ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რატომ დაბლოკეს სოციალურმა ქსელებმა ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არ კლავს?

4 აგვისტო, 2020

1 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Mia Million გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თეთრხალათიანი ადამიანები პოზიციონირებენ, როგორც ექიმები და COVID-19-თან ბრძოლაში თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ. ვიდეოპოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსი არ კლავს და ეს ვიდეო სწორედ ამის მტკიცებულებაა. პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ ვიდეოს სოციალურ ქსელებში ბლოკავენ, თუმცა, მისივე თქმით, ვიდეო სენსაციურია და ანგრევს ჯანდაცვის სამინისტროს, ამირან გამყრელიძისა და სხვა ექიმების ვერსიებს COVID-19-ზე. პოსტს 3 000-ზე მეტი გაზიარება აქვს, მათ შორის, 2 აგვისტოს ვიდეო გააზიარა ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, რომელიც კონსპირაციული და დეზინფორმაციული კონტენტით გამოირჩევა. 4 აგვისტოს მდგომარეობით Mia Million-ის გამოქვეყნებული ვიდეო და შესაბამისად მისი გაზიარებებიც ფეისბუქზე აღარ იძებნება.

ასევე, Crowdtangle-ის მონაცემებით, პოსტი ჯგუფებშიც ზიარდებოდა, ერთი და იმავე ჯგუფში პოსტს სხვადასხვა ფეისბუქ პროფილები რამდენჯერმე აზიარებდნენ და ჯამში 24 ასეთი პოსტი იძებნება. Mia Million-ის ვიდეოპოსტი გადააზიარეს შემდეგ ჯგუფებში: “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები!!!”,  “ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი”, “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!”, “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, “ეროვნული ყრილობა ძალა-უფლება ხალს”, “Photo-Fact Georgia”, “საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!”, “კახა კალაძე თბილისის მერი”, “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია”, “აქ სიმართლეა!”, “Stop 5G Georgia”.

""

"

"

"

ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და შემდგომ Twitter-ის Facebook-ისა და Youtube-ის მიერ დაიბლოკა, რადგან შეიცავდა კორონავირუსის ცრუ მკურნალობის რეკლამირებას. ადამიანები, რომლებიც ვიდეოში საუბრობენ, თავს “ფრონტის ხაზზე მდგარ ექიმებს” უწოდებენ, თუმცა მათ შორის არიან ისეთი ექიმები, რომლებსაც COVID-19-თან ბრძოლის პრაქტიკული გამოცდილება არ აქვთ. ამასთან, ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ვიდეოში საუბრობს, 5 წლის წინ ამტკიცებდა, რომ მეცნიერები ამზადებენ ვაქცინას, რომელიც ადამიანებს რელიგიას ჩამოაშორებს.

რა ინფორმაციას შეიცავდა ვიდეო და ვინ იღებდა მასში მონაწილეობას?

ვიდეო ულტრა-მემარჯვენე მედიასაშუალება Breirbart-მა გამოაქვეყნა, რომელიც გასულ კვირაში ვირუსულად გავრცელდა და საბოლოოდ ის ფეისბუქის, ტვიტერისა და იუთუბის მიერ დაიბლოკა. ვიდეოში ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თეთრ ხალათს ატარებენ, თავიანთ თავს ფრონტის ხაზზე მდგარ ამერიკელ ექიმებს (America’s Frontline Doctors) უწოდებენ. თეთრხალათიანები, რომლებიც ექიმებად პოზიციონირებენ, აცხადებენ, რომ პირბადეების ტარება საჭირო არ არის, რადგან COVID-19-ის წამალი არსებობს და მას ჰიდროქსიქლოროქვილი და ზიტრომაქსი კურნავს. ასევე, მათი მტკიცებით, ბავშვები კორონავირუსის მატარებლები არ არიან და შესაბამისად, მათგან დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს. 

როგორც ფეისბუქის სპიკერმა CNN-ს განუცხადა, ვიდეოს წაშლის მიზეზი COVID-19-ის მკურნალობაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელება გახდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა შვილმა დონალდ ტრამპ უმცროსმაც გააზიარეს. მოგვიანებით ტვიტერმა მათი გაზიარებებიც წაშალა. 

America’s Frontline Doctors (AFD)-ის სახელით შექმნილ ადამიანთა გაერთიანებას  კონსერვატული პოლიტიკური ორგანიზაცია Tea Party Patriots Action არეკლამებს და უჭერს მხარს. ვიდეოში მონაწილე თეთრხალათიანთა ჯგუფის ვებსაიტი americasfrontlinedoctors.com 16 ივლისს შეიქმნა, თუმცა დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს. AFD-მ ვიდეო ვაშინგტონში უზენაესი სასამართლოს წინ ჩაწერა და მას პრესკონფერენცია დაარქვა, თუმცა თავად სასამართლოსთან მათ კავშირი არ აქვთ. ვიდეოში გაჟღერებული განცხადებები და თავად ვიდეოს წარმომავლობა უკვე არაერთმა გამოცემამ, მათ შორის ფაქტების გადამმოწმებელმა პორტალებმა FactCheck.org-მა და Snopes-მაც გადაამოწმეს.

ერთ-ერთი ექიმი, სტელა იმანუელი, რომელიც ვიდეოში სიტყვით გამოდის და ჰიდროქსიქლოროქვილის ეფექტიანობაზე საუბრობს, ქრისტიანი პასტორიცაა. იმანუელი ამტკიცებს, რომ მან 350 კოვიდინფიცირებულს უმკურნალა და არც ერთი ფატალური შემთხვევა არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ 5 წლის წინ სტელა იმანუელი ამტკიცებდა, თითქოს სამედიცინო მკურნალობაში უცხოპლანეტელის დნმ გამოიყენება და თითქოს მეცნიერები ამზადებენ ვაქცინას, რომელიც ადამიანებს რელიგიას ჩამოაშორებს. მის სხვა მტკიცებებს შორისაა ისიც, რომ ზოგიერთ დაავადებას გრძნეულები და დემონები იწვევენ: იმანუელის აზრით, დემონები ადამიანებთან სიზმრებში სექსუალურ კავშირს ამყარებენ. სტელა იმანუელი პაციენტებს თაობის წყევლის ლოცვით ახსნასაც სთავაზობს.

AFD-ს წევრებს შორის ასევე არიან პედიატრები და ოფთალმოლოგები, რომელთაგანაც ერთ-ერთს, ჯეიმს ტოდაროს, ექიმის ლიცენზია 2019 წლიდან აღარ აქვს.ამასთან, საიმონ მელისა გოლდი, რომელიც გავრცელებული ვიდეოს დასაწყისში სიტყვით გამოდის, სერტიფიცირებული ექიმია, თუმცა პანდემიის დროს მისი პრაქტიკული მოღვაწეობა არსად დასტურდება.

რა ვიცით ჰიდროქსიქლოროქვილის შესახებ?

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ ვიდეოს შესახებ განაცხადა, რომ მასში მოყვანილი მტკიცებები ფაქტების საწინააღმდეგოა. მისი თქმით, სამეცნიერო მონაცემები, კუმულაციური მონაცემები ტესტირებაზე, კლინიკური ტესტირებები, რომლებიც შესაბამისად კონტროლდებოდა, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჰიდროქსიქლოროქვილი COVID-19-სთვის ეფექტიანი სამკურნალო პრეპარატი არ არის.

არაერთი დადასტურებული კვლევა გამოქვეყნდა, რომ ჰიდროქსიქლოროქვინი და აზიტრომიცინი COVID-19-ის სამკურნალოდ არ გამოდგება. მეტიც, იმ პაციენტებში, ვინც ამ პრეპარატებს იღებდა, უფრო ხშირი იყო გულის უჩვეულო რიტმები და ღვიძლის ფერმენტის მომატებული დონე.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გააუქმა ჰიდროქსიქლოროქვილის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა და განაცხადა, რომ სამეცნიერო მტკიცებულების საფუძველზე ის COVID-19-თან სამკურნალოდ არ გამოდგება. პრეპარატის კოვიდპაციენტებზე გამოცდა შეაჩერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც, იმ მიზეზით, რომ ის სიკვდილიანობას არ ამცირებდა.

არიან თუ არა ბავშვები COVID-19-ის მატარებლები?

არასრულწლოვნებში COVID-19-ის ინფექცია შედარებით მსუბუქად ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამისად ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაბალია, თუმცა როგორც მეცნიერები განმარტავენ, არასრულწლოვნისგან კორონავირუსის გადადების საფრთხე არსებობს. იმაზე, თუ რამდენად მაღალია ვირუსის გადაცემადობა ბავშვებიდან ბავშვებში ან ბავშვებიდან ზრდასრულებში, კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით საბოლოო დასკვნის გამოტანა ვერ ხერხდება, თუმცა სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევით დგინდება, რომ 10-დან 19 წლამდე მოზარდების მიერ ოჯახში COVID-19-ის გავრცელება ისევე ხდება როგორც ზრდასრულებში.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ პროფილი Mia Million 2010 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მისი საჯარო აქტივობა განსაკუთრებით გაზრდილია 2020 წლის პანდემიის ფონზე. Mia Million ხშირად აზიარებს ანტივაქსერულ და კონსპირაციულ პოსტებს ენტონი ფაუჩისა და ბილ გეიტსზე. მას ასევე გაზიარებული აქვს სოროსის საწინააღმდეგო აქციის პოსტებიც, რომელიც 30 ივლისს გაიმართა.

""


მოამზადა მაიკო რატიანმა