ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რუსეთი Google-სგან იმ სტატიის დაბლოკვას ითხოვს, რომელიც კორონავირუსის სტატისტიკის გაყალბებას ეხება

29 მაისი, 2020

The Moscow Times-ის მიხედვით

რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა “როსკომნადზორმა” Google-ს მოსთხოვა დაბლოკოს რუსული საინფორმაციო ვებ-გვერდის მიერ მომზადებული სტატია, რომელშიც Financial Times-ის ანგარიშის საფუძველზე რუსეთის მიერ ახალი კორონავირუსით გადაცვლილთა შესაძლო არასწორ აღრიცხვაზეა საუბარი. 

როსკომნადზორმა განაცხადა, რომ გამოიკვლია Financial Times-სა და The New York Times-ის ანგარიშები, სადაც გაანალიზებული იყო სიკვდილიანობის ოფიციალური მონაცემები რუსეთში და მათი აღრიცხვის სისწორე.

იმავე დღეს როსკომნადზორმა წერილი გაუგზავნა Google-ს  და მოსთხოვა FT-ის ანგარიშის საფუძველზე MBKh Media-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის იმ მონაკვეთის (სათაურის) დაბლოკვა, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ რუსეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს დაახლოებით 70%-ით აღემატებოდა. Google-მა MBKh Media-ს აღნიშნული წერილის შესახებ თავად შეატყობინა.

“დარწმუნებული ვარ, რომ სტატიის მონაცემების წაშლა წმინდად პოლიტიკური ცენზურის გამოხატულებაა,” - განაცხადა  MBKh Media-ს მთავარმა რედაქტორმა, ვერონიკა კუცილომ და დასძინა, რომ მედია საშუალება სტატიას არ წაშლიდა. 

რუსმა დეპუტატებმა ფედერალურ პროკურორებს მოსთხოვეს MBKh Media-ას და აშშ-ს მიერ დაფინანსებული რუსულენოვანი მედია საშუალებების - Current Time-სა და Kavkaz.Realii-საქმიანობის შესწავლა, რადგან NYT-სა და FT-ის ანგარიშები მათაც გააშუქეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ სტატიებს დეზინფორმაციული უწოდა და FT-სა და NYT-ს მათი წაშლამოსთხოვა. ზახაროვას თქმით, საჩივრის წერილები ასევე გაეგზავნებათ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, იუნესკოს გენერალურ დირექტორს და გაეროს სამდივნოს. 

FT-ს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო NYT საკუთარი ანგარიშის წაშლას არ აპირებს.

15 მაისის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა 10-ჯერ უფრო ნაკლები სიკვდილიანობაა დაფიქსირებული ვიდრე ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში თუ ესპანეთში, კერძოდ, ქვეყანას 262843 ინფიცირებული და 2418 გარდაცვლილი ჰყავს. 

კრიტიკოსები რუსეთს კრიზისის მასშტაბურობის დამალვის მიზნით გარდაცვლილთა არასრულ აღრიცხვაში ადანაშაულებენ. სახელმწიფო სტრუქტურები სტატისტიკის გაყალბებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღრიცხავენ გარდაცვალების მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ კორონავირუსით იყო გამოწვეული. სახელმწიფო ასევე აცხადებს, რომ სანამ პანდემია რუსეთში შეაღწევდა,  დასავლეთ ევროპის გამოცდილება შეისწავლეს. 

მოსკოვის სამოქალაქო რეესტრის ოფისის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აპრილში ქალაქში 20%-ით მეტი სიკვდილიანობაა დაფიქსირებული გასულ ათწლეულში, აპრილის საშუალო სიკვდილიანობის მაჩვენებელთან შედარებით. The Moscow Times ის მიერ პირველად გამოქვეყნებული მონაცემებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალაქში გაზრდილი სიკვდილიანობა კორონავირუსთან არის დაკავშირებული.