რა ნაწილაკები აღმოჩნდა იაპონიაში Moderna-ს ვაქცინებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

31 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Doctors Charlz გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ Moderna-ს ვაქცინის ჯგუფმა შეუსაბამო მინარევი, შავი ნაწილაკები  აღმოაჩინა. პოსტის ავტორი იაპონურ საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ეყრნობა. Doctors Charlz წერს, რომ მინარევი შეიძლება იყოს ლითონის ნაწილაკები, რადგან მაგნიტზე რეაგირებენ. პოსტის ავტორის მტკიცებით, ეს გარემოება ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის და ნანონაწილაკების არსებობას ადასტურებს.

"

პოსტის მტკიცება, რომ Moderna-ს ვაქცინა  გრაფენის ოქსიდს და ნანონაწილაკებს შეიცავს, მცდარია. იაპონიაში Moderna-ს ვაქცინების პარტიაში შავი ფერის ნაწილაკები მართლაც აღმოაჩინეს, თუმცა ეს ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის არსებობას არ ადასტურებს. მოკვლევამ დაადგინა, რომ წარმოების პროცესში დანადგარის არასწორი განლაგების გამო ხახუნის შედეგად ვაქცინაში უჟანგავი ფოლადის ნაწილაკები მოხვდა. კომპანიის მიხედვით, ამან შესაძლოა ინექციის ადგილზე გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

იაპონურმა საინფორმაციო სააგენტო Kyodo-მ მართლაც გამოაქვეყნა ინფორმაცია იაპონიის 7 პრეფექტურაში Moderna-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების პარტიებში შავი ფერის, 0.5 მილიმეტრზე მცირე ზომის ნაწიკალების აღმოჩენის შესახებ. გამოცემა ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ გუმმას პრეფექტურაში ამ პარტიის ვაქცინები 4 500-მდე ადამიანმა გაიკეთა, თუმცა შედეგად ჯანმრთელობის პრობლემის წარმოქმნის შემთვევა არ დაფიქსირებულა.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო თავდაპირველად განიხილავდა ვერსიას, რომ ფლაკონში ნემსის გაკეთების დროს თავსახურში არსებული რეზინის ნაწილაკები ვაქცინაში მოხვდა. სამინისტრომ Moderna-ს ვაქცინის 3 პარტიიდან 1.63 მილიონ დოზამდე ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა, თუმცა, გამოცემის მიხედვით, სამინისტრომ კონსულტაცია გაიარა იაპონურ წამლის მწარმოებელ კომპანიასთან Takeda Pharmaceutical Co.-სთან, რომელიც ვაქცინების გაყიდვაზე და დისტრიბუციაზეა პასუხისმგებლი და დაასკვნა, რომ ვაქცინები სერიოზული საფრთხის შემცველი არ იყო.

Moderna-მ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. დადგინდა, რომ ვაქცინების ეს პარტიები ესპანეთში იყო წარმოებული. საწარმოში არასწორად დამონტაჟებული დანადგარის გამო, რომელიც ვაქცინის ფლაკონებს საცობებს უკეთებდა, მეტალის ხახუნის შედეგად, ვაქცინაში უჟანგავი ფოლადის ნაწილაკები ხვდებოდა.

“ამ ზომის მეტალის ნაწილაკების კუნთში მოხვედრამ შესაძლოა, ადგილობრივი რეაქცია გამოიწვიოს. მაგრამ არ არის მოსალოდნელი, რომ ინექციის ადგილის მიღმა რაიმე სხვა, მწვავე რეაქცია მოჰყვეს. უჟანგავი ფოლადი გულის სარქვლების, სახსრების იმპლანტებში, ასევე მეტალის ნაკერებსა და სამედიცინო სტეპლერებში რეგულარულად გამოიყენება. მოსალოდნელი არ არის, რომ იაპონიაში აღმოჩენილი ნაწილაკები გაზრდილ სამედიცინო რისკებს გამოიწვევს”. – ნათქვამია Moderna-ს და Takeda-ს ერთობლივ განცხადებაში.

ვაქცინის 3 პარტიას, რომელშიც ნაწილაკები აღმოჩნდა, ხმარებიდან ამოიღებენ. ესპანურმა მწარმოებელმა კომპანიამ საწარმოში პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიიღო. ვაქცინებში ნაწილაკების აღმოჩენამ განსაკუთრებით მას შემდეგ მიიქცია ყურადღება, რაც აგვისტოში იაპონიაში ორი კაცი გარდაიცვალა, რომელთაც აცრა ვაქცინის ამ პარტიებიდან ჰქონდათ გაკეთებული. ფარმაცევტული კომპანია Takeda-ს მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი გარდაცვალება ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული და ეს  დამთხვევად განიხილება. გარდაცვალების შემთხვევების მოკვლევა ამ დრომდე გრძელდება.

რაც შეეხება გრაფენის ოქსიდს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ამ ნივთიერებას არ შეიცავს. დეზინფორმაცია, რომ ის ვაქცინების საიდუმლო ინგრედიენტია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:

ვაქცინებში გამოყენებული ნანოტექნოლოგიის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა. შეთქმულების თეორიის მომხრეები ტექნოლოგიას, რომელიც რეალურად ვაქცინის დაცვას და უჯრედებამდე მის უსაფრთხოდ გადატანას უზრუნველყოფს ჯანმრთელობისთვის საშიშს უწოდებენ და ბილ გეითსს და ნანოჩიპებს უკავშირებენ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist