პოლიტიკა

როგორ გააყალბა “პოლიტიკანომ” ჰიტლერზე Foreign Affairs-ის სტატიის კონტექსტი?

31 იანვარი, 2020

28 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “Politicano • პოლიტიკანო” გაავრცელა ამერიკული ჟურნალის Foreign Affairs-ის სტატიის სათაურის სქრინი, სადაც მხოლოდ ჟურნალის სახელწოდება, ნომერი, გამოქვეყნების თარიღი და სტატიის სათაური ჩანს. სათაურიდან გამომდინარე “Will Hitler Save Democracy? (გადაარჩენს ჰიტლერი დემოკრატიას?)” “პოლიტიკანო” ამტკიცებს, რომ გამოცემა Foreign Affairs 1939 წელს დემოკრატიის გადარჩენის იმედს ჰიტლერზე ამყარებდა. დამატებით ინფორმაციას სტატიის შინაარსზე “პოლიტიკანო” არ გვაწვდის, ხოლო პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Foreign Affairs-ის სტატიაში ჰიტლერი დადებით კონტექსტშია განხილული.

"

რეალურად, სტატია, რომლის სათაური შეკითხვის ფორმით არის დასმული (“გადაარჩენს ჰიტლერი დემოკრატიას?”) 20-წლიანი უმოქმედობის შემდეგ, რაც ჰიტლერის პოლიტიკას უკავშირდება, დემოკრატიული საზოგადოების გამოღვიძებაზე საუბრობს. სტატიის ავტორი საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მათ 1939 წლამდე ფაშიზმისა და ნაციზმის აღზევებას ხელი სათანადოდ ვერ შეუშალეს. ამდენად “პოლიტიკანოს” ფეისბუკ სტატუსი მანიპულაციურია და სათაურის მასალის შინაარსის გარეშე მიწოდებით აუდიტორიის შეცდომაში შეჰყავს.

რას წერს სტატიის ავტორი ჰიტლერსა და დემოკრატიაზე?

Foreign Affairs-მა1939 წლის აპრილში, მე-17 გამოცემის, მე-3 ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით ““Will Hitler Save Democracy? (გადაარჩენს ჰიტლერი დემოკრატიას?)”. სტატიის ავტორი ანონიმია და მოხსენიებულია როგორც “C”.

სტატია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შეფასებით იწყება. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პოსტსაომარი ვითარება 20 წლის განმავლობაში ეფუძნებოდა მოკავშირეების დეფიტიზმს (defeatism - პესიმიზმი, დამარცხების მიმღებლობა წინააღმდეგობის გარეშე), რამაც მსოფლიოში იგივე ავტოკრატია მოიყვანა, რაც 20 წლის წინ დაამარცხეს. როგორც ავტორი განმარტავს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს გადაჭარბებული წარმოდგენები ჰქონდათ ჰიტლერზე და მისი რეჟიმის შესაძლებლობებზე, ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ახალი ომი და ამის ფონზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რაც ჰიტლერს უფრო მეტად აძლიერებდა. ერთი სიტყვით, ავტორი საფრანგეთსა და ბრიტანეთს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მოკავშირეების დეფიტიზმი ანუ უიმედობის განცდა, თითქოს მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია და სჯობს დათმობებზე წახვიდე, გერმანიაში ნაციონალიზმის აღზევების ხელშემწყობი მიზეზი გახდა.

"

სტატიის მიხედვით, დემოკრატიულმა ლიდერებმა გვიან გააცნობიერეს, რომ მთავარი კონფლიქტი ერთ მხარეს მდგარ გერმანულ და იტალიურ ნაციონალიზმში, ხოლო მეორე მხარეს კომუნიზმში კი არ იყო, არამედ ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის მთავარი პრინციპები ძალიან ჰგავდა კომუნიზმის პრინციპებს. რეალურად ეს ტოტალიტარული რეჟიმები ერთობლივი ძალებით დემოკრატიულ პრინციპებთან იდეოლოგიურ ომში იმყოფებოდნენ.

სტატიის ავტორის აზრით, მსოფლიო დემოკრატია 1939 წელს როგორც იქნა აცნობიერებს ნაციონალ-სოციალიზმისა და ფაშიზმის საფრთხეს და ცდილობს თავისუფლების პრინციპები დაიცვას. მისი თქმით, ჰიტლერის პოლიტიკური აქტივიზმის ყველაზე საინტერესო ფენომენი სწორედ ის არის, რომ მისმა ქმედებებმა დემოკრატიულ ხალხებს შორის თავდაცვითი სოლიდარობის უპრეცედენტო მანიფესტაცია განაპირობა. ავტორი თვლის, რომ ჰიტლერმა გამოაღვიძა ევროპაში მიძინებული დემოკრატია.

“ეს იყო მათი [დემოკრატიული სახელმწიფოების ხალხის] ლიდერების დაყოფა და დეფიტიზმი, რამაც ჰიტლერი უზენაესად აქცია. ვუდრო უილსონმა სცადა პოსტსაომარი მსოფლიო იდეალიზმის გარშემო გაეერთიანებინა, თუმცა მსოფლიო ამისთვის მზად არ იყო. უდიდესი პარადოქსი იქნება თუ სწორედ ჰიტლერი გახდება ის პიროვნება, რომლის სახელმწიფო მოღვაწეობაც საბოლოოდ "მსოფლიოს უსაფრთხოს გახდის დემოკრატიისთვის" - განმარტავს სტატიის ავტორი.

“პოლიტიკანოს” შესახებ

“პოლიტიკანოს” ფეისბუქ გვერდი 2014 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა. გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. “მედიის განვითარების ფონდის” ანტიდასავლური პროპაგანდის 2017 და 2018 წლების ანგარიშების მიხედვით, პოლიტიკანო ხშირად მიმართავს ისტორიის გაყალბებისა და საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივების მეთოდებს.

“პოლიტიკანოს” გავრცელებულ ამბებზე “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები იხილეთ ბმულზე


მოამზადა მაიკო რატიანმა

პროფილები: