რას ასახავს ვიდეო, რომელსაც Chemtrail-ის შეთქმულებას მიაწერენ და იწამლება თუ არა ესპანეთის ცა ქიმიკატებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4.7k
VIEWS

2021 წლის 13 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თვითმფრინავის კუდთან დამაგრებული მილიდან სითხის ჭავლის გამოშვების ახლო კადრს აჩვენებს, რომელსაც ორი თვითმფრინავის ფრენის ამსახველი რამდენიმეწამიანი კადრი ანაცვლებს. მართალია, გოჩა ჩუმაშვილი პოსტში არ აზუსტებს, თუ რას ასახავს აღნიშნული ვიდეო, თუმცა კომენტარებში აღნიშნავს, რომ თვითმფრინავების ე.წ. “Chemtrail”-ით ჰაერს მიზანმიმართულად წამლავენ და კადრებშიც სწორედ ეს არის ნაჩვენები. ქიმიკატებით ჰაერის მოწამვლის თემაზე 14 ოქტომბერს პოსტი კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა Bacho Grigolia-მაც გამოაქვეყნა. გრიგოლიას პოსტში ნათქვამია, რომ ესპანეთის საგანგებო სიტუაციების მმართველმა ორგანომ ოფიციალურად აღიარა, რომ ქვეყნის სამხედრო დანაყოფები სხვადასხვა მომწამვლელი ქიმიური აგენტებით ჰაერს 2015 წლიდან წამლავენ და ცაში თვითმფრინავების მიერ დატოვებული კვალი სინამდვილეში სწორედ ქიმიური დაბინძურების ნიშანია.

"

გოჩა ჩუმაშვილის მიერ გაზიარებული ვიდეო არა ჰაერის მოწამვლას, არამედ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სახანძრო მოდელს ასახავს, რომელიც წყლის ძლიერ ჭავლს უშვებს. ამასთანავე, მტკიცება, თითქოს ესპანეთის მთავრობამ “Chemtrail”-ებით ჰაერის მოწამვლა აღიარა, დეზინფორმაციაა. შეთქმულების თეორია, თითქოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები სამხედრო თვითმფრინავების საშუალებით ჰაერს სახიფათო ქიმიკატებით და მიკროორგანიზმებით აბინძურებენ, წლებია ვრცელდება, თუმცა ამგვარი კონსპირაციის რეალურად არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 

  • ვიდეოში თვითმფრინავი არა მომწამვლელ აეროზოლს, არამედ წყლის ჭავლს უშვებს, რაც მასშტაბური ხანძრების ჩასაქრობად გამოიყენება.

გოჩა ჩუმაშვილის მიერ გაზიარებული ვიდეო პირველად 2021 წლის 15 ივლისს Instagram-ის ანგარიშმა engindustry-მ გამოაქვეყნა. ინსტაგრამის პოსტის აღწერაში მითითებულია, რომ ვიდეო ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს Hercules C-130-ს ასახავს, რომელიც ძირითადად საჰაერო გადაზიდვებისთვის გამოიყენება, თუმცა, როგორც ამერიკის ავიაძალების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, თვითმფრინავი ხშირად ამერიკის სატყეო სამსახურისთვის სახანძრო ფუნქციასაც ასრულებს.

"
ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში გვხვდება ახლო ხედით გადაღებული კადრი, რომელშიც გარკვევით ჩანს, რომ თვითმფრინავისთვის დამაგრებული მილიდან წყლის ჭავლი გამოიტყორცნება, თუმცა ეს კადრი გოჩა ჩუმაშვილის მიერ გაზიარებულ ვერსიაში მოჭრილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინსტაგრამ პოსტში “Chemtrail”-ებისა და ჰაერის ქიმიკატებით მოწამვლის შესახებ არაფერია ნათქვამი.

"
რაც შეეხება ვიდეოში გამოყენებულ მეორე კადრს, რომელშიც ორი “ჰერკულესი” ჰაერში თეთრ სპრეის რიგრიგობით უშვებენ, აღნიშნული კადრები ძველია და ისინი პირველად 2018 წელს იუთუბ არხმა UTV channel-მა გაავრცელა. UTV channel-ის 11 წუთიანი ვიდეო, რომელსაც გახმოვანებაც ახლავს, Hercules C-130-ების მიერ 13 600 ლიტრი წყლის გამოფრქვევას ასახავს. ინსტაგრამისა და ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის ვიდეოში გამოყენებული კადრები UTV channel-ის ვიდეოში 4:05 წუთზე გვხვდება.

"""
აღსანიშნავია, რომ Youtube-ზე Hercules C-130-ის სახანძრო დანიშნულებით გამოყენების და მისი საშუალებით ათასობით ლიტრი წყლის საჰაერო გზით გავრცელების ამსახველი არაერთი ვიდეო გვხვდება.

  • მტკიცება, თითქოს ესპანეთის მთავრობამ “Chemtrail”-ებით ჰაერის მოწამვლა აღიარა, დეზინფორმაციაა

პოსტში, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის ოფიციალურმა უწყებებმა “ქიმიური აეროზოლების” გავრცელება აღიარეს, წყაროდ ესპანურენოვანი ვებ-გვერდზე 28 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიაა მითითებული. სტატიაში ნათქვამია, რომ ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ოთხმა თანამშრომელმა მთავრობის მითითებით თვითმფრინავებიდან სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული აეროზოლების გავრცელება დაადასტურეს. აღნიშნული ინფორმაცია 2021 წლის სექტემბერში ინგლისურენოვან კონსპირაციულ ვებ-გვერდბზეც გამოჩნდა. ესპანელი ფაქტების გადამოწმების პლატფორმების მიხედვით, მეტეოროლოგიური სააგენტოს თანამშრომლების აღიარების შესახებ ინფორმაცია WhatsApp-ში სპამური შეტყობინების სახით ვრცელდებოდა.

ფაქტების გადამოწმების ესპანური პლატფორმების, Verificat-ისა და Maltida-ს მიხედვით, ესპანეთის მეტეოროლოგიური თანამშრომლის მიერ რადიო გადაცემაში ტოქსიკური აეროზოლების თვითმფრინავებით გავრცელების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია 2014 წლიდან ვრცელდება. რეალურად, ამგვარი ინტერვიუს არსებობის ან მეტეოროლოგიური სააგენტოს “ოთხი თანამშრომლის” შესახებ არავითრი სარწმუნო ინფორმაცია არ იძებნება. როგორც Verificat-ს ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, არც სააგენტოს და არც მის რომელიმე თანამშრომლების თვითმფრინავებით ჰაერის მოწამვლის შესახებ “აღიარება” არასდროს გაუკეთებიათ.

 2014 წელს გავრცელებულ სპამურ შეტყობინებაში ნაქვამი იყო, რომ ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს თანამშრომლებმა “Chemtrail”-ების შესახებ არა მხოლოდ ინტერვიუ ჩაწერეს, არამედ ევროპულ პარლამენტსაც მიმართეს, თუმცა 2015 წელს ევროპულმა პარლამენტმა განაცხადა, რომ მათ მსგავსი მიმართვა არ მიუღიათ, ხოლო ესპანეთის მთავრობასთან ერთად საკითხის შესწავლის შემდეგ ესპანეთში ჰაერის ქიმიკატებით დაბინძურების დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს.

შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოს, მთავრობა და ძალაუფლების მქონე სხვა ჯგუფები თვითმფრინავების საშუალებით ატმოსფეროში ქიმიურ ნივთიერებებსა და დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს აფრქვევენ, უკვე მრავალი წელია ინტერნეტ სივრცეში ცირკულირებს. Chemtrail-ის მიმდევრები თავიანთი თეორიის მთავარ “მტკიცებულებად” ცაში თვითმფრინავების მიერ დატოვებულ კვალს (Contrail) ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ეს გამონაბოლქვი სახიფათო საწამლავებითაა დაბინძურებული. Chemtrail-ის შეთქმულების თეორიის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist