რა დეზინფორმაციას ავრცელებენ “ასავალ-დასავალი”, Риа Новости და Sputnik Беларусь-ი?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

216
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 17-23 აგვისტოს ნომერში ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა სტატია, სათაურით “ქართული “მაიდნის “ ბელარუსული რეპეტიცია!” გამოაქვეყნა. სტატიაში ავტორმა  მშვიდობიანი პროტესტის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის შესახებ ბელარუსის შსს-ს ვერსიას იმეორებს და აცხადებს, რომ ისინი ძალოვანების მიმართულებით ასაფეთქებელი ნივთიერების სროლას გეგმავდნენ. “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა პარალელი 2014 წელს კიევში განვითარებულ მოვლენებთან გაავლო და აღნიშნა, რომ “მაიდნის რევოლუცია” 2 გვამის “გამოჩენის” შემდეგ აქტიურ ფაზაში გადავიდა, რასაც ჟურნალისტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს  და მის სნაიპერებს უკავშირებს. სტატიაში განვითარებულია მოსაზრება, თითქოს ბელარუსში “ურეიტინგო”, არჩევნებში დამარცხებული  ოპოზიცია საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდებს და იდენტური რევოლუციური სცენარი შესაძლოა, საქართველოშიც განვითარდეს.

გიორგი გიგაური, ასავალ-დასავალი: „მოკლედ, გვამი – სცენაზე! თანაც ორი! აკი, ბელარუს ძალოვნებთან შეტაკებისას უკვე ორი ადამიანი დაიღუპა! და როგორც ბელარუსის შსს-ში აცხადებენ, ისინი ასაფეთქებელი ნივთიერების სროლას გეგმავდნენ ძალოვანთა მისამართით! ეს უკვე აპრობირებული სცენარია: კიევში 2014 წლის “მაიდნის რევოლუცია” ხომ სწორედ მას შემდეგ დაიქოქა, როდესაც დედაქალაქის ცენტრში გვამები გაჩნდა! თანაც, როგორც “ასავალ-დასავალისა” და არაერთი დასავლური ჟურნალისტური გამოძიებით მტკიცდება, გვამები კიევის მაიდანზე სააკაშვილის სანაიპერებმა გააჩინეს, როდესაც თავისიანებს, ანუ პროტესტანტებს გაუხსნეს ცეცხლი და ეს მაშინდელი პრეზიდენტის იანუკოვიჩის სპეცდანიშნულების რაზმებს დააბრალეს!…სადაც არჩევნების გაყალბებაზე აბსოლუტურად ურეიტინგო ტიხანოვსკაია მოთქვამს, 80 პროცენტით მოვუგე ლუკაშენკოსო, წარმოიდგინეთ რა გნიასს ატეხავენ ნაცები და მათი მომყოლები”

ბელორუსის სამართალდამცავების განცხადება თითქოს საპროტესტო აქციებისას მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი დემონსტრანტების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების მცდელობა იყო, არ დასტურდება და დეზინფორმაციაა. აღნიშნული დეზინფორმაციის დაკავშირება 2014 წლის თებერვლის მაიდნის მოვლენებთან მანიპულაციაა. მაიდანთან და სნაიპერებთან დაკავშირენით დეზინფორმაციები, თითქოს ეს პროცესი დასავლეთიდან იმართებოდა, წლებია კრემლის ორგანიზებული კამპანიის შემადგენელია.

  • საპროტესტო აქციებისას მოქალაქეების გარდაცვალება დემონსტრანტების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებასთან კავშირი არ დასტურდება.  

ბელარუსში მშვიდობიან საპროტესტო აქციებისას 3 ადამიანი დაიღუპა. 10 აგვისტოს მოქალაქე ქუჩის პროტესტისას გარდაიცვალა, 12 აგვისტოს კი აქციაში მონაწილეობის გამო დაკავებული მოქალაქე – საავადმყოფოში.  ბელარუსის თავდაპირველი ოფიციალური განცხადება, რომ გარდაცვლილი მოქალაქე ასაფეთქებელი ნივთიერების სროლას გეგმავდა და აღნიშნული ნივთიერების აფეთქების გამო გარდაიცვალა, გავრცელებული ვიდეო კადრებითა და ჟურნალისტური გამოძიებით არ დასტურდება.

10 აგვისტოს აქციაზე გარდაცვლილი მოქალქის შესახებ New York Times-ი მიერ სხვადასვა ვიდეოების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ პროტესტის მონაწილეს სამართალდამცველებმა ესროლეს და ასაფეთქებელი ნივთიერებისგან არ გარდაცვლილა. ერთდროულად სამი სხვადასხვა რაკურსით  გადაღებული ვიდეო  („ევრორადიოს“, Associated Press-ისა და Belamova-ს ვიდეომასალა) აჩვენებს სამართალდამცველს, რომელიც თავისი იარაღიდან მსხვერპლის მიმართულებით ისვრის.  New York Times ასევე ეყრდნობა რუსი საგამოძიებო ბლოგერების ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს როგორ ესვრის სამართალდამცველი მომიტინგეს. ასაფეთქებელი ნივთიერება ვიდეოში არ ჩანს.

Deutche Welle-ს რუსულენოვანი სამსახურის თანახმად, ორ სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ მამაკაცი ნელა და ზემოთ აწეული შიშველი ხელებით სამართალდამცველებს  უახლოვდება. მას შემდეგ, რაც იგი გაჩერდა, გასროლა მოხდა . რამდენიმე წამის შემდეგ ტარაიკოვსკი მიწაზე დაეცა.

„ევრორადიოს“ («Еврорадио») მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში (რომელიც 10 აგვისტოს აქციას ასახავს) გარკვევით ჩანს, რომ გარდაცვლილი ალექსანდრე ტარაიკოვსკის ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელში არ ეჭირა, როდესაც მას სამართალდამცელებმა ესროლეს.

აღსანიშნავია, რომ  Associated Press-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ გარდაცვლილი მოქალაქის მაისურზე სისხლის ლაქა მკერდის არეში მიღებული ჭრილობისგან აქვს და არა ასაფეთქებელი მოწყობილობისგან.

2
წყარო: www.apimages.com (AP Photo/Mstyslav Chernov)

რაც შეეხება 12 აგვისტოს გარდაცვლილ მეორე მოქალაქეს, BBC-ის ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მამაკაცი არალეგალურ აქციაში მონაწილეობისათვის დააკავეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომიტინგეს დედამ “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ მის შვილი აქციებში მონაწილეობას არ იღებდა და მაშინ დააკავეს, როდესაც შეყვარებულის სანახავად მიდოდა.

  • საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური მედია ბელარუსის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილების მიმართ ძალის გამოყენებაზე მიუთითებენ და არა პროტესტის მონაწილეების მხრიდან ძალადობაზე. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოებამ ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანი უწოდა.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, 11 აგვისტოს ბელარუსმა სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეებს სასტიკად ცემეს და დააკავეს. მათ მომიტინგეების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, რეზინის ტყვიები და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატის ფუჭი ვაზნები, ასევე, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„Human Rights Watch“-ის ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი ჰიუ ვილიამსონი აღნიშნავს, რომ “ბელარუსის ხელისუფლებამ უხეში ძალა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტების და საჯარო უკმაყოფილების ჩასახშობად”.

Human Rights Watch-ის მკვლევარის განცხადებით, რომელიც ცენტრალურ მინსკში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდა, ის მომიტინგეების მხრიდან ძალადობის მოწმე არ გამხდარა. 10 აგვისტოს მან ხმოვანი ყუმბარების აფეთქებისას ნათება დაინახა  იმ ადამიანთა ირგვლივ, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ, გარდა ქუჩაში მშვიდობიანი შეკრებისა.

New York Times-ი ასობით ვიდეოს ანალიზისა და აქციის მონაწილეებთან გასაუბრების შედეგად აღნიშნავს, რომ არსებული მასალების თანახმად, სამართალდამცველები ძალადობენ და ცემენ მომიტინგეებს, რომლებიც  საფრთხეს არ წარმოადგენენ.

Washington Post-ი აღნიშნავს , რომ აქციების დროს “პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ვაზნები გამოიყენა, ორი ადამიანი მოკლეს, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა”.

აღსანიშნავია, ევროკავშირმა და აშშ-მა არჩევნებს ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანი უწოდეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროკავშირმა ბელარუსს ორჯერ დაუწესა სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისათვის, მათ შორის, არჩევნების გაყალბებისა და დემოკრატიული ნორმების მოშლის გამო.

  • ბელარუსში მშვიდობიანი პროტესტის დროს გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილს დემონსტრანტების მიერ გამოყენებულ  ასაფეთქებელ ნივთიერებასთან რუსული მედია აკავშირებს. 

12 აგვისტოს გამოქვეყნებულ მასალაში Риа Новости აღნიშნავს, რომ აქციების დროს ძალოვანების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული მედია საშუალება იმეორებს ვერსიას, თითქოს გარდაცვლილი დემონსტრანტი ძალოვნების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლას აპირებდა, თუმცა ის ხელშივე აუფეთქდა.

Sputnik Беларусь-ი ასევე აღნიშნავს, რომ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარაევმა არ გამორიცხა, რომ ტარაიკოვსკის ესროლეს, თუმცა ამატებს, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ, ისინი მხოლოდ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ. სპუტნიკი ასევე აღნიშნავს, რომ მომიტინგეები მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ.

13 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ბელარუსის შსს-ს ვერსიას ეყრდნობა და წერს, რომ მომიტინგეს გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველი ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა, რომლის სროლასაც სპეცრაზმელების მიმართულებით ცდილობდა მაგრამ ხელებში აუფეთქდა.

  • ბელორუსის მოვლენების უკრაინის მაიდანთან დაკავშირება  მანიპულაციაა. მაიდანთან და სნაიპერებთან დაკავშირენით დეზინფორმაციები, თითქოს ეს პროცესი დასავლეთიდან იმართებოდა, წლებია კრემლის ორგანიზებული კამპანიის შემადგენელია.

EU vs DIsinfo-ს თანახმად, კრემლისტური პროპაგანდა სამშვიდობო პროტესტს ხვადასხვა ქვეყანაში “ფერადი რევოლუციის” იარლიყს აკრავს და ცდილობს ის უცხოეთიდან, დასავლეთისგან მართულ პროცესად წარმაოჩინოს. რუსული მედია ნერგავს მოსაზრებას, რომ ბელარუსში მოვლენები “მაიდნის სცენარით” ვითარდება. კრემლის მედია ბელარუსის გარდა, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში და ჰონგ-კონგის გამართული აქციებისასაც ავრცელდებდა მსაზრებას, თითქოს ხალხის პროტესტი უცოხეთიდან დაფინანსებული და მართულია.

რუსულ მედიაში იტალიურ ტელეარხ Matrix-ით გაშუქებული საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“ -ის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფილმის თანახმად, 2014 წლის თებერვალში მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს პრო-რუსული უკრაინული სამთავრობო ძალების ნაცვლად ოპოზიციის ლიდერებისა და ევროკავშირისგან მხარდაჭერილი სნაიპერები ესროდნენ.

იტალიელი ჟურნალისტის ავტორობით მომზადებულ  დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი მტკიცებულებები კი ფაქტობრივ უზუსტობებს და მანიპულაციებს შეიცავს.

დოკუმენტურ ფილმზე მითების დეტექტორმა არაერთი მასალა მოამზადა, რომელიც Stop Fake-ის, Insider-ისა და BBC Monitoring-ის გამოძიებებს ეყრდნობოდა და შემდეგ უზუსტობებზე ამახვილებდა ყურადღებას:

  • ფილმში სამი ქართველ რესპოდენტი კობა ნერგაძე, ზალოგი კვარაცხელია და ალექსანდრე რევაზიშვილი აცხადებენ, რომ 2014 წლის თებერვალში, კიევის მაიდნის მოვლენებში მონაწილეობის მიღების მიზნით მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველმა მამუკა მამულაშვილმა მათ 1000 დოლარი გადაუხადა და კიევში ყალბი პასპორტებით ჩაიყვანა. რესპოდენტების თქმით, მამულაშვილის დავალებით მათ მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის პროკურატურა ნერგაძის, რევაზიშვილის და კვარაცხელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ პირებს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავთ და 2014 წლის თებერვლის მოვლენების დროს უკრაინაში არ იმყოფებოდნენ, რაც  მამუკა მამულაშვილმა “მითების დეტექტორთან” საუბარშიც დაადასტურა.
  • The Insider Russia-ს თანახმად, ფილმში ყალბი დოკუმენტებია გამოყენებული. ერთ-ერთი რესპოდენტი კობა ნერგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქართული უშიშროების თანამშრომელი იყო. ამის დასადასტურებლად ფილმში ნაჩვენებია დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე, გრამატიკული ხარვეზებით.
  • ფილმის თანახმად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ სტონს მიაწოდა. უკრაინული  StopFake-ის ცნობით, ურმას პაეტმა მოგვიანებით ეს ცნობა საჯაროდ უარყო.

დოკუმენტური ფილმის „მიგნებები“ ტელეკომპანია НТВ-მ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია Звезда-მ და Царьград TV–მ გაავრცელეს. ასევე მედიასაშუალებებმა РИА Новости Украина, Sputnik Эстония, Regnum.ru. აღნიშნული ინფორმაცია “ასავალ-დასავალმა” და სპუტნიკ-საქართველოს ქართულენოვანმა ვებ-გვერდმაც გაავრცელეს. მაიდნის სნაიპერების შესახებ დეზინფორმაციები რუსული პროპაგანდის გავრცელებული ნარატივია.

ტელეკომპანია Matrix  ბერლუსკონის ოჯახის მფლობელობაში მყოფ მედია-ჰოლდინგ Mediaset-ს ეკუთვნის. 2015 წლის სექტემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სილვიო ბერლუსკონის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სამი წლით აუკრძალა, რადგან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2015 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

დოკუმენტური ფილმის „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“ ავტორის, სამხედრო ჟურნალისტ ჯან მიკალესიანის  სტატიები ქვეყნდება ვებ-გვერდებზე „Русская весна“, inopressa.ru. გასული საუკუნის 70 -იან წლებში, ჯან მიკალესინი იტალიური ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფება  Trieste Youth Front-ის მებრძოლი იყო.

მაიდნის მოვლენებში ქართველი სნაიპერების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციისა და უზუსტობების შესახებ ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მიერ ადრე მომზადებულ მასალებში:

  • გაყალბებული დოკუმენტური ფილმი მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ
  • 4 უზუსტობა დეზინფორმაციაში, თითქოს მაიდანზე მომიტინგეებს ცეცხლი ქართველმა სნაიპერებმა გაუხსნეს
  • ქართველი სნაიპერების შესახებ გაყალბებულ ფილმს ტრისტან წითელაშვილი ამყარებს
თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist