რა დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ19-ის ვაქცინაზე და ვინ უკავშირებს გრიპის აცრას კორონავირუსით გარდაცვლილებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

201
VIEWS

17 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Gabriel Marichev-მა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას, მასთან დაკავშირებულ ტესტირებას და ვაქცინაციას ეხება. პოსტის ავტორი იმოწმებს იტალიელი ექიმის, რობერტო პეტრელას ციტატას, რომელშიც რამდენიმე მტკიცებაა მოცემული:

  • კოვიდ19-ის ვაქცინა ადამიანის დნმ-ის მოდიფიცირებას იწვევს
  • კოვიდ19-ის ტესტები ადამიანებს აინფიცირებს
  • გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შტამი კოვიდ19-ს შეიცავს
  • იტალიაში გარდაცვლილი პაციენტებიდან 60-დან 58-ს გრიპის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული
  • იტალიაში სამედიცინო საჭიროებების ნაკლებობის გამო გარდაცვლილი ადამიანები კოვიდ19-ის სტატისტიკას მიაწერეს

პოსტს 1800-ზე მეტი გაზიარება აქვს.

"

გავრცელებული მტკიცებები ყალბია, მის დასადასტურებლად არ არის მოყვანილი არც ერთი წყარო, გარდა იტალიელი გინეკოლოგისა, რომელიც დეზინფორმაციას თავად ავრცელებს. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ პოსტში გავრცელებულ 5 ტყუილს და რეალურ ფაქტებს:

ტყუილი 1: კოვიდ19-ის ვაქცინა ადამიანის დნმ-ის მოდიფიცირებას იწვევს

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინა მიმართულია ჩვენი დნმ-ის და გენეტიკის შეცვლისკენ, დეზინფორმაციაა და ის ადრეც ვრცელდებოდა. ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები განმარტავენ, რომ კორონავირუსის გარსზე არსებული კომბლის ფორმის შვერილები, რომლებიც გვირგვინს ქმნიან, ვაქცინის კარგი სამიზნეა და ვაქცინა სწორედ მასზე არსებული ცილების გენეტიკურ თანმიმდევრობას შეიცავს. როდესაც ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ის გენეტიკური კოდის გამოყენებით გამოიმუშავებს სპეციფიკურ ცილას, რაც იწვევს იმუნურ რეაგირებას იმ შემთხვევეაში, თუ სხეული კოვიდ19-ით დაინფიცირდება. მაგალითისთვის, ოქსფორდის ვაქცინაში გამოყენებულია შიმპანზეს ადენოვირუსის ვაქცინის ტექნოლოგია, რაც კარგად შესწავლილი და უსაფრთხო ტექნოლოგიაა. ის შეიცავს ადენოვირუსის ვექტორებს, რომელიც ებოლას, C hepatitis, მალარიის და ტუბერკულოზის ვაქცინებშიც იქნა გამოყენებული.

ტყუილი 2: კოვიდ19-ის ტესტები ადამიანებს აინფიცირებს

PCR ტესტების ჩატარება სრულიად უსაფრთხოა. მისი ჩატარება ხდება ცხვირის ან/და პირის ღრუდან ნაცხის აღებით, რისთვისაც ნაცხის ასაღები ჩხირი გამოიყენება. მსგავსად ნაცხის აღება აპრობირებული პრაქტიკაა. რაც შეეხება უშუალოდ ტესტს, გარდა იმისა, რომ ის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, მას პაციენტთან პირდაპირი შეხება არ აქვს. ტესტი ეხება სინჯარასა და ნიმუშს, რაშიც ნაცხი არის მოთავსებული. კოვიდ19-ის ჩინურ ტესტებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთმა ქვეყანამ შეისყიდა, პრობლემა ნამდვილად არსებობდა, თუმცა ეს ეხებოდა მის სიზუსტეს და ადამიანების დაინფიცირების შემთხვევები ტესტირებით არ დაფიქსირებულა.

ტყუილი 3: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შტამი კოვიდ19-ს შეიცავს

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ინფლუენსას ვირუსებისგან მიიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ აცრა ორი გზით ხდება. ერთი, ხდება ინაქტივირებული გრიპის ვირუსების ორგანიზმში შეყვანა, რომელიც საფრთხეს აღარ წარმოადგენს და მეორე, გამოიყენება გრიპის ვირუსის ერთი გენი, რომელიც დაინფიცირების გარეშე ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს. რაც შეეხება კოვიდ19-ს, მას იწვევს SARS-CoV-2, რომელიც ინფლუენსას ვირუსი არ არის. კორონავირუსების ჯგუფი და ინფლუენსა ვირუსების განსხვავებულ ოჯახებს მიეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემცველობაში ვერც კოვიდ19 და ვერც სხვა კორონავირუსი ვერ იქნება. ამის შესახებ აპრილში reuters-იც წერდა.

4. იტალიაში გარდაცვლილი პაციენტებიდან 60-დან 58-ს გრიპის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული

მსგავსი სტატისტიკა, თითქოს გარდაცვლილებს შეადგენდნენ ისინი, ვინც გრიპზე იყო აცრილი, არ იძებნება. მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული ეს ცნობა მიზნად ისახავს ანტივაქსერული განწყობების დათესვას. რეალურად კი, ვაქცინაცია მიჩნეულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჩარევად სეზონური გრიპის და მისგან გამოწვეული გართულებების შესამცირებლად. კვლევებით დასტურდება, რომ ასაკის მატებასთან იმუნიტეტი სუსტდება, რაც, ფაქტობრივად, ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს, როგორიცაა პნევმონია, სირსველი და ა.შ. ვაქცინა კი, რეალურად, აძლიერებს ორგანიზმს და ამცირებს არაერთი დაავადების გამოვლენის შანსს. 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკაში, სხვა მოხუცებთან შედარებით, გრიპზე (ინფლუენსა) ვაქცინირებულ მოხუცებში კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური დაავადების განვითარების რისკი 20%-ით ნაკლები იყო, ხოლო სიკვდილიანობა – 50%-ით.

დამატებით ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიაში მოხუცებში (65+) გრიპის საწინააღმდეგო აცრების 2019-2020 წლების სტატისტიკა შედარებით დაბალ,  54.6%-იან მაჩვენებელზეა, ხოლო ქვეყანაში გარდაცვლილების 80%-ზე მეტი 70 წელს ზემოთაა. ამ ორი ფაქტის ერთობლიობა დაუსაბუთებელ მტკიცებას, თითქოს 60 გარდაცვლილიდან 58-ს გრიპის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, კიდევ უფრო არარეალისტურს ხდის.

5. იტალიაში სამედიცინო საჭიროებების ნაკლებობის გამო გარდაცვლილი ადამიანები კოვიდ19-ის სტატისტიკას მიაწერეს

აღნიშნული მტკიცება კონსპირაციაა და ფაქტებს არ ემყარება. კოვიდ19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკაში იტალიაში ითვლებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსი დადასტურებული ჰქონდათ. მხოლოდ კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტები, ვისაც ტესტი არ ჰქონდათ გაკეთებული, საერთო სტატისტიკაში შეტანილი არ არის. ამასთან, ხშირად ხდებოდა რიცხვებით მანიპულაცია, რომ კოვიდ19-ით ძირითადად ის ადამიანები იღუპებიან, ვისაც თანმდევი სხვა დაავადებებიც ჰქონდათ. მართალია, დამატებით ქრონიკული დაავადებების არსებობა რისკს ზრდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიკვდილის გამომწვევიკოვიდ19 არ არის.

ვინ არის ექიმი პეტრელა?

ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა AFP და Fastcheck.cl წერენ, რომ ექიმი რობერტო პეტრელა, რომელიც კოვიდ19-ზე დეზინფორმაციას ავრცელებს, ყოფილი გინეკოლოგია, რომელიც ცნობილია, როგორც პაპილომავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist