რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

46
VIEWS

2020 წლის 1 ნოემბერს ანტივაქსერმა აქტივისტმა შორე შანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სათაურით “მტრის გეგმები”. პოსტი ამტკიცებს, რომ პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემა “New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნდა ბილ გეითსის მიერ მსოფლიო მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციის და ტოტალური კონტროლის დასამყარებლად შემუშავებული გეგმა. შორე შანიძის მტკიცებით, ამ გეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას რნმ მოლეკულის ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას “გადააპროგრამებს” და ორგანიზმს ვაქცინაზე დამოკიდებულს გახდის. პოსტი ასევე ამტკიცებს, რომ ბილ გეითსის გეგმის თანახმად, ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ხოლო ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევში, ადამიანებს ვაქცინის გაკეთებას ძალის გამოყენებით, გადაადგილების ან მუშაობის უფლების შეზღუდვით აიძულებენ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბილ გეითსის “გეგმები” კორონავირუსის ექსპერიმენტული და სახიფათო ვაქცინით იძულებით ვაქცინაციაზე სამეცნიერო გამოცემაში გამოქვეყნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ჟურნალში 2020 წლის 28 თებერვალს მართლაც გამოქვეყნდა ბილ გეითსის სტატია, თუმცა ის კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხება და ძირითადად რეკომენდაციებისაგან შედგება. დეზინფორმაციაა მტკიცებაც, რომ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა ადამიანის უჯრედების მახასიათებლებს შეცვლის.  აღნიშნული პოსტი რუსული სტატიის თარგმანს წარმოადგენს, რომელიც ქართულ ჯგუფებშიც გაზიარდა.

დეზინფორმაცია 1: ბილ გეითსის მიერ “New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია ადამიანების იძულებით ვაქცინაციის გეგმას აღწერს.

შორენა შანიძის პოსტში დასახელებულმა გამოცემამ ბილ გეითსის სტატია “პასუხი COVID-19-ზე – საუკუნის პანდემია?” (“Responding to Covid-19 – A Once-in-a-Century Pandemic?”) ჯერ კიდევ 2020 წლის 28 თებერვალს გამოაქვეყნა, თუმცა მას შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო პოსტში გამოთქმულ მტკიცებებთან, რომელთა მიხედვითაც ბილ გეითსი მსოფლიოში სავალდებულო და იძულებითი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. სტატიაში ბილ გეითსი საუბრობს ახალ კორონავირუსზე, როგორც მზარდ საფრთხეზე და გლობალურ გამოწვევაზე, რომელიც მისი შეხედულებით, შესაძლოა 21-ე საუკუნის პანდემიად იქცეს. გთავაზობთ იმ ძირითადი საკითხებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც სტატიაში ვხვდებით:

  • კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით მაღალია და 1%-ს უახლოვდება (2020 წლის 28 თებერვლისთვის), ამასთანავე ვირუსი ავლენს გადაცემის მაღალ მაჩვენებელსაც, რის გამოც გეითსი ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში ვირუსის მასშტაბური გავრცელებაა მოსალოდნელი.
  • აუცილებელია, მსოფლიო მაშტაბით დაიწყოს მზადება ვირუსთან გასამკლავებლად. გეითსი ურჩევს სახელმწიფოებს, თავიანთი ჯანდაცვის სისტემები პანდემიისთვის მოამზადონ და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებსაც დაეხმარონ.
  • მნიშვნელოვანია, დაიწყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, ასევე – კვლევები უკვე არსებულ მედიკამენტებზე, რომლებიც შესაძლოა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი აღმოჩნდეს.
  • ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ისეთი საინფორმაციო პლატფორმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის ფართო და ოპერატიულ გავრცელებას. მათ შორის, ინფორმაციის მუდმივ გაცვლას მსოფლიოს სამეცნიერო წრეებს შორის.
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის ერთობლივი ღირებულება შეიძლება გასცდეს რამდენიმე მილიარდს, ამიტომაც საჭიროა ფინანსური რესურსების მობილიზებისათვის გლობალური თანამშრომლობა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბილ გეითსის მუდმივად ფიგურირებს კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებსა და კონსპირაციულ თეორიებში. აღნიშნულ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის”  მიერ მომზადებულ მასალებში.

 დეზინფორმაცია #2: რნმ-ს ექსპერიმენტული ვაქცინა ადამიანის უჯრედის მახასიათებლების ცვლილებას და ინექციაზე დამოკიდებულებას გამოიწვევს.

დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რნმ და დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ვაქცინა განსაკუთრებით სახიფათო იქნება ადამიანისთვის, სოციალურ ქსელში არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოენოვან გვერდებზეც გავრცელდა. გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვაქცინა ადამიანის უჯრედის გენეტიკურ თავისებურებებს შეცვლის. რეალურად კი როდესაც მეცნიერები საუბრობენ რნმ მოლეკულის გამოყენებაზე ვაქცინის განვითარების პროცესში, იგულისხმება არა პაციენტის რნმ მოლეკულა, არამედ ვირუსის გენეტიკური მასალა. როგორც კვლევები აჩვენებს, ქიმიური განსხვავებების გამო, შეუძლებელია, ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში შეყვანილი ვირუსის რნმ მოლეკულა ადამიანის უჯრედულ დნმ-ს შეერწყას. ასევე, მცდარია შეხედულება, თითქოს მსგავსი ვაქცინა ორგანიზმს დააინფიცირებს, რადგან რეალურად ინფიცირებას არა ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის რნმ, არამედ თავად ვირუსი იწვევს. ორგანიზმში ინექციით შეყვანილი რნმ ორგანიზმს საშუალებას აძლევს გამოიმუშაოს ანტისხეულები ვირუსის გენეტიკური მასალის წინააღმდეგ, ხოლო თავად რნმ-ს მოლეკულა სწრაფად დეგრადირდება და უჯრედში მისი დაშლა ხდება. მტკიცება, რომ რნმ-ს ინექცია ადამიანში გრძელვადიან დამოკიდებულებას გამოიწვევს, მიმდინარე კვლევებით არ დასტურდება.

რნმ-ს ექსპერიმენტულ ვაქცინაზე მუშაობა პირველად ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Moderna-მ და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაზაფხულზე დაიწყეს და ვაქცინა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოცდის კლინიკურ ფაზაზე გადავიდა. კორონავირუსის რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინების კანდიდატები პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე ადრე გამოჩნდნენ. ამ ტექნოლოგიის განვითარების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია ფილანტროპი ბილ გეითსიც, თუმცა მას თავის განცხადებებსა და პუბლიკაციებში არსად უთქვამს, რომ აღნიშნული ვაქცინები ადამიანებს უჯრედებს შეცვლის და ვაქცინაზე დამოკიდებულს გახდის.

რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებს მეცნიერები “მომავალი თაობის” ვაქცინებადაც მოიხსენიებენ, რადგან ისინი ტრადიციულ ვაქცინებთან შედარებით უფრო სწრაფი და იაფი დასამზადებელია, ამასთანავე მეტად უსაფრთხოა პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ამჟამად რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინების კვლევები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მეცნიერები მათ პოტენციალს აქტიურად სწავლობენ.

პოსტის გავრცელება და პირველწყარო

2020 წლის 3 ნოემბრის მონაცემებით შორენა შანიძის პოსტს 76 გაზიარება აქვს, პოსტი გავრცელდა ორ ჯგუფში: “კორონა მაფია” და “კორონა აფიორა”. პოსტის პირველწყარო რუსულ ვებ-გვერდზე cont.ws-ზე  განთავსებული სტატიაა, რომლის შინაარსიც ქართული პოსტს ემთხვევა, თუმცა პოსტი სტატიის ძირითად მტკიცებებს უფრო მოკლედ გადმოგვცემს. სტატია გამოქვეყნებულია 19 ოქტომბერს, ვიოლეტა კრიმსკაიას მიერ.

რუსული სტატიის ბმული ძირითადად რუსულენოვან ჯგუფებში გაზიარდა, თუმცა სტატია გაზიარებულია ქართულ ჯგუფებშიც. მათ შორისისა კორონა მაფიასაერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადასარჩენისთვის!კორონა აფიორაანტი-მასონობა„ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO)ანტი-ეკუმენიზმი, “საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist