სხვადასხვა

როგორ ებრძვის შვედეთი დეზინფორმაციას

2 სექტემბერი, 2019

Disinfo Portal-ის მასალა

გასული წლის სექტემბერში შვედეთის მოქალაქეებმა ახალი ხელისუფლება აირჩიეს. არჩევნებამდე დეზინფორმაციების კამპანიები დაფიქსირდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში, აშშ-სა და საფრანგეთში, რის გამოც შვედეთმა თადარიგის დაჭერა გადაწყვიტა და  დეზინფორმაციულ ოპერაციებთან საბრძოლველად უკეთ მოემზადა. ამ განახლებულ მიდგომაში შვედეთის რუსეთთან გეოგრაფიულმა სიახლოვემაც ითამაშა თავისი როლი.

შვედეთი წარსულშიც დიდ ყურადღებას აქცევდა საგარეო გავლენებს, 1940 წელს შვედეთის მთავრობამ დააარსა ე.წ. “ინფორმაციის სააგენტო”, რომელსაც ევალებოდა “ანტი-შვედური პროპაგანდის” წინააღმდეგ ბრძოლა. ცივი ომის პერიოდში საგარეო გავლენისგან თავის დასაცავად “საინფორმაციო საააგენტოს” მსგავსი სამთავრობო სააგენტოც მუშაობდა. 

დღესდღეობით, დეზინფორმაციული ოპერაციებისგან მოქალაქეების დაცვას შვედეთის სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების სააგენტო (Swedish Civil Contigencies Agency (MSB)) ახორციელებს. MSB-ს 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოტენციური საგარეო გავლენების შესახებ გამოცემული აქვს არაერთი ანგარიში, როგორც პერსონალურად მთავრობისთვის, ასევე ფართო აუდიტორიისთვის. პუბლიკაციები მოიცავდა შვედეთის მედია გარემოს შეფასებასა და ფაქტებს ზეგავლენის ოპერაციების შესახებ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის მაისში ევროკავშირის პარლამენტის არჩევნების დროს,  MSB-მ ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერა და უცხოური ძალების ზეგავლენის კამპანიების დაძლევაში დაეხმარა როგორც პოლიციასა და საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე სამთავრობო უწყებებს. ამასთან, სააგენტოს მუშაობამ ხელი შეუწყო შვედეთის საინფორმაციო სივრცის მნიშვნელოვან აქტორებს, შესაბამისი ორგანოებისათვის ეცნობებინათ პოტენციური დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ.

ფსიქოლოგიური თავდაცვა

2018 წლის აგვისტოში შვედეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფვენმა “ფსიქოლოგიური თავდაცვის” განვითარებისა და კოორდინირებისთვის სპეციალური კომიტეტი დანიშნა, რომელმაც თავის მხრივ ახალი სააგენტო შექმნა. არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ლოფვენის მთავრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში,  გამოიყო 60 მილიონი შვედური კრონა (5.63 მილიონი ევრო), რათა გაუმჯობესებულიყო შვედეთის მოქალაქეების გამძლეობა დეზინფორმაციულ ოპერაციებთან მიმართებით.

სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებდა ისეთ ინიციატივებსაც, როგორებიცაა შვედეთის მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებში ზეგავლენის კამპანიების რისკების შესახებ ცნობიერების გაზრდა. შვედეთის მთავრობა ონლაინ დეზინფორმაციის გავლენების განსახილველად იწვევდა მეინსტრიმულ და სოციალურ მედიასაც. მაგალითისთვის, იმდროინდელი დიგიტალიზაციის მინისტრი პიტერ ერიკსონი Facebook-თან “ცხელი ხაზის” შესაქმნელად მუშაობდა, რომლის საშუალებითაც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ზემოთხსენებული MSB და შვედეთის პოლიტიკური პარტიები Facebook-ს პრობლემური კონტენტის შესახებ დროულად შეატყობინებდნენ.

ავტომატური ფაქტ-ჩეკინგი

შვედეთში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალი ციფრული პლატფორმის შექმნა. პლატფორმა სიახლეების გასაფილტრად სამ ფუნქციას მოიცავს: “ახალი ამბების შეფასების ავტომატიზირებული სერვისი”, “პერსონალიზირებული ხელსაწყო” საინფორმაციო ბუშტისგან თავის დასაღწევად და “ფაქტების ასისტენტი” ფაქტ-ჩეკინგის პროცესის ავტომატიზაციისთვისა და ყალბი ამბების ამოცნობისთვის.

სახელმწიფო მედიის საბჭომ სკოლის მოსწავლეებზეც იზრუნა და პროპაგანდის შესახებ ახალი სასწავლო მასალები დანერგა, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეების “ვიზუალური წიგნიერების” გაუმჯობესებას. აღნიშნული სწავლება მათ ეხმარება ფოტომანიპულაციებისა და სხვა სახის პროპაგანდისტული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში.

შვედეთი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ინიციატივებშიც, მათ შორის თანამშრომლობს NATO Strategic Center of Excellence-თან და ევროკავშირის East StratCom-ის გუნდთან.

რთულია განვსაზღვროთ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აქვს თუ არა პირადაპირი ეფექტი შვედეთზე, თუმცა, Institute for Strategic Dialogue-ის და Institute of Global Affairs at the London School of Economics-ის ერთობლივი ანგარიშის თანახმად შვედეთის საპარლამენტო არჩევნებზე კოორიდინირებული დეზინფორმაციული კამპანია არ დაფიქსირებულა.