რას ამბობს ჯანმო  PCR ტესტებზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

51
VIEWS

13 იანვარს საინფორმაციო სააგენტო ნიუს-ფრონტმა მოძრაობა “საზოგადოება და სახელმწიფოს” საინიაციტივო ჯგუფის წევრ შორენა შანიძის გაზეთ “ალიასთვის” მიცემული ინტერვიუ გამოაქვეყნა.

;;

ინტერვიუში შორენა შანიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და აღიარა, რომ PCR ტესტი კორონავირუსის დასადგენად უვარგისია.

შორენა შანიძე, საზოგადოება და სახელმწიფო: ამ სამი დღის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, პისიარტესტების უვარგისობა და მანიპულაცია და რომ პაციენტის მდგომარეობა, მისი კლინიკური სურათით უნდა დაზუსტდეს და არა პისიარტესტით.

შორენა შანიძეს მოჰყავს ციტატა და ამტკიცებს, რომ ეს ტექსტი ჯანმოს მიერ გავრცელებული განცხადებიდანაა. ტექსტში წერია, რომ PCR ტესტების მრავალჯერადი ციკლების გამოყენებას 97%-იანი უზუსტობა აქვს და ისინი ზოგიერთი მთავრობის მიერ შეგნებულად “გადამეტებული ზომების გასამართლებლად” გამოიყენება.

გარდა ამისა, აღნიშნულ ინტერვიუში შორენა შანიძეს კიდევ რამდენიმე მტკიცებაა მოყვანილი:

  1. სამედიცინო პირბადის შრეების ზომა  ვირუსის ბირთვის ზომაზე ბევრად დიდია და ვირუსი პირბადის ყველა შრეში მაინც აღწევს. არასამედიცინო პირბადე კი საერთოდ ვერ გვიცავს;
  2. გერმანიაში სამედიცინო ექსპერტებმა კორონავირუსით დაღუპულთა ცხედრებს ექსპერიზა ჩაუტარეს და დადგინდა, რომ არც ერთი მათგანი კოვიდით დაავადებული არ იყო;
  3. ვაქცინაციის მიზანი არა მოსახლეობის ვირუსისგან დაცვა, არამედ ადამიანის დნმ-ის შეცვლაა.

20 იანვრის მდგომარეობით, CrowdTangle-ის მონაცემებით, ნიუს-ფრონტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას 24, ხოლო alia.ge-ზე გამოქვეყნებულს 174 გაზიარება აქვს. ინტერვიუ უცვლელად ქლიქბეით გვერდმა footbal.ge-მაც გამოქვეყნა.

;

შანიძის ინტერვიუ რამდენიმე დეზინფორმაციებს შეიცავს: 1. ჯანმოს PCR ტესტების “უვარგისობა” არ უღიარებია, მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხთან ერთად პაციენტის კლინიკური სურათი და დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტიც უნდა იქნას გათვალისწინებული. 2. ჯანმოს PCR ტესტებმა 97%-იანი უზუსტობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. მსგავსი განცხადება ირლანდიელ ექიმ ვინსენტ ქეროლს ეკუთვნის, რასაც დარგის სხვა სპეციალისტები არ იზიარებიან. 

ინტევიუ ასევე იმეორებს მცდარ მტკიცებებს 3.კორონავირუსთან დაკავშირებით პირბადეების არაეფექტიანობის;  4.გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზისა; და 5. ვაქცინის მიერ ადამიანის დნმ-ის შეცვლის შესახებ.

რა წერია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში  PCR ტესტების შესახებ ?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებებში შორენა შანიძის მიერ მოყვანილი ციტატა არ იძებნება. 14 დეკემბერს ჯანმომ PCR ტესტების შესახებ განცხადება მართლაც გამოაქვეყნა, თუმცა მასში არ არის ჩანაწერი, რომელიც  PCR ტესტის უვარგისობას ან 97%-იანი უზუსტობას ამტკიცებს.

ჯანმო წერს, რომ SARS-CoV-2-ის PCR ტესტირებით ცრუ შედეგების მიღების მომატებული რისკის შესახებ მომხმარებლებისგან უკუკავშირი მიიღო.

განცხადებაში მართლაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო პერსონალმა კორონავირუსის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხთან ერთად პაციენტის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინონ. თუმცა ჯანმო ამ მოწოდებით, ცხადია, PCR ტესტს “უვარგისად” არ მოიხსენიებს და არ ამბობს, რომ კორონავირუსის დასადგენად ის არ უნდა გამოიყენონ. ჯანმო ხაზს უსვამს იმას, რომ COVID-19-ის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხთან ერთად, პაციენტის კლინიკური სურათი და კონტაქტების ისტორიაც გასათვალისწინებელია.

ჯანმო განცხადების ბოლოს PCR ტესტით მოსარგებლეებს რამდენიმე რჩევას აძლევს და წერს, რომ  ტესტის გამოყენებამდე მისი ინსტრუქციის მთლიანად და ყურადღებით წაკითხვა აუცილებელია. ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ სამედიცინო პერსონალმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ კორონავირუსის ტესტის ნებისმიერი შედეგი, დადებითიც და უარყოფითიც, კლინიკურ დაკვირვებასთან, პაციენტის ისტორიისა და ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციასთან ერთობლიობაში უნდა შეაფასონ.

მტკიცება PCR ტესტის 97%-იანი უზუსტობის შესახებ არა ჯანმოს, არამედ ირლანდიელ ექიმს ეკუთვნის

რაც შეეხება ციტატას PCR ტესტის მრავალჯერადი ციკლების გამოყენების 97%-იანი უზუსტობის შესახებ, ის ჯანმოს არ ეკუთვნის. მსგავსი განცხადება ირლანდიელმა ექიმმა ვინსენტ ქეროლმა გააკეთა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ქეროლი აღნიშნავდა, რომ PCR ტესტს კორონავირუსზე ცრუ დადებითი შედეგის 97%-იანი მაჩვენებელი აქვს. მისი მტკიცება ირლანდიულმა გამოცემა thejournal.ie-მ გადაამოწმა.

ირლანდიური გამოცემა PCR ტესტების ექსპერტებს დაუკავშირდა, მათ კი ექიმ ვინსენტ ქეროლის მტკიცება საკუთარი არგუმენტებით გააბათილეს. ჰარვარდის პროფესორი მაიკლ მინა ამბობს, რომ ექიმ ქეროლის მტკიცება მცდარია და სიანმდვილეში PCR პრაიმერების (მოკლე, ერთჯაჭვიანი დნმ თანმიმდევრობა)  საშუალებით PCR ტესტი SARS-CoV-2-ის ვირუსს და არა სხვა კორონავირუსებს ამოიცნობს.

thejournal.ie-სთან საუბრისას, ექიმი დე გასკუნი ამბობს, რომ SARS-CoV-2-ის PCR ტესტების რეალური ცრუ დადებითი შედეგის მაჩვენებელი 0.1%-დან 0.2%-მდე მერყეობს.

კანადელი ექიმის, ბულარდის თქმით კი, PCR ტესტის დადებითი შედეგი ადასტურებს, რომ ადამიანს ჰქონდა Covid-19, მაშინაც კი, თუ ის ასიმპტომური იყო.

PCR ტესტი COVID-19-ის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა და რეკომენდირებულია როგორც ჯანმოს, ისე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ. PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) არის გენეტიკური მასალების გამრავლების გზა მისი შესწავლისა და ვირუსის გენეტიკური მასალის არსებობის დასადგენად. თითოეული ციკლის დროს, SARS-CoV-2– ის ნებისმიერი გენეტიკური მასალა ორმაგდება, მანამ, სანამ ის საკმარისი არ იქნება ტესტის დადებითი ან უარყოფითი შედეგის დასადგენად.

PCR ტესტირების შესახებ უფრო მეტი იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:
საშიშია თუ არა კორონავირუსის ტესტი?

  • მცდარია მტკიცება, რომ პირბადეები კორონავირუსისგან დასაცავად არაეფექტიანია

შორენა შანიძის თქმით, პირბადეები ადამიანს ვირუსისგან არ იცავს, რადგან პირბადის შრეების ზომა ვირუსის ბირთვის ზომაზე დიდია და ვირუსი მაინც აღწევს პირბადის შიგნით. აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ნაწილაკები პირბადის შრეებთან შედარებით გაცილებით მცირე ზომისაა, ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან და ამისთვის რესპირატორული წვეთები სჭირდებათ, რესპირატორულ წვეთებს კი პირბადე აკავებს.

COVID-19-ის ნაწილაკი ზომით 0.1 მიკრონია, თუმცა ის ცალკე არ არსებობს და ყოველთვის რაღაც უფრო დიდთან ერთად, მაგალითად რესპირატორულ წვეთებთან ერთად გადაადგილდება, რომლებიც ლაპარაკისას, სუნთქვისას და ხველისას წარმოიქმნება. სწორედ ამ წვეთებს აკავებს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადე.

პირბადეების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?

  • მტკიცება, თითქოს გერმანიაში კორონავირუსით დაღუპულთა ცხედრების ექსპერიზამ დაადგინა, რომ ისინი კოვიდით დაავადებული არ იყვნენ, მცდარია

შორენა შანიძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გერმანიაში სამედიცინო ექსპერტებმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ისინი რეალურად კოვიდით დაავადებული არ იყვნენ. აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა, რომელიც ჰამბურგის სამედიცინო ექსპერტიზის უნივერსიტეტის დირექტორის, კლაუს პიუშელის გაყალბებულ ციტატას ეფუძნება, რომელშიც პიუშელი თითქოს აცხადებდა, რომ “ჯანმრთელი ადამიანი არასოდეს დაღუპულა კორონავირუსით”.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
6 ტყუილი COVID-19-ზე, ვაქცინებზე და დაპატენტებულ ვირუსებზე

  • ვაქცინაციის მიზანი ადამიანის დნმ-ის შეცვლაა, კონსპირაციაა

შანიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მიზანი არა მოსახლეობის ვირუსისგან დაცვა, არამედ ადამიანის დნმ-ის შეცვლაა, რაც კონსპირაციის თეორიაა.

სხვა კორონავირუსების მსგავსად, COVID-19, რნმ ვირუსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია რნმ-შია ჩაწერილი. შესაბამისად, მის საწინააღმდეგოდ შეიქმნა არა დნმ-ზე, არამედ რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა. აღსანიშნავია ისიც, რომ რნმ დნმ-სგან ქიმიური შემადგენლობით განსხვავდება, ამიტომ რნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და შესაბამისად, გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა შეუძლებელია.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ლუციფერინი – ბნელი კონსპირაცია თუ ნათელი ბიოქიმიური რეაქცია?


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist