როგორ ახშობდნენ საბჭოთა კავშირისთვის შეუფერებელ მუსიკას და ე.წ. დასავლური ცხოვრების წესს?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

73
VIEWS

ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისთვის საზღვარგარეთიდან შემოსული ინფორმაციის გაფილტვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ინფორმაციის გაფილტვრა კონკრეტულ სახელმწიფოში არასასურველი სიახლის ან ამბის დაბლოკვას გულისხმობდა. იმ საზოგადოებაში, სადაც შემოსული ინფორმაცია ფილტრის ეტაპს გადის, იზღუდება იმ ტიპის მასალები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მანამდე გავრცელებულ იდეოლოგიას, მოსაზრებებსა და განწყობებს. ინფორმაციული ფილტრის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ცენზურაა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოები კონკრეტულ მედია საშუალებებს ან ბლოკავდნენ ან მათ მიერ მომზადებულ ინფორმაციას გამოქვეყნებამდე საგულდაგულოდ ამოწმებდნენ.

ინფორმაციის ფილტრაცია და ცენზურა საბჭოთა კავშირში საკმაოდ აპრობირებული მეთოდი იყო. სსრკ-ის ლიდერებს არ აწყობდათ ძირითადად დასავლური სახელმწიფოებიდან იმგვარი ინფორმაცია შემოსულიყო, რომელიც შეარყევდა საბჭოთა ინდივიდის წარმოდგენას ზოგადად რეალობასა და მიმდინარე მოვლენებზე.

ცენზურისა და ინფორმაციის შემოსვლის აკრძალვის თვალსაჩინო მაგალითს საბჭოთა კავშირში დასავლური რადიოს მიმართ დამოკიდებულება წარმოადგენს.

სსრკ-ში სპეციალური სამსახურები არსებობდა, რომლებსაც სწორედ ინფორმაციის გაფილტვრა ევალებოდათ. რადიოს მხრივ სახელმწიფოში ფუნქციონირებდა ე. წ. გოსტელრადიო, რომელიც მთლიანად ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კონტროლით იყო დაკავებული.

1
საბჭოთა რადიოს გადაცემა 1968 წელი

  • გოსტელრადიო 

გოსტელრადიო (სსრკ სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი) საბჭოთა კომუნიკაციების სამსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც ტელემაუწყებლობასთან ერთად რადიოს კონტროლიც ევალებოდა.

თუ რა უნდა გასულიყო საბჭოთა რადიოში და რომელი ინფორმაცია უნდა დაბლოკილიყო, ამაზე სწორედ გოსტელრადიო მსჯელობდა. აღნიშნული სამსახური დეტალურად იკვლევდა ყველა მასალას და მხოლოდ ამის შემდგომ წყვეტდა, ენახა და მოესმინა თუ არა კონკრეტული ინფორმაცია საბჭოთა მოქალაქეს. ეს ყველაფერი იმის მიხედვით წყდებოდა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ინფორმაცია საბჭოთა იდეოლოგიას, სახელმწიფო მიზნებსა და ინტერესებს.

ვინაიდან და რადგანაც გოსტელრადიო ზოგადად იმის მაკონტროლებელი იყო, თუ რას მოისმენდა რადიოთი და ტელევიზიით საბჭოთა მოქალაქე, ის, რა თქმა უნდა, იმითაც ინტერესდებოდა, თუ რა ტიპის ინფორმაცია გადმოიცემებოდა დასავლური რადიოთი და რამდენად მისაღები იქნებოდა მათ მიერ გავრცელებული ამბები საბჭოთა კავშირის ღირებულებებისთვის.

1967 წლის აპრილის გასაიდუმლოებულ მემოში გოსტელრადიო სწორედ დასავლეთიდან შემოდინებულ საფრთხეებზე საუბრობს და ასახელებს იმ კონკრეტულ მექანიზმებს რადიოში, რომლითაც დასავლური სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის დანგრევასა და განადგურებას ცდილობდნენ.

2
გოსტელრადიოს მემოს დასაწყისის ინგლისური ვარიანტი, 1967 წლის 14 აპრილი
მემოს მიხედვით, დასავლეთი ფაბრიკაციითა და ყალბ მეცნიერთა განცხადებებით ცდილობს, რომ საბჭოთა მსმენელთა თვალში სსრკ-ის გავლენები შეარყიოს და დასავლური საზოგადოების უპირატესობა აჩვენოს:

“ჩვენი ერთპარტიული სისტემა სასტიკი შეტევის ქვეშ არის. მსმენელებს ეუბნებიან, რომ სსრკ-ს არ გააჩნია ელემენტარული დემოკრატიული თავისუფლებები, როგორებიცაა სიტყვის, პრესის, შეკრების, რელიგიის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, არჩევითი ორგანოების ნამდვილი წარმომადგენლობა და ა.შ.”

პოლიტიკის გარდა მემო აკრიტიკებს კულტურულ გადაცემებსაც და კულტურის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც იმ პერიოდში დასავლეთიდან სსრკ-ში შედიოდა. გოსტელრადიოს მიხედვით, ასეთი გადაცემები და ასეთი კულტურა (მუსიკა ძირითადად) არ შეესაბამება და არ შეეფერება საბჭოთა ცხოვრების წესს:

“პროგრამები, რომლებიც განუწყვეტლივ რეკლამირებენ ე.წ. დასავლური ცხოვრების წესს – განსაკუთრებით ბურჟუაზიულ კულტურასა და კაპიტალისტურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების მაღალი დონეს – ემსახურებიან იმავე მიზანს. ანტისაბჭოთა ხუმრობებიც ამ თამაშის ნაწილია. საეთერო დრო სავსეა მუსიკით, რომელიც საბჭოთა გართობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა.”

გოსტელრადიოს დოკუმენტი კონკრეტულად ასახელებს მედია საშუალებებსა და მათ გადაცემებს, რომლებიც საფრთხისშემცველია საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა მოქალაქესთვის.

მედია ქვეყანა ავტორი შინაარსი
ამერიკის ხმა იტალია ევგენია გინსბურგი მოსკოველი მასწავლებელი საუბრობს სტალინურ დიდ წმენდაზე
BBC დიდი ბრიტანეთი ახალგაზრდა მოსკოველი პოეტის დასჯა დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის
დოიჩე ველე გერმანია მ. შაგალის ნამუშევრების გამოფენის აკრძალვა სსრკ-ში
  • რადიოცენზურა

მიუხედავად რადიოწამყვანების განცხადებებისა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის დროს თავისუფლები იყვნენ და რაც სურდათ იმას იტყოდნენ, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეს ასე არ იყო. რადიოს წამყვანები უბრალოდ არც კი უშვებდნენ აზრად, რომ გადაცემების დროს რაიმე ანტისაბჭოთა ეთქვათ.

ერთ-ერთ ინტერვიუში საბჭოთა რადიო კომენტატორმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ ის სრულიად თავისუფალი იყო თავის საქმიანობაში, მაშინ როცა დასავლური მედიების წარმომადგენლებს (ამერიკის ხმა) სრული გზამკვლევები ჰქონდათ იმის, თუ რა და როგორ ეთქვათ. “აბსოლუტური თავისუფლება” – ასე დაახასიათა სხვა რადიო კომენტატორმა (ვალენტინ ზორინი) ის დრო, როცა საბჭოთა რადიოში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ინტერვიუში ზორინი სწორედ იმ შეზღუდვების მიზნებზეც საუბრობს, რომელიც საბჭოთა რადიოში არსებობდა, რითიც თავადვე უარყოფს თავისივე მოსაზრებას რადიოში აბსოლუტურ თავისუფლებაზე:

“ინდივიდუალურობის თავისუფლება მხოლოდ დასაშვებია განსაზღვრულ ჩარჩოებში, რომ საზიანო არ იყოს საზოგადოებისთვის… ამიტომ ჩვენ არ ვიწონებდით ნამუშევრებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა და უარყოფდა  კაციობრიობისთვის საერთო მორალურ პრინციპებსა და ღირებულებებს”.

ის, რომ რადიოს ჟურნალისტები (და არც სხვა ტიპის ჟურნალისტები) საბჭოთა კავშირში თავისუფლები არ იყვნენ, ამას მოწმობს თავად სახელმწიფო პირთა განცხადებები და შესაბამის ორგანოთა დოკუმენტები. მაგალითისთვის, გაზეთ პრავდას ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა გოსტელრადიოს ხელმძღვანელის ს. გ. ლაპინის კომენტარი საბჭოთა მედიაზე. მისი თქმით, მედია სრულად აღასრულებს პარტიულ ინტერესებს და არაფერს სხვას. ამავე კომენტარში ნათქვამია, რომ მედიის მაღალი პოსტების წარმომადგენლები ასევე პარტიის წევრებიც არიან, რათა მათ კარგად იცოდნენ კომუნისტური პარტიის მიზნები და რომელიმე კონკრეტულმა მედიამ სსრკ-ის მთავარ მიზნებს არ გადაუხვიოს:

”საბჭოთა ტელევიზია და რადიო, ისევე როგორც ბოლშევიკური პრესა, ყველაფერში კომუნისტური პარტიის პოლიტიკით ხელმძღვანელობს. ჩვენს ტელევიზიასა და რადიოს, ისევე როგორც მთელ საბჭოთა ხალხს, არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზნები, გარდა ქვეყნის წინაშე დასახული და კომუნისტური პარტიის მიერ განხორციელებული მიზნებისა”.

რა თქმა უნდა, საბჭოთა რადიოს კონტროლი მხოლოდ ჟურნალისტთა პარტიულობით ვერ მოხერხდებოდა. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირში დაახლოებით 70000 ცენზორი არსებობდა, რომლებსაც გლავლიტის სამსახური ამზადებდა. მათი დანიშნულება იმის კონტროლი იყო, თუ რა პროდუქტი გამოქვეყნდებოდა საბოლოოდ მედიაში. განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილებულიყო შემდგომი საკითხების შესაძლო გაშუქებაზე: პარტიის და სახელმწიფო პირების შემოსავლები, ბუნებრივი კატასტროფები საბჭოთა კავშირში, პროდუქტთა დეფიციტები, წარსულ სახელმწიფო პირთა სახელის ხსენება (მოლოტოვი, ბულგარინი, ხრუშჩოვი და სხვა).

3

გლავლიტის მიერ პროდუქტის გამოქვეყნების ამკრძალავი ბეჭედი

სსრკ-ში ძირითადად არ არსებობდა პირდაპირი ტრანსლირება, რათა სახელმწიფოს საფრთხისშემცველი ინფორმაციის გაშუქებისაგან თავი დაეზღვია.

  • დახშული რადიო და სიხშირეების ომი

საბჭოთა კავშირისთვის მარტივი იყო, ეკონტროლებინა საკუთარი მედია, თუმცა, რა თქმა უნდა, რადიოს შემთხვევაში ინფორმაცია დასავლეთიდანაც შემოდიოდა, რაც კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა მისი შინაარსის შემოწმების მხრივ, განსაკუთრებით კი ცივი ომის პერიოდში, როცა დასავლეთი და სსრკ აქტიურ დაპირისპირებაში ჩაებნენ.

ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი სპეციალური აპარატურით რადიო სიგნალების დახშობა იყო. 1952 წლიდან 1960 წლამდე საბჭოთა კავშირმა აღნიშნული მოწყობილობის რაოდენობა და მუშაობის ხანგრძლივობა საკმაოდ დიდი თანხის (ათობით მილიონი დოლარი) გაღების შედეგად დაახლოებით 1500-ით გაზარდა.

4
რადიო სიგნალების დამხშობი მოწყობილობები

დახშობის მსხვერპლი ძირითადად დასავლური რადიო გახდა, მათ შორის, BBC, დოიჩე ველე, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლება, რადიო ტირანა და რადიო ვატიკანი. ამასთანავე იბლოკებოდა სხვა მედიებიც: რადიო ბეიჯინგი (ჩინეთი), კოლ ისრაელ (ისრაელი). აღსანიშნავია, რომ დასაბლოკ ხმად შიშინთან ერთად რუსული ხალხური სიმღერები და ბალალაიკა გამოიყენებოდა.

რადიო თავისუფლების დახშობის დროს გამოყენებული მელოდიის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/fByN9tsTFWM.jpg?itok=WntPNolA”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=fByN9tsTFWM”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

“გამარჯობა! ეს არის ნიუ–იორკის ზარი. თქვენ უსმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ხმის პირველ რადიოს.” – აღნიშნული ტექსტით დაიწყო გადაცემა ამერიკის ხმამ რუსულ ენაზე 1947 წელს საბჭოთა კავშირში (ცივი ომის დაწყებიდან 1 წლის შემდგომ). რადიომ მსმენელს საკუთარი მიზნები გააცნო, რაც საბჭოთა ხალხისა და ამერიკელების დაახლოებას და ასევე ამერიკული ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. რა თქმა უნდა, აღნიშნული მიზნები სსრკ ხელისუფლების მიერ მოწონებული არ იყო და მათ ამერიკის ხმის დახშობა შემდგომი წლიდან (1948) დაიწყეს. “მტრების ხმა” – ასე უწოდებდა სსრკ დასავლურ რადიოს, რომელიც, მათი აზრით, საბჭოთა მოქალაქის ტვინის გამორეცხვას ისახავდა მიზნად.

5
რადიოს დამხშობი სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი სამუშაოს შესრულებისას, კაუნასი, ლიეტუვა

სხვადასხვა მეთოდით (ქალაქგარეთ წასვლა) მაინც ხერხდებოდა დახშობისგან თავის არიდება და მოქალაქეთა ნაწილი მაინც ახერხებდა, მოესმინა დასავლური მედიისთვის. საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი პაველ ბალდიცინი იხსენებს, თუ როგორ უსმენდა ალექსანდრე სოლჟენიცინის “არქიპელაგ გულაგს” ამერიკის ხმის საშუალებით მალულად. ადამიანის უფლებათა დამცველი ბორის პუსტინცევი კი აღნიშნავს, რომ ჯაზი სწორედ არალეგალური ამერიკის ხმის მოსმენით შეუყვარდა:

”ძილიც კი არ შემეძლო, უახლესი მუსიკალური პროგრამის მოსმენის გარეშე.”

  • “გადამცემი სადგური ნომერი 5” 

“გადამცემი სადგური ნომერი 5” – ასე უწოდებდნენ თბილისის ჩრდილოეთით 50 კილომეტრში მდებარე საიდუმლო სადგურს, რომლითაც დასავლური რადიო სიგნალები იხშობოდა. აღსანიშნავია, რომ ამ სადგურში მომუშავე ადამიანებს სრულ იზოლაციაში უწევდათ ყოფნა, რათა სადგურის შესახებ არავის არაფერი გაეგოთ. ჩაიხანას გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ეს რადიოსადგური პირდაპირ დავალებებს მოსკოვიდან იღებდა და მას ქართულ წარმომადგენლობასთან შეხება საერთოდ არ ჰქონდა. პროპაგანდისა და ცენზურის საკითხებში პროფესორის ოლეგ პანფილოვის თქმით, აღნიშნული სადგური დასავლური სიგნალების დაახლოებით 40-60%-ს ახშობდა.

6
“გადამცემი სადგური ნომერი 5” (ფოტო: chai-khana.org) 

რადიოს სიგნალების დამშობად მომუშავე ადამიანთა ნაწილი დღემდე იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი ჭყონია აფრანიკი იხსენებს, რომ როდესაც პირველი ასეთი სადგური გაიხსნა, საქართველოში ძირითადად რუსები, უკრაინელები და ბალტიისპირა სახელმწიფოების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რათა ქართველებისთვის სიგნალების დახშობა ესწავლებინათ. მისივე თქმით, ის რამდენჯერმე მიიწვიეს მოსკოვში სხვადასხვა ვორქშოპისთვის, რათა მისი უნარები ამ საქმიანობაში გაუმჯობესებულიყო.

ერთ-ერთი თანამშრომელი ცირა ჩხიხვაძე ასევე იხსენებს:

”გადამცემის სადგურზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩვენი მუშაობა მკაცრად კონტროლდებოდა. თავად სადგური დასახლების გვერდით იყო, მაგრამ იქ მისვლა უსაფრთხოების დამატებით შემოწმებას საჭიროებდა. მახსოვს, ერთ დროს [კომუნისტური პარტიის] საოლქო კომიტეტის ადგილობრივი მდივანი გვეწვია და თვითონაც არ იცოდა, რას მოიცავდა ჩვენი სამუშაო. არცერთ ჩვენგანს არასდროს ჰქონია სამუშაოზე გადაღებული ფოტოსურათი, რადგან ეს აკრძალული იყო.”

7
სადგურზე მომუშავე დედა-შვილი. შვილს სწორედ სადგურის სოფელში მოუწია გაზრდა. მისი თქმით, ბავშვობიდან იცოდა, რომ ეს ჩვეულებრივი სოფელი არ იყო. (ფოტო: chai-khana.org) 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist