ისტორია

როგორ ამართლებს Geworld და კრემლის ექსპერტი ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა რეპრესიებს?

9 ივლისი, 2020

30 ივნისს  ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა კრემლთან აფილირებული ებრაელი ექსპერტის იაკობ კედმის ინტერვიუ, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა გადასახლებები მცირე მასშტაბებით მიმდინარეობდა, რეპრესიები კი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი იყო. კედმი აღნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმი ბალტიის ქვეყნებში სინამდვილეში ადგილობრივ ფაშისტებს დევნიდა, რაც “ჩვეულებრივი აქცია” იყო. მისივე თქმით, რეპრესიები რბილიც კი იყო, რადგან ჩამოხრჩობის ნაცვლად ბალტიის ქვეყნების მცხოვრებლები ციხეში ჩასვეს, ნაწილი კი გადაასახლეს. 

საქართველო და მსოფლიო, 30 ივნისი, იაკობ კედმი, პოლიტოლოგი ისრაელიდან: "1939 წელს ბალტიისპირეთიდან სულ დეპორტირებული იყო 45 ათასი ადამიანი. 15 ათასი ციხეში ჩასვეს _ ყოფილი პოლიციელები, სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელები და ისინი, ვინც ამა თუ იმ პროფაშისტურ პოლიტიკას განახორციელებდა. ეს იყო ჩვეულებრივი აქცია, რომელსაც ყველა სხვა ქვეყანა მიმართავდა _ ინგლისი, საფრანგეთი. მოვიდა ახალი ხელისუფლება! საბჭოთა ხელისუფლებამ ის “ამხანაგები”, რომლებმაც ლიეტუვაში 1926 წლის გადატრიალების შემდეგ კომუნისტების ხელმძღვანელობა ერთიანად დახვრიტა, ციხეში ჩასვა. სულ ეს იყო. კლასობრივ მტრებს მაშინ ასე ეპყრობოდნენ. _ ამას ჰქვია საშინელება, დეპორტაცია?! 1949 წლის “ტერორი” ვის წინააღმდეგ იყო მიმართული? “ტყის ძმების” წინააღმდეგ, ნაცისტების ხელშემწყობთა წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ ყველანი უკლებლივ ჩამოეხრჩოთ, ციხეში ჩასვეს, ნაწილი გადაასახლეს. შემდეგ ისინი დაბრუნდნენ. საკვირველია, როგორ დადიან თავისუფლად ამ დედამიწაზე ისინი, ვინც ეს–ეს–ის ნაწილებში მსახურობდნენ?!”

ბალტიის ქვეყნებში რეპრესიებს ძირითადად შეეწირნენ დამოუკიდებლობის მომხრე, ლეგიტიმურ მთავრობასთან დაკავშირებული ანტისაბჭოთა განწყობების მქონე პირები, რომლებიც ნაცისტური ოკუპაციის დაწყებამდეც და მისი დასრულების შედეგაც სსრკ-ს გავლენებს ეწინააღმდეგებოდნენ. საერთო ჯამში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის მსხვერპლთა რაოდენობა მხოლოდ 1940-1941 წლებში ლატვიაში - 34000, ესტონეთში - 60000, ლიეტუვაში კი 75000 იყო. პირველი და მეორე ოკუპაციის დროს ჯამში მხოლოდ ლიეტუველების წინააღმდეგ განხორციელდა 35 მასობრივი ოპერცია, 130000 გადასახლებულიდან 70% კი ქალი და ბავშვი იყო. 

  • წინაპირობები პირველი ოკუპაციისთვის

მას შემდეგ, რაც სსრკ-მ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესრულება დაიწყო, პირველ ეტაპზე 1939 წლის 28 სექტემბერს, 5 და 10 ოქტომბერს ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის ხელისუფლებებმა საბჭოთა დიპლომატიური წნეხის ქვეშ ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ომის განმავლობაში ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებას ითვალისწინებდა. დოკუმენტში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ გარდა სამხედრო თანამშრომლობისა, შეთანხმება არ იქონიებდა არანაირ გავლენას ქვეყნების სუვერენიტეტზე, განსაკუთრებით კი მათ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურაზე. 

1939 წლის 30 ნოემბერს ფინეთში შეჭრამ და ზამთრის ომის დაწყებამ, დროებით შეაჩერა ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის პროცესი, თუმცა ზამთრის ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი სამი ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუქმებაზე სრულად კონცენტრირდა. 1940 წლის 14 და 16 ივნისს საბჭოთა ხელისუფლებამ ლიეტუვის, ესტონეთსა და ლატვიას წაუყენა ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც მათ ორმხრივი შეთანხმების პირობები დაარღივეს და საჭირო იყო მათ ტერიტორიაზე საბჭოთა დამატებითი ძალების განთავსება. თანხმობის მიღებისა და ჯარების შეყვანის შემდეგ, ჩატარდა არჩევნები, რომლებშიც საბჭოეთის უხეში ჩარევის შედეგად მოქმედი მთავრობები მარიონეტულით ჩანაცვლდა, შედეგად ახალმა ხელისუფლებებმა სსრკ-ში გაწევრიანებისთვის თხოვნით მიმართეს საბჭოთა ხელისუფლებას,  1940 წლის აგვისტოში სსრკ დაეთანხმა მათ თხოვნას და ბალტიის ქვეყნები საბჭოთა კავშირში მიიღეს. 

  • რეპრესიების პირველი ტალღა

რაც შეეხება რეპრესიებს, პირველი ტალღა ამ სამ ქვეყანაში ჯერ კიდევ 1940 წელის ივნისში მიმდინარეობდა, როცა ანტისაბჭოთა განწყობების მქონე მაღალჩინოსნებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს ასახლებდნენ, თუმცა მასიური სახე 1941 წლის 13-14 ივნისის ღამეს მიიღო, როდესაც NKVD-ს საიდუმლო ოპერაციის განხორციელება დაიწყო, ლიეტუვიდან დააპატიმრეს ან გადაასახლეს 34000 ქალი, კაცი და ბავშვი (უმეტესად მთლიანად ოჯახები), ლატვიიდან - 15500, მათ შორის 10 წლამდე 2400 ბავშვი, ესტონეთიდან - 10000 მოქალაქე. დაკავებული და გადასახლებული ადამიანების უმეტესობა დაკავშირებული იყო ლეგიტიმურ მთავრობებთან და წარმოადგენდა ყველა სოციალურ კლასს, მათ შორის პროლეტარიატს. საერთო ჯამში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის მსხვერპლების რაოდენობა 1940-1941 წლებში ლატვიაში - 34000, ესტონეთში - 60000, ლიეტუვაში კი 75000 იყო. სამივე ქვეყანაში 14 ივნისი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების მოგონების დღეა

“...მამა ოჯახის დანარჩენი წევრებს პალდისკში მოაშორეს და წაიყვანეს სევურალაგში, სადაც 1943 წელს გარდაიცვალა, დედა და ხუთი შვილი კი კიროვის მხარეში, ნაგორსკში გადაიყვანეს, სადაც ბარაკებში ცხოვრობდნენ და შიმშილით იტანჯებოდნენ, უფროსი ძმისა და დედის გარდა, ყველა ბავშვი სავაადმყოფოში მოხვდა, სადაც ყველაზე პატარა, 16 წლის ფელიქსი გარდაიცვალა.”

 

ამონარიდი ერიკა პალმიპუს ისტორიიდან, ერიკას დედა სამ შვილთან ერთად 1943 წელს ციმბირიდან გამოიქცა ესტონეთში, სადაც 1947 წელს დეპორტაციების მეორე ტალღის დროს კვლავ დაიჭირეს და გულაგში დააბრუნეს. წყარო - gulag.online

"

საბჭოთა კავშირის ძალადობრივი მეთოდებისა და სუვერენიტეტის გაუქმების შედეგად, ბალტიელებისთვის 1941 წლის ივნისის ბოლოს მათ ქვეყნებში ვერმახტის ძალების შესვლა განთავისუფლებისა და კვლავ დამოუკიდებლობის შანსი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ბელარუსთა ერთად ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია ახალ გეოგრაფიულ ერთეულად, ოსტლენდად, გამოაცხადეს, პრონაცისტური განწყობები შესუსტდა. ნაცისტური რეჟიმის დროს დაიღუპა ბალტიელი ებრალების უდიდესი ნაწილი, მათ გარდა, ამ პერიოდში სიკვიდილით დასაჯეს 35 000 ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი.

  • ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბალტიის სამივე ქვეყანაში იქმნებოდა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მებრძოლი მიწიქვეშა ორგანიზაციები, ლატვიაში 1943 წლის 13 მარტს შექმნილმა ლატვიის ცენტრალურმა საბჭომ 1944 წელს 17 მარტს 189 პოლიტიკური ლიდერის ხელმოწერით შექმნილი დეფაქტო სუვერენიტეტის აღდგენის მემორანდუმიც მიიღო. ამავე მიმართულებით მუშაობდა 1943 წლის 25 ნომებრეს დაარსებული ლიეტუვის გათავისუფლების უმაღლესი კომიტეტიც. რაც შეეხება ესტონეთს, 1944 წლის მარტში ესტონეთის რესპუბლიკის ეროვნული კომიტეტი დაარსდა, რომელმაც პირველ აგვისტოს თავი ესტონეთის უმაღლეს ხელისუფლებად, მისი მეთაური იური ულოუტსი კი სახელმწიფოს მეთაურად დაინიშნა. 

მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, 1944 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირმა ბალტიის ტერიტორიის ხელახალი ოკუპაცია დაიწყო, რასაც თან სდევდა წინა შემთხვევაზე უფრო სასტიკი რეპრესიები, პარტიზანებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დევნამ, გადასახლებამ და სიკვდილით დასჯამ მოსახლეობის 9%-ზე იქონია გავლენა, სსრკ აპატიმრებდა და სჯიდა ყველას, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობაში შეიმჩნეობდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს თანამშრომლობა იძულებითი იყო თუ საერთოდაც გამოგონილი. ანტისაბჭოთა ელემენტების 1944 წელს დაწყებულმა დევნამ კულმინაციას 1949 გაზაფხულზე მიაღწია.

1945 წლის აგვისტოსა და სექტემბერში - 60000, 1946 წლის თებერვალში კი 40000 ლიეტუველი გახდა მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლი, 1945-1946 წლებში 60000 ადამიანი გადააასახლეს ლატვიიდან. 1948 წლის მაისში კი ოპერაცია “გაზაფხული”(ოპერაცია “ვესნა”) მხოლოდ  ლიეტუველებისთვის ჩატარდა, რადგან წინააღმდეგობის მოძრაობა კვლავ ყველაზე ძლიერი სწორედ აქ რჩებოდა. ითვლება, რომ ლიეტუველების წინააღმდეგ განხორციელებულმა 35-მა დეპორტაციის ოპერაციამ ჯამში 130 000 ადამიანი იძულებით გადაასახლა სხვადასხვა შრომით ბანაკში, მათი 70% ქალები და ბავშვები იყვნენ. 

  • გადასახლება კოლექტივიზაციის სახელით

1949 წლის 24 მარტს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე კიდევ ერთი მასობრივი დეპორტაცია, რაც მიზნად ამ სახელმწიოფოების სრულ კოლექტივიზაციას ისახავდა, სწორედ ამიტომ გადასახლებულები “გაკულაკებული” ფერმერები იყვნენ.  გასადახლებულთაგან ყველაზე მწირეცლოვანი რამდენიმე თვის, ხნიერი კი 95 წლის იყო.

1949 წლის მარტში დეპორტირებულები ეროვნების, ასაკისა და სქესის მიხედვით

ქვეყანა ოჯახები ადამიანები კაცი ქალი ბავშვი
ესტონეთი 7471 20480 4566 9866 6048
ლატვია 14173 41708 11135 19535 11038
ლიეტუვა 8985 28656 8929 11287 8440
ჯამი 30629 90844 14630 40688 25526

წყარო

წყაროს შესახებ

იაკობ კედმი 1992-1999 წლებში ხელმღვანელობდა ორგანიზაცია “Nativ-ს,” რომელიც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს სამშობლოში აბრუნებდა. ხელმძღვანელობის ბოლო წლებში ორგანიზაცია რამდენიმე კორუფციულ სკანდალში გაეხვია, რის გამოც პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

მოგვიანებით კედმი რუსული სატელევიზიო პოლიტიკური შოუების ხშირი სტუმარი გახდა, თავის გამოსვლებში იგი ამართლებს რუსეთის ქმედებებს სირიაში, რეგულაურად აკრიტიკებს უკრაინას და ანტისემიტიზმში ადანაშაულებს მას. ასევე მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს შემწყნარებლობა და დროულად დაუპირისპირდეს რუსოფობიას. 2018 წელს კედმი პუტინს აშშ-ის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. 

საქართველო და მსოფლიომ ადრეც გამოაქვეყნა კედმის ინტერვიუ, სადაც ის ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული კრემლის პროპაგანდისეულ ნარატივს იმეორებდა და ბრალს სდებდა ევროპას საბჭოთა კავშირის როლის დაკნინებაში და მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ნაციონალური პარტიზანული ძალების განდიდებაში.


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მედიაწიგნიერეის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი