მიგრანტები

რომელი ქვეყნებია რეალურად ფოტოზე, რომელსაც “აზიმუტი” შვედეთს მიაწერს?

27 იანვარი, 2020

2020 წლის 25 იანვარს ფეისბუკ გვერდმა აზიმუტი გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც შვედეთში გამართულ დემონსტრაციებს შეეხებოდა. გვერდმა პოსტს სხვადასხვა ფოტო დაურთო, რომელიც შვედეთის დროშის დაწვას და ძალადობრივ ელემენტებს შეიცავდა და აღნიშნა, რომ შვედურმა სოლიდარობამ და ტოლერანტობამ სახელმწიფო დღეს ასეთ ძალადობრივ შედეგებამდე მიიყვანა.

აზიმუტი: “შვედური სოლიდარობა" აი ასე გამოიყურება შვედური ტოლერანტობა დღეს! გთავაზობთ მასალებს რამოდენიმე უბნიდან! ეს ფოტოები უშუალოდ დედაქალაქ სტოქჰოლმშია გადაღებული. ამ უბნებში ე. წ (წითელ ზონებში) პოლიცია ვერ ბედავს შესვლას, არ მუშაობს პარკირების სამსახური და არცერთი ძალოვანო ორგანო.”

აზიმუტის მიერ გავრცელებულ პოსტს მრავალი კომენტარი მოჰყვა, რომლებიც ისლამოფობიურ, ქსენოფობიურ და ანტილიბერალურ ნარატივებს ემყარებოდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფოტო, რომელიც შვედეთის დროშის დაწვას ასახავდა, აზიმუტის პოსტს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ეს ინციდენტი შვედეთში მოხდა.

"

Google-ის საძიებო სისტემით ფოტოების გადამოწმების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ფოტოებიდან ერთი არა შვედეთში მიგრანტების ძალადობას, არამედ პაკისტანში 2013 წლის პროტესტს, ხოლო მეორე 2010 წელს  ბანგლადეში შვედი კარიკატურისტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას - დროშის დაწვას ასახავს.

""

ფოტომანიპულაცია 1 - აქციები პაკისტანში (2013წ.)

"
აზიმუტის მიერ გამოყენებული ფოტო

აზიმუტის მიერ გამოყენებულ ერთ-ერთ ფოტოზე არა შვედეთის მოვლენები, არამედ პაკისტანში 2013 წელს გამართული ერთ-ერთი აქცია იყო ასახული. აქციები ლაჰორში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ქრისტიანმა ისლამის ლიდერი დაგმო და შედეგად მუსლიმთა გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნული ქმედება პაკისტანში აკრძალულია, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავსს მოვლენებს ხალხის დემონსტრაციებიც მოსდევს და ხშირად ეს ყველაფერი ძალადობაში გადაიზარდება ხოლმე. დემონსტრაციის მონაწილები სწორედ იმ კაცის სახლთან შეიკრიბნენ, რომელმაც ისლამის ლიდერი დაგმო და პოლიციისგან საჭირო ზომის მიღებას ითხოვდნენ. აქციას ძალადობრივი განვითარება  და მიმდებარე ტერიტორიის დაზიანება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანში ხშირია მსგავსი ტიპის აქციები, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე წარმოიქმნება, თუმცა აზიმუტი ამ კონკრეტულ ფოტოს შვედეთში მიგრანტთა დემონსტრაციებს უკავშირებს, რაც შეცდომაში შემყვანია და რეალობას არ შეესაბამება.

ფოტომანიპულაცია 2 - აქცია ბანგლადეშში (2010წ.) 

"

აზიმუტის მიერ გავრცელებულ მეორე ფოტოში ისლამურ ტანის სამოსში ჩაცმული პირები შვედეთის დროშას წვავენ, თუმცა აღნიშნული აქცია არა შვედეთში, არამედ 2010 წელს ბანგლადეშსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში გამართული აქციების ნაწილია.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ზე (ერთ-ერთ გვერდზე) დაიწყო კონკურსი სახელწოდებით “დღე როდესაც ყველა ხატავს მუჰამედს”. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შვედმა არტისტმა ლარს ვილკსმაც მიიღო, რომელმაც ისლამისთვისა და მუსლიმებისთვის საკმაოდ შეურაცხმყოფელი კარიკატურა გამოაქვეყნა. აღნიშნულ კონკურსს და ნამუშევარს სხვადასხვა ისლამურ სახელმწიფოში დემონსტრაციები მოჰყვა, ზოგიერთ ქვეყანაში კი დროებით ფეისბუკის კი აიკრძალა (ბანგლადეში, პაკისტანი).

აზიმუტის მიერ გავრცელებული ფოტო მასზე შვედეთის დროშით სულაც არ ასახავს სტოქჰოლმს ან რომელიმე სხვა ქალაქს. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე დემონსტრაციის მონაწილეები შვედეთის დროშას იმის გამო წვავენ, რომ არტისტი ლარს ვილკსი სწორედ შვედეთიდანაა.

მსგავსი ტიპის აქცია 2010 წელს ინდონეზიაშიც გაიმართა, სადაც მონაწილეებმა შვედეთის დროშა დაწვეს და ამ ფორმით ლარს ვილკსის კარიკატურა გააკრიტიკეს.

"
კუალა ლუმპური, მალაიზია - პროტესტი ლარს ვილკსის წინააღმდეგ


პროპაგანდის მეთოდი

ფოტომანიპულაცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და არსებული სტერეოტიპების კიდევ უფრო გასამყარებლად პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ვიდეომანიპულაციასთან ერთად, ფოტომანიპულაციებს მკთხველზე/მნახველზე დიდი გავლენა აქვს, რადგანაც მასზე ვიზუალური და ემოციური ზემოქმედება ხდება.

წყაროს შესახებ

Facebook გვერდი „აზიმუტი” 2017 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაში გვერდს მითითებული აქვს, რომ ის ემსახურება სამხედრო ანალიტიკურ მიმართულებას და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ მოსახლეობის ინფორმირებას. გვერდი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან იმართება და სხვადასხვა ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს. 


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

პროფილები: