნარატივი ფაქტობრივი მონაცემებით გააბათილოს”, რადგან ის, რაც ადამიანებმა პათოგენების შესახებ იციან, სიცრუეა. სელესტ სოლუმი თავის ვებინარებზე რეგისტრაციას და ბნელი ძალების “მასობრივი ექსპერიმენტის” შესახებ ინფორმაციის მიღებას გვთავაზობს. 

რაც შეეხება სელესტ სოლუმის წიგნს, ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ წიგნი ბიბლიური წინასწარმეტყველებების და მოვლენათა ციკლების გამომჟღავნებას ეძღვნება. ავტორის მტკიცებით, ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება მიანიშნებს, რომ 2022-2050 წლებს შორის პერიოდი ისტორიაში გარდამტეხი ეპოქაა და “უკანასკნელი დღეები” ახლოვდება. სწორედ აღნიშნული წიგნის გარეკანზე დატანილ მოკლე ბიოგრაფიაში გვხვდება ცნობა, რომ სელესტ სოლუმი FEMA-სა და ამერიკის უშიშროების თანამშრომელი იყო, ხოლო შემდეგ მედიცინასა და აგრონომიას სწავლობდა.

;


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.